Accessibility links

ახალი მოწვევის რუსთავის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქალაქის აღმასრულებელ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. ფაქტობრივად, ცვლილება არ შეხებია მხოლოდ ქალაქის მერის პოსტს, რომელზეც კვლავ მამუკა ჩიქოვანი დაინიშნა.

საკადრო ცვლილებები, უფრო კი, საკადრო გადაადგილებები, ძირითადად, ქალაქის თვითმმართველობის სამსახურების უფროსებს შეეხო. ზოგი დაწინაურდა, ზოგიც ჩამოქვეითდა.

ახალი ხელმძღვანელების სია ასე გამოიყურება: მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახური საკრებულოს ყოფილმა წევრმა და სოციალური კომისიის თავმჯდომარემ ნინო ბასილაშვილმა ჩაიბარა. მან ამ პოსტზე ალექსანდრე ნავროზაშვილი შეცვალა. ნავროზაშვილი, თავის მხრივ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ყოფილი ხელმძღვანელი, დავით მჭედლიშვილი კი, მერის თანაშემწე გახდა. ახალი უფროსი ჰყავს ქონებისა და მიწის მართვის სამსახურსაც. სამსახური ზურა კასრაძემ ჩაიბარა, რომელიც მანამდე ზედამხედველობის სამსახურის შეფი იყო. თავად ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის უფროსი ლუიზა გელაშვილი, მოგვიანებით, ერთ-ერთი მართვის ტერიტორიული ორგანოს თავმჯდომარე გახდა. ეს ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისმა წინამორბედმა ზაზა მურვანიძემ, არჩევნებში იყარა კენჭი და საკრებულოში გადაინაცვლა. კასრაძის ნაცვლად, ახლა ზედამხედველობის სამსახურში ზაქარია ტაბატაძეა. კიდევ ერთი ცვლილება ქალაქის ურბანული დაგეგმარების სამსახურს შეეხო. კობა ძლიერიშვილი დავით ჯაფარიძემ შეცვალა, თავად ყოფილი უფროსი კი ჯერ არც ერთ სამსახურში არ ჩანს. ურბანულ სამსახურს, საკადროს გარდა, სტრუქტურული ცვლილებაც შეეხება. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ურბანული დაგეგმარების სამსახურის კომპეტენციაში დამატებით ტრანსპორტის სფერო შევა და სამსახურსაც ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური დაერქმევა. საკადრო ცვლილება შეეხო ,,აიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებასაც". ციალა გაბისონია საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ზაქრო დათუაშვილმა შეცვალა. დათუაშვილის ადგილზე კი დროებით გაბისონია დაინიშნა. დათუაშვილმა 4 თვეში ბაღების განვითარებისა და ოპტიმიზაციის პროგრამა უნდა მოამზადოს.

მერიაში ორი ახალი სახეა. ქალაქის მერს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. პავლე ლაცაბიძის ადგილი, რომელიც საკრებულოს წევრი გახდა, შორენა გარდაფხაძემ დაიკავა. მერის პირველი მოადგილე გიორგი დაუშვილი კი თეთრიწყაროს გამგებლად გადაიყვანეს. დაუშვილი გიგი ტაბატაძემ შეცვალა. ორივე კადრი დედაქალაქიდანაა. გარდაფხაძე საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის, სამდივნოს ხელმძღვანელობდა, ტაბატაძე კი - ფინანსთა სამინისტროში ადგილობრივი ბიუჯეტების სამმართველოს.

საკადროს გარდა, მერიაში არაერთი სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. აღმასრულებელი ხელისუფლება 23 სტრუქტურულ ერთეულს მოიცავს. რუსთავის მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს გაერთიანებული აპარატი მოემსახურება, რომელსაც მერის აპარატის ხელმძღვანელი მაია დოლიძე უხელმძღვანელებს. საკრებულოს აპარატის უფროსი ციალა გაბისონია კი მისი მოადგილე გახდა.
XS
SM
MD
LG