Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და კანადამ ირანს ახალი სანქციები დაუწესეს


ევროკავშირმა და კანადამ ირანის ენერგეტიკის სექტორის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. მიზანი - ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაა. ევროკავშირისა და კანადის ახალი სანქციები ითვალისწინებს ირანის ბანკებთან თანამშრომლობის დაბლოკვას, რითაც სურთ თეირანის ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციას შეუშალონ ხელი, მათ შორის - ნავთობის გადამუშავების საქმეში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: ”რა თქმა უნდა, ექსპორტიორი ქვეყნისთვის არასდროს არის კარგი ასეთი სანქციების დაწესება. ეს არ არის კარგი არც ჩვენთვის. თუმცა, ბევრად უარესი იქნება, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების ნება მივცეთ. ისინი, ვინც სანქციების ფასზე ლაპარაკობს, საკმარისად შორს ვერ იყურება. უნდა გაითვალისწინონ ის ფასი, რომელიც ბევრად მეტი იქნება და ბევრად დრამატული, თუკი ირანს ბირთვული იარაღი ექნება”. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოურენს ქენონმაც განაცხადა, რომ ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ კრძალავს ირანის ნავთობისა და გაზის სექტორსი ახალი კანადური ინვესტიციების განხორციელებას. ირანის წარგზავნილმა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოში ალი აშღარ სოლთანიემ განაცხადა, რომ ირანი მზად არის ნებისმიერი პირობის გარეშე დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს ბირთვული საწვავის გაცვლის საკითხზე. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ”ძალიან წუხს და გმობს” ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს.
XS
SM
MD
LG