Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 აგვისტოდან ძალაში შევიდა ”კასეტური იარაღის შესახებ კონვენცია”


1 აგვისტოს ძალაში შევიდა გლობალური ხელშეკრულება კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ. ”კონვენცია კასეტური იარაღის შესახებ”, რომელიც კრძალავს კასეტური იარაღის შენახვას, გამოყენებასა და გადატანას, ძალაში შევიდა 6 თვის შემდეგ იმ დღიდან, რაც ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა 30 ქვეყნის მიერ. დოკუმენტს ხელი 2008 წელს 107-მა ქვეყანამ მოაწერა. ამ ხელშეკრულებით იკრძალება იარაღი, რომელიც მრავალ პატარა ნაწილად იფანტება დიდ ფართობზე და როგორც წესი, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის წარმოადგენს საფრთხეს . ხელშეკრულებასთან მიერთებაზე უარი განაცხადეს აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა, ისრაელმა, ინდოეთმა და პაკისტანმა, რაც, დიდი ალბათობით, შეასუსტებს ხელშეკრულების მოქმედების ეფექტიანობას. ამის მიუხედავად, ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს აუფეთქებელი ბომბებისგან ტერიტორიების გაწმენდასაც, დიდ მხარდაჭერას იმსახურებს. მის ამოქმედებას მიესალმნენ გაეროს გენერალური მდივანი და რომის პაპი. ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელი სტივ გუსი კი იმედოვნებს, რომ კონვენციის ამოქმედება იმ ქვეყნებზეც იქონიებს ზეგავლენას, რომელიც მას არ შეუერთდა. აშშ, რომელსაც ყველაზე ბევრი - 800 მილიონი ასეთი იარაღი აქვს, აცხადებს, რომ კასეტურ ბომბებს 2018 წლიდან აკრძალავს. კონვენციის რატიფიკაცია მოხდა ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და იაპონიაში. თომას ნეში, ”კასეტური იარაღის კოალიციის” (200 არასამთვრობო ორგანიზაციის გაერთიანება) წარმომადგენელი აცხადებს: ”ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც ძალაში შევიდა ნაღმების აკრძალვიდან 10 წლის შემდეგ. ამ მომენტიდან ქვეყნებს აქვთ ვალდებულება დაეხმარონ კასეტური იარაღის მსხვერპლს. დროის ათვლა დაიწყო და 10 წელიწადში ისინი ვალდებული არიან ამ იარაღისგან გაწმინდონ ტერიტორიები და რვა წლის განმავლობაში გაანადგურონ ამ იარაღის მარაგი”.
XS
SM
MD
LG