Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის განცხადებით, ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ირანელი მეცნიერი ნებაყოფლობით იმყოფება აშშ-ში


შეერთებული შტატების განცხადებით, ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი, რომელიც, ირანის მტკიცებით, ამერიკელმა აგენტებმა მოიტაცეს, საკუთარი ნებით იმყოფება შეერთებულ შტატებში და, თუ სურს, ამ ქვეყნიდან გამგზავრებაც შეუძლია. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან ფილიპ კროულის თქმით, შაჰრამ ამირი შეერთებულ შტატებში ნებაყოფლობით არის ჩასული და, ბუნებრივია, ამ ქვეყნის დატოვებაც შეუძლია. მანამდე უფრო ადრე ამირი მივიდა ვაშინგტონში პაკისტანის საელჩოს ირანულ განყოფილებაში. ვაშინგტონში ირანის ინტერესებს პაკისტანის საელჩო იცავს მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის 1979 წელს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის განცხადებით, ამირიმ ირანში დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვა და მას უნდა მიეცეს შეერთებული შტატებიდან გამგზავრების უფლება. ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი 2009 წლის ივნისში გაუჩინარდა, საუდის არაბეთში მოსალოცად ჩასვლის შემდეგ. აშშ უარყოფს ირანის ბრალდებას, რომ მეცნიერი ამერიკელმა აგენტებმა მოიტაცეს.
XS
SM
MD
LG