Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 19 ივლისი 2010


”მთელი კვირა” წერს, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის, ”პირველი კავკასიურის”, ფუნქციობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 7 მილიონი ლარი გამოიყო და სამართავად შპს ”ქეი-1”-ს გადაეცა. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ ლიკა ჩახუნაშვილზე დაყრდნობით, ”მთელი კვირა” წერს, რომ ”ქეი-1”-ს დამფუძნებლები ეკატერინე კოტრიკაძე და ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი არიან. ლიკა ჩახუნაშვილიც და სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, შორენა შავერდაშვილი, აღნიშნავენ, რომ არხის კერძო კომპანიისთვის გადაცემა ძალიან სწრაფად მოხდა და ეჭვობენ აგრეთვე, რომ კერძო კომპანიის ბიუჯეტი მომავალში მისაწვდომი იყოს სამეურვეო საბჭოსთვის.

უცხოელი დიპლომატების ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან ვიზიტებზე მსჯელობა დღევანდელ გაზეთებშიც გრძელდება. ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამ ვიზიტებს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების საჭიროების კუთხით განიხილავს და ამბობს: ”ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ ნაბიჯები რომ გადაიდგას, ”გამშველებლებია” საჭირო და, ალბათ, სწორედ ამ ”გამშველებლების” აღლუმი მივიღეთ ბოლო პერიოდში გახშირებული ვიზიტების სახითო”. - რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს, ალბათ, საფრანგეთი შეასრულებს. საყვარელიძე თვლის, რომ ”ამერიკა საქართველოსა და რუსეთს შორის მომრიგებლის როლს ვერ ითამაშებს - ის კვლავაც რუსეთის პოლიტიკურ კონკურენტად რჩება და მოსკოვს ყოველთვის ექნება განცდა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს მხოლოდ საქართველოს და თავის სასარგებლოდ აკეთებს.”

გასული დღეების ვიზიტებს პოლიტიკოსებიც უბრუნდებიან. ”ასავალ-დასავალი” ზურაბ ნოღაიდელთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, თუ ვინმეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა სურს, ”ან მთავრობაში უნდა იყოს, ან მთავრობასთან დაახლოებული. ეს არის მოდელი და სხვა მოდელი არ არსებობსო”, და ნოღაიდელი იქვე აზუსტებს: ”ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროსაც სულაც არ გვსიამოვნებდა, რომ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ლიდერი ოპოზიციას ხვდებოდა და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო!” - ამბობს ნოღაიდელი.

”კვირის ქრონიკაში” კი ნინო ბურჯანაძესთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც ის კუშნერის ვიზიტის შესახებ ასეთ რამეს ამბობს: ”კუშნერი იყო შოკირებული, როდესაც ქალბატონმა თინა ხიდაშელმა უთხრა, დაახლოებით ასამდე ადამიანი პოლიტიკური მოტივაციით ზის ციხეშიო. კუშნერმა საგანგებო დავალება მისცა საფრანგეთის ელჩს - ერიკ ფურნიეს, რომ სექტემბრისთვის საფრანგეთის საელჩომ მოიწვიოს საგანგებო განხილვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით”, - ამბობს ბურჯანაძე.

”ასავალ-დასავალში” ცენტრალური ადგილი უკავია ინტერვიუს რამაზ კლიმიაშვილთან, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე გახდება. ”ახალ თაობაშიც” ქვეყნდება მასთან ინტერვიუ, სადაც იმასვე იმეორებს.

”ჯორჯიან ტაიმსში” ქვეყნდება მიმართვა, რომელსაც 89 პირი აწერს ხელს - ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ”ჯორჯიან ტაიმსის” ხელმძღვანელ მალხაზ გულაშვილისა და მისი ვაჟის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ: ”ფაქტობრივად, სახელმწიფომ მალხაზ გულაშვილსა და მის არასრულწლოვან ვაჟს, დავითს, დააკისრა პასუხისმგებლობა იმ საზღვრის დარღვევის გამო, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს. ამ შემთხვევაში საქართველოს მილიონობით მოქალაქეს, რომელთაც ამავე გზითა აქვთ სამშობლო დატოვებული, თეორიულად ციხე ემუქრება”, - წერია მიმართვაში.

”ვერსიის” ავტორები კი ვრცელ სტატიას უძღვნიან ე.წ. ”მკვლელ წამლებს”, ანუ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც, მათ მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ჯანმრთელობისთვის საზიანოა და დღეს თბილისის აფთიაქებში თავისუფლად იყიდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG