Accessibility links

logo-print
„რეზონანსი“ აქვეყნებს იუნესკოს განცხადებიდან ციტატას: ”კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები”. ცოტა მეტს გვიამბობს ამ საკითხზე „24 საათი“. როგორც ირკვევა, იუნესკოს სურვილი ძეგლის კონსერვაციაა, ანუ მისი იმ ისტორიულ მდგომარეობაში დაკონსერვება, როგორშიც ის დღეს იმყოფება, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას და საპატრიარქოს ტაძრის მიმართ უფრო სხვა ფუნქციური მიდგომა აქვთ. ნიკა ვაჩეიშვილის კომენტარი „24 საათისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

”საქმე გვაქვს იურიდიულ შეუთავსებლობასთან. როგორც იცით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ბაგრატის ტაძარი შესულია მეოთხე კრიტერიუმით და სახელდებულია როგორც შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუში, რაც ახალი სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას შეუძლებელს ხდის. ანუ ერთი პატარა ქვის დამატებაც კი შეუთავსებლადაა მიჩნეული, რადგან ეს კრიტერიუმი მხოლოდ კონსერვაციას ითვალისწინებს. თუმცა ვინაიდან ბაგრატის ტაძარი ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა და არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიის გადაწყვეტილება მისი აღდგენის შესახებ, ბუნებრივია, რომ დგება საკითხი, მოხდეს გარკვეული კორექტირება.”

მეორე საინტერესო თემა კვირის პრესაში შეიარაღებაზე საუბარია. ამ თემაზე, ძირითადად, გაზეთი „24 საათი“ ფოკუსირდება. გაზეთი ციტირებს პრეზიდენტ სააკაშვილს:

”ახალი იარაღის შემოტანის საჭიროება არ არის, ჩვენ სხვა იარაღი გვჭირდება.” ციტატა იბეჭდება სტატიაში, სახელწოდებით ’ნაკლები ფული იარაღზე და მეტი სწავლაზე“.“24 საათი“ ცდილობს გაარკვიოს, იარაღის შემოუტანლობა შიდა გადაწყვეტილებებითაა განპირობებული თუ საერთაშორისო სტანდარტებით და შეზღუდვებით. როგორც გაზეთი წერს, მსოფლიო იარაღის ბაზარზე ჩვეულებრივი საბაზრო მექანიზმები არ მოქმედებს და გადაწყვეტილებები პოლიტიკური გავლენების ქვეშაა. საქართველო, გაზეთის თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა გაზეთი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქვეყანას შეუძლია შეზღუდვის გარეშე შეიძინოს მაღალტექნოლოგიური სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობა, რაც პირდაპირ აგრესიულ საბრძოლო მიზნებს არ ემსახურება. გაზეთი სამხედრო ექსპერტ კახა კაციტაძეს ციტირებს, რომ საქართველოს დღეს ნაკლებად იმპულსური სახელმწიფოს იმიჯი სჭირდება და ავითარებს აზრს, რომ აქცენტები შეიარაღებაზე ქვეყნისთვის წამგებიანი თემაა. ეს, ძირითადად, სხვადასხვა ექსპერტთა მოსაზრებათა განვრცობით ხდება. მაგალითად, საინტერესოა ასევე სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის აზრი:

”როდესაც ახალი თეორია და კონცეფცია დაიდება, ამის შემდეგ გამოჩნდება საჭიროება. გარკვეულწილად, ხელისუფლება სწორად იქცევა, რომ იარაღს არ ყიდულობს. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს რა ტაქტიკით ვმოქმედებთ, ამის შესაბამისად კი - რა იარაღი გვჭირდება.”

სხვა კუთხით აშუქებს თავდაცვისა და შეიარაღების თემას გაზეთი „რეზონანსი“. გაზეთი ავითარებს აზრს, რომ რეზერვისტთა სისტემამ ქვეყანაში არ იმუშავა და კრიტიკულ მომენტში გამოცდას ვერ გაუძლო. ახალი ქმედითი კონცეფციის ვერსიას გაზეთი პრეზიდენტ სააკაშვილისგან იღებს:

”ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს თავისი დაცვა,ს საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს შესაბამისი მომზადების პატარ-პატარა ჯგუფები, მინიმალური იარაღით.”

მოსაზრებების განვითარება ჩაკეტილ რეჟიმში ხდებაო, ასკვნის „საქართველოს რესპუბლიკა“ სტატიაში, სახელად „საინფორმაციო მარწუხები ძლიერდება“. გაზეთი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ინფორმაციის კონტროლი ძალოვანი სტრუქტურების გარშემო სულ უფრო იზრდება. ”მასმედიისთვის და საზოგადოებისათვის ყრუდ ჩაიკეტა თავდაცვის სამინისტრო”, - წერს „საქართველოს რესპუბლიკა“. გაზეთი არაფერს ამბობს ლექციის ტიპის საჯარო სატელევიზიო შეხვედრებზე, სადაც პრეზიდენტი ზევით მოყვანილ კონცეფციებს ავითარებს.

NDI-ის კვლევა პრესამ სხვადასხვა კონტექსტში გაშალა, ზოგიერთმა გაზეთმა ოპოზიციური ელფერი შემოიტანა და NDI ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. „რეზონანსი“ საკითხში უფრო ღრმად ჩახედვას შეეცადა. „NDI-ის კვლევის უცნაური შედეგები“ - ეს სათაურია სტატიისა, სადაც ჟურნალისტი ერთმანეთს უპირისპირებს ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს. კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, სამუშაო ადგილები ქვეყანაში შემცირდა, ასევე დემოკრატიის ხარისხი დასუსტდა, ზოგადად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოჯახების უმრავლესობის მდგომარეობა, გამოკითხულთა აზრით, გაუარესდა. მეორე მხრივ კი:

”რატომღაც იგივე ხალხი თვლის, რომ რეფორმები ქვეყანაში მათ სასარგებლოდ ხორციელდება და ქვეყანა, საერთოდ, სწორი მიმართულებით ვითარდება… კვლევის ასეთ შედეგებს ექსპერტები საზოგადოების მენტალიტეტს უკავშირებენ.”

კვირის განმავლობაში პრესა ცდილობს გაარკვიოს შეძლებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი ახალი საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას. „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ პროექტი სააკაშვილისთვის ადეიშვილმა და არა დემეტრაშვილმა დაწერა და პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის პოსტს გარდაუვლად დაიკავებს. ამიტომ ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში აკრძალვა პრეზიდენტისთვის:

”ეს არის ზოგადი ჩანაწერი და სახელი და გვარი არაფერ შუაში არ არის.”

სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოების 90 პროცენტი შიმშილთან გამკლავებას ცდილობს და ”მათ არც დრო აქვთ და არც სურვილი ჩასწვდნენ ამ პრობლემის დეტალებს”. ასე არ ფიქრობს „საქართველოს რესპუბლიკისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე:

”NDI-ის გამოკითხვაში ასეთი კითხვა იყო დასმული: გსურთ თუ არა პრემიერ-მინისტრად იხილოთ სააკაშვილი? გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ არ სურთ. ანუ საზოგადოებრივი აზრი მომწიფებულია იმისთვის, რომ ცვლილება მოხდეს. სააკაშვილმა რაც არ უნდა მოინდომოს თავის თავზე კონსტიტუციის მორგება, არა მგონია, რომ ეს მას გამოუვიდეს.”

პრეზიდენტ სააკაშვილის სამინისტროებში კონცეპტუალურ საკითხებზე ’საჯარო ლექციების’ კურსის პროცესში რამდენიმე წამოცდენაზე პრესა საკმაოდ აგრესიულად წერს. სააკაშვილს სახეზე რასისტის დაღი დაასვეს და სკამით გაზეთებზე შემოსვეს: გაზეთების დახურვა უნდა და წინასწარ საზოგადოების აზრს ამზადებსო.
XS
SM
MD
LG