Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინა ხატისკაცი - უფლებადამცველი


25 ივლისი, კვირა
გუშინ ავედი ანანურში, თამუნას მშობლების საზაფხულო სახლში (პრინციპში, საზამთროცაა, მაგრამ ზამთარში აქ არ ჩამოდიან ხოლმე) და ხვალამდე აქ დავრჩები. როგორც იქნა, გამოვაღწიე თბილისიდან! ჰაერმა და სიმწვანემ გამაბრუა. ამ ჰაერსაც მიჩვევა უნდა! ექიმმა კატეგორიულად გამაფრთხილა, თავი დაანებე სამსახურს და თბილისს მოშორდიო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ თვეში მეორედ ვხდები დედა, ექიმის რეკომენდაცია მართლაც ლეგიტიმურია.

ვცდილობ, საქმეზე არ ვიფიქრო და აქაური, ჩემთვის უკვე ზედმეტად მშვიდი გარემო შევიგრძნო. თამუნა და მისი ოჯახი ყველანაირად მეხმარება ამაში. ასე კომფორტულად და მშვიდად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია. თამუნა თვენახევრით არის ჩამოსული ბარსელონიდან და მეც ვცდილობ, გეგმა შევასრულო - დღე არ ჩავაგდო მის უნახავად.

ანანურის წყალსაცავი ორი მხრიდან დავზვერეთ. ბოლოს არაგვის პირს მივადექით და ისეთ ადგილას მოვკალათდით, საიდანაც ხელისგულივით ჩანს ანანურის ღირსშესანიშნაობები. ამშვიდებსო, ამბობენ მდინარის ხმაურზე, ჰოდა ჩვენც ვმშვიდდებით. ეკლესიის ფონზე გავცქერით არაბუნებრივად ლამაზი ფერის წყალსაცავს, ხასხასა, მწვანე მთებს და კამკამა, ლურჯ ცას. ამ წუთას არაფერი მაწუხებს. სწორედაც რომ მოვახერხე ყოველდღიური რუტინის გვერდზე გადადება და ახლა მარტო იმაზე ვფიქრობ, რატომ არის წყალსაცავები ასეთი ლამაზი ფერის. თუმცა, ამ სილამაზის მიღმა რაღაცნაირი სინანულის გრძნობა ყოველთვის მრჩება ხოლმე...
თავისუფლების დღიურები - ნინა ხატისკაცი
please wait

No media source currently available

0:00 0:07:02 0:00

კაშხლების მშენებლობას ენერგია და ბევრი სხვა სიკეთე მოაქვს, მაგრამ ეს სიკეთეები რაღაცების განადგურების ხარჯზე ხდება. როგორც გამიგია, ჩვენი წინაპრები იმ გზაზე რომ მიდიოდნენ, რომელიც ახლა ანანურის წყალსაცავის ფსკერზეა, ზემოთ ახედავდნენ ხოლმე იმავე ადგილებს, რომლებსაც ახლა ჩვენ ზემოდან დავყურებთ ხელოვნური ტბის დათვალიერებისას. ძალიან ლამაზი სოფლები ყოფილა თურმე იქ ერთ დროს. თიანეთში, სოფელ სიონის მცხოვრებნი იმასაც ამბობენ, რომ როცა სიონის წყალსაცავში წყლის დონე ქვევით იწევს, შუაგულ წყალში ეკლესიის გუმბათის დანახვაც კი შეიძლება. ამას მერე ათას სევდიან და ტრაგიკულ ისტორიასა და ლეგენდას მოაყოლებენ. ჰოდა, სწორედ ამის გამოა ალბათ, რომ სინანული ყოველთვის თან ახლავს ამ მართლაც უჩვეულოდ ლამაზი ფერის წყლიანი სივრცის მზერას.

არა, მაინც ვერ გავთიშე გონება! ამას, ალბათ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება.

26 ივლისი, ორშაბათი
სრულიად ჩვეულებრივი ორშაბათი დილაა - თანამშრომელთა ყოველკვირეული შეხვედრა, შემდეგ - შეხვედრები პროგრამების მიხედვით, დავალებების განაწილება და გაკეთებულის შეჯამება. ამასობაში საქართველოში მიმდინარე რეფორმების დინამიკით დაინტერესებული ამერიკელი მკვლევარიც გამოჩნდა. მეც, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, ქართული დემოკრატიის თავისებურებებისადმი მისი ინტერესი დავაკმაყოფილო. რამდენიმე საათში კიდევ ერთი შეხვედრა მაქვს. მანამდე კი უნდა წავიკითხო ჩვენი ანალიტიკოსის მიერ ახლად მომზადებული ანგარიში საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე და კითხვებზე პასუხები გავუგზავნო პარლამენტის მუშაობის თავისებურებებით დაინტერესებულ ევროპელ ექსპერტს.

უკვე საღამოს 7 საათია და ვცდილობ, მუშაობა ბოლოსკენ წავიყვანო. ახლა გამახსენდა, რომ დღეს ლანჩი გამომრჩა და ეგრევე ექიმის სავალდებულო მითითება გამახსენდა დღეში ოთხჯერადი კვების შესახებ. არა უშავს, ხვალიდან გამოვსწორდები. ეჰ, მერამდენედ ვამბობ ამას...

ალბერტ აინშტაინის დროს მამაკაცებს, თურმე, არ ჰქონიათ სახეზე წასასმელი და ასაქაფებელი კრემები წვერის გასაპარსად. მცირე ზომის ჯამში აქაფებდნენ ჩვეულებრივი ხელის საპნის ნატეხს და მერე ამ ქაფს ისვამდნენ სახეზე. შესაბამისად ჩამოყალიბებულა, რომ ოჯახში ცალკე არსებობდა ხელის საპონი და ცალკე - საპარსი საპონი.

ერთხელ საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარა, რომ გენიალური აინშტაინი ერთი საპნით სარგებლობს ორივე მიზნისთვის. ამბავი იმით დამთავრებულა, რომ ვიღაცას (ჟურნალისტის გარდა ვინ იქნებოდა?!..) გაუბედავს და უკითხავს, მართლა ერთი საპნით სარგებლობთო? აი, პასუხიც: „იცით, ჩემთვის ერთი საგნის ნაცვლად ორ საგანთან საქმის ქონა დიდ სირთულეს წარმოადგენს.“ (?!)

ამით დავამთავრებ. ჩემი მოუცლელობის აღწერით თავი დავიმშვიდე, თუმცა გავკადნიერდი და უნებლიეთ აინშტაინსაც გავაკარე ჩემი თავი. არადა, რა კარგად მესმის მისი ნათქვამი, ორი საპონი დიდი სირთულეაო.

27 ივლისი, სამშაბათი
დილა აუზით იწყება. კილომეტრს ვცურავ. ეს პროგრამა-მინიმუმია და, პრინციპში, მაქსიმუმიც. მერე უკვე მბეზრდება. ე.წ. „ბენდუქიძის აუზს“ გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და ისეთივე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორც ჰაერს და წყალს. მგონი, ცოტა გადავაჭარბე, ხო? მაგრამ არც ისე ძალიან.

კახა ბენდუქიძის სახელი შეარქვეს ვაკის საცურაო აუზს, თუმცა ოფიციალურად „დელფი“ ჰქვია. მართალია, ეს აუზი მართლაც ეკუთვნის მის ახლო ნათესავს, მაგრამ, როგორც თავად უთქვამს, სულ ერთხელ არის ამ აუზზე ნამყოფი. პრინციპში, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ტერმინის დამკვიდრებისთვის, არსებული მიზეზი უკვე სავსებით საკმარისია. ტაქსის გამოძახებისას ტელეფონის ოპერატორებიც კი დასაკონკრეტებლად ბენდუქიძის სახელს იშველიებენ.

ასე მიამსგავსეს ერთხელაც ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის „ლეჩკომბინატის“ მოპირდაპირე მხარეს განთავსებული შენობა სამხედრო კრეისერს. მერე ვიღაცამ უფრო დააკონკრეტა, პოლიტიკური ელფერიც შესძინა ამ მსგავსებას და საბჭოთა იმპერიის შექმნის ერთ-ერთი სიმბოლოს - „ავრორას“ სახელიც მიაკერა. „დეზერტირების ბაზრის“ სახელწოდებასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ისტორია მომისმენია - მათ შორის, არასასიამოვნოც - პირველი ომის შემდგომი პერიოდიდან. როგორც ჩანს, ეს ისტორია საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს სახელი დიდი ასოებით გამოსახულიყო ბაზრის თავზე.

ბენდუქიძის შემთხვევაში ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ - ისევ მის პოპულარობას თუ გაზრდის (რაც ისედაც არ აკლია), აუზს კი ნამდვილად არაფერს დააკლებს, თუ, პირიქით, არ მოუმატებს. ისე, ნაკომუნისტარზე, ასეთი გამოთქმაც კი არსებობდა: ჯობია „კუკური“ (სახელი სხვა იყო) ეწეროს მაღაზიას და ხორცი იყოს შიგნით, ვიდრე „ხორცი“ ერქვას და შიგ კუკური იდგეს ცარიელ დახლთანო.

ცურვით დავიწყე და სად წავსულვარ? ისე, ერთი კილომეტრის გაცურვას დაახლოებით ნახევარ საათს ვანდომებ. ამ ნახევარ საათში იმდენ რამეზე ფიქრი შეიძლება მოასწროს კაცმა!..

ყოველთვის მომწონდა და მამშვიდებდა წყალთან სიახლოვე. ერთი პერიოდი თვეების მანძილზე ვერ ვახერხებდი აუზზე სიარულს. ყოველღამე ერთსა და იმავე სიზმარს ვნახულობდი: წყალში ვხტებოდი, სიღრმეში ვეშვებოდი და უსასრულოდ ვცურავდი წყალქვეშ. სავარაუდოდ, ლაყუჩებით ვსუნთქავდი, რადგან ჰაერის ნაკლებობას არ განვიცდიდი.

ორსულობაში განსაკუთრებით მსიამოვნებს წყალი. უწონობის შეგრძნება ახლა ყველაზე აქტუალური გახდა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ მექნება მომატებული, ამ წონას მხოლოდ წყალში ვკარგავ. სიმშვიდისა და სრულყოფილების შეგრძნება მეუფლება. დაილოცოს ბენდუქიძის აუზი!

28 ივლისი, ოთხშაბათი
დილიდან პარტიათა დაფინანსების საკითხებზე ვმუშაობთ მე, ირინე, ავთო და ირაკლი. ირინემ არაჩვეულებრივი, ფერად-ფერადი ცხრილები და დიაგრამები მოამზადა საარჩევნო შეწირულობებსა და დანახარჯებზე პარტიებისა თუ საპრეზიდენტო კანდიდატების მიხედვით. ავთო სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიებს ეცნობა და ცდილობს გაარკვიოს, მომავალში ასეთი კომპანიები როგორ გამოხატავენ მადლიერებას და სანაცვლოდ რა ოდენობის შეწირულობებს ახორციელებენ პარტიების (და, როგორც წესი, მმართველი პარტიის) წინასაარჩევნო ფონდებში. ირაკლი კი საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას ეცნობა პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობის კუთხით, რაც მერე რეკომენდაციების მომზადებაში დაგვეხმარება.

ამ დოკუმენტების ანალიზისას აღმოვაჩინეთ, რომ პრაქტიკულად ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას/ბლოკს ვერ მოუხერხებია ქართული ბიზნესმენებისგან დაფინანსების მოპოვება, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“.

მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ 14 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო, სხვა პარტიებმა კი საარჩევნო კამპანია რამდენიმე ასეული ათასი ლარით აწარმოეს. დაგვაინტერესა, რომელმა მდიდარმა დეიდებმა და ბიძიებმა გაიმეტეს ასე უხვად შეწირულობები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ ვერ მოგართვით! შემომწირველებს საარჩევნო ფონდის ნაცვლად, რატომღაც, თავად პარტიისთვის გადაურიცხავთ შეწირულობა, პარტიის ანგარიში კი მომავალ წლამდე არ გახდება საჯარო. ასე რომ, 2011 წლის 1 თებერვლამდე ამ ხელგაშლილი ბიზნესკომპანიების ვინაობას ვერ გავიგებთ. მანამდე კი ეს თემაც დაკარგავს აქტუალობას და ასე...

ვირტუოზები არიან ქართველი პოლიტიკოსები, რას არ მოიფიქრებენ?! ისე, მე თუ მკითხავ, იმ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ და სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, საერთოდ უნდა აეკრძალოთ პარტიების დაფინანსება. ჰოდა, თუ მკითხავენ, აუცილებლად ვეტყვი ამას.

ისე, გამიმართლა დღიურის წერისას: ტრადიციულად, მკვდარი პოლიტიკური სეზონია და მეც ნაკლები ინფორმაციის მიღება მიწევს. ჩვენი პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებით თუ „ვირთობ“ ხოლმე თავს (თუ ამას გართობა ჰქვია!). ჯერ მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენელი დატუქსა და „მახათის გაყრით“ თავის გართობის ნაცვლად, საქმის კეთება მოსთხოვა, მერე ქართველ ბიზნესმენებს გაუბრაზდა სპეციალურად მათთვის გამართულ ტრენინგზე მიუსვლელობის გამო და სულ ლუარსაბ თათქარიძეები ეძახა ფუქსავატობისთვის. ბოლოს, ქართულ საგადასახადო სამსახურზე გაბრაზებული, შავკანიანებს გადაწვდა და ველურებთანაც გაათანაბრა, ზანგები ხომ არ ვართ, ველურებივით რომ ვიქცევითო.

პოლიტიკურად მკვდარი სეზონია-მეთქი და სულ დამავიწყდა, რომ თბილისში დარჩენილები მთლად უსაქმოდ არ დაგვტოვეს და ახალი საკონსტიტუციო პროექტის ერთთვიანი განხილვის ვადა სწორედ აგვისტოში დანიშნეს(!).

ისე, ამ ბოლო დროს ვაკვირდები, უკანონობის კრიტიკის პარალელურად, კანონით არაკრძალულის კრიტიკაც მატულობს - საარჩევნო ხარჯების საჯაროობა, პრეზიდენტის სავარაუდო გაპრემიერება, წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეთა მასობრივად შვებულებებში გასვლა და სხვა ასეთი თემები კანონის ზღვარზე სიარულის მცდელობებია. ამ გზით ცდილობს, ალბათ, ხელისუფლება, მეტად მოაწონოს თავი დასავლეთს და შესაძლოა, შიდა აუდიტორიასაც: რა გინდათ, კანონს ხომ არ ვარღვევთ, კანონის ფარგლებში ვატევთ ჩვენს ქმედებებსო - ხვეწავს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს ხელისუფლება და ჩვენც (არასამთავრობო სექტორს და მედიას) მეტი მონდომება გვმართებს, რომ კარგად გავარჩიოთ და საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ, სად ჰკვეთს ვიწროპარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესებს. აი, რაც შეეხება პირველი პირის მიერ მინისტრების სატელევიზიო დამოძღვრას, მარტო პუტინისგან მინახავს ასეთი და ვერც ერთი დასავლელი ლიდერისგან ვერ ვიხსენებ მსგავს პრაქტიკას.

29 ივლისი, ხუთშაბათი
თამუნა წავიდა. თვენახევარი იყო ჩამოსული საქართველოში და დაუბრუნდა ბარსელონას. წავიდა და მეც ერთი ნაწილის გარეშე დავრჩი - ნორმალურად დამშვიდობებაც ვერ შევძელი. თამუნას ცრემლიანი თვალები რომ დავინახე, გამოვიქეცი. „მე ნოსტალგია მომკლავს“ - ეს სიტყვები გავიგე უკვე შორიდან და უკან აღაც მიმიხედავს.

„ეტყობა დავბერდი“ - თავის ემოციურობას ასე ხსნის ხოლმე თამუნა. მართლაც, თვალსა და ხელს შუა იცვლება ყველაფერი. რამდენიმე დღის წინ ნანამ, თავის მშობლიურ ქალაქზე, სოხუმზე, მოგონებების წერისას, ასეთი ჩანაწერი გააკეთა Facebook-ზე: „სად გაქრნენ ციცინათელები? თან ხომ არ გაჰყვნენ ბავშვობას?“ მართლა დავფიქრდი, რამდენი ხანია, ციცინათელები არ მინახავს...

ციცინათელები აუცილებლად დაბრუნდებიან. ამას იმედის გამო ვამბობ, თორემ ხელში საბუთი კი არ მიჭირავს. ოღონდ დაბრუნდებიან მხოლოდ მაშინ: როცა ხმაურიან ლაპარაკს გადავეჩვევით და ჩვენს ლაპარაკს საუბარი დაერქმევა; როცა პლაჟი სავსე არ იქნება ნაგვით; როცა მშვენივრად გაწყობილ ავტობუსში აღარ ამოჭრიან კაუჩუკს; როცა კულტურულ ძეგლებზე დიდი ასოებით არ ამოტვიფრავენ: „აქ იყო კუკური“; როცა ტერმინი „განა ჩვენ ზანგები ვართ?“ „ქართულ გამონათქვამად“ არ ჩაითვლება; როცა მეზობელი ხალიჩას არ დაგაფერთხავს თავზე და შენს შენიშვნაზე არ გიპასუხებს, შენ დასაფერთხიც არაფერი გაქვსო.

ვიქტორ ჰიუგოს რომანში „განკიცხულნი“ არის ასეთი ეპიზოდი (სხვათა შორის, ეს ეპიზოდი ამ რომანის ეკრანიზაციის ნახვისას დამამახსოვრდა): ეზოში ერთ კაცს მოიკითხავენ. პოლიციელმა წაიყვანაო, ეტყვიან მეზობლები. არადა, რა არის მისი დაპატიმრების მიზეზი? ის, რომ გაუთვალისწინებელ საათებში ფერთხავდა ხალიჩას. და ეს ქმედება ორი საუკუნის წინ დასჯადი იყო საფრანგეთში!

ჰმ, ციცინათელები აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ!

30 ივლისი, პარასკევი
დილიდან ანტიკორუფციული ცენტრების საქმიანობისადმი მიძღვნილ კონფერენციას ვესწრები სასტუმრო „მერიოტში“. კონფერენციაში კავკასიის რეგიონის ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოს გამოცდილებაზე პრეზენტაციას ვაკეთებ. ბოლო წლების დადებით ტენდენციებზეც ვსაუბრობ და ბოლოს არსებულ პრობლემებზე ვაკეთებ აქცენტს. კორუფცია ქვედა დონეზე, მართლაც, შემცირდა - ისეთ უწყებებში, რომლებთანაც მოსახლეობის ფართო ფენებს ყოველდღიურად უწევთ შეხება, კორუფცია, პრაქტიკულად, აღმოფხვრილია. მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემებია საკუთრების უფლებების დაცვის, მიუკერძოებელი სამართალწარმოების, მედიის დამოუკიდებლობისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

ჩემმა მეგობარმა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე აგარაკი აიშენა. ამ საქმისთვის ბანკიდან აღებული კრედიტი ჯერაც არ დაუფარავს. ცოტა ხნის წინ ჩვენი პრეზიდენტი ყოფილა იმ მიდამოებში და ჟურნალისტებთანაც უსაუბრია. მეგობარმა შეშინებულმა მითხრა, ვუსმენდი და ვფიქრობდი, რამე ახალმა იდეამ არ გაუელვოს თავში და ის ადგილები არ მოეწონოს, სადაც ჩემი სახლია, თორემ ხომ დავიღუპებიო! რამდენადაც კანონიერი მესაკუთრე უნდა იყო, შეგრძნება იმისა, რომ შენი საკუთრება დაუცველია, მაინც დაგტრიალებს თავს...

პრეზენტაციის შემდეგ, შესვენებაზე, კონფერენციის ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მონაწილე მომიახლოვდა და, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა მითხრა, „არ მესმის, რა გაწუწუნებთ? უმაღლესში მოხვედრა თქვენთან ღარიბსაც შეუძლია და ამისთვის ფულის გადახდა საჭირო არაა. პოლიცია გაჩერებთ და ქრთამს არ უდებთ საბუთებში. ელემენტარული საბუთის მიღებისთვის არ გიწევთ ხუთ ინსტანციაში სირბილი და თითოეულში დამატებით ხარკის გადახდა. არა მგონია, ეს ოდესმე მოხდეს აზერბაიჯანში.“

კორუფციასთან ჭიდილს, ისე, როგორც ყველაფერს, ბევრი ეტაპი აქვს. პუტინმაც მოუწოდა ორი წლის წინ სხვადასხვა უწყებებს ანტიკორუფციული ჯგუფების შექმნისკენ (ისე, როგორც შევარდნაძემ დაიწყო „კორუფციასთან ბრძოლა“ ათი წლის წინ). შეიძლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შევედაროთ და თავი დავიმშვიდოთ, ან სწორება ავიღოთ ბალტიისპირეთზე (რომელიც, თავის მხრივ, სკანდინავიის ქვეყნებს ედრება) და მივხვდეთ, რომ ძალიან ბევრი გვაკლია თვითკმაყოფილებამდე.

რა კარგად გამოხატავს ხელისუფლების ახლანდელი ლოზუნგი - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ - დინამიკის შენარჩუნების და ახალ ეტაპზე გადასვლის სურვილს. ოღონდ, ძალიან მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ხელისუფლება „კეთებაში“ მხოლოდ ჩაქუჩის დარტყმასა და ლურსმნის მოხერხებულად ჩაჭედებას არ გულისხმობს და მხედველობაში აქვს მართლმსაჯულების, თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებელი ბიზნესგარემოსა და სხვა ამისთანების მიღწევა.

საღამოს ეკა ჩამოვიდა ბათუმიდან. დღეს და ხვალ აუცილებლად უნდა ვნახო. ზეგ შვეიცარიაში ბრუნდება. კიდევ ერთი განშორება მელის... საღამოს ერეკლეს ქუჩაზე ვიკრიბებით ე.წ. CELA-ელების ნაწილი (ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის აკადემიის ქართველი წარმომადგენლები): მე, ეკა, თეა, ნინო, რატი, ლექსო, მადი, ლილი, შორენა და თამუნა. ქართველები ისედაც ხმაურიანები ვართ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ვხმაურობთ: ყველა ერთად ვლაპარაკობთ და ვიცინით. ძალიან დავისვენე და გავერთე. ეკაც ცოტა მოვისიყვარულე.

31 ივლისი, შაბათი
აგვისტოც მოგვადგა კარს...

ივლის-აგვისტოს გასაყარზე 2008 წელი წამომადგება ხოლმე თავს. აჰა, წიოკი შიდა ქართლიდან და პანიკა თბილისში: რუსეთის ტანკები თბილისს მოადგნენო. ოთხი დღით ადრე წავედი მაშინ დასასვენებლად საზღვარგარეთ და მთელი არდადეგები კომპიუტერთან გავატარე. ძალიან გაბრაზებული და იმედდაკარგული ვიყავი და ახლაც ასე ვარ.

როდესაც რამე მნიშვნელოვან საკითხზე ვფიქრობ, ყოველთვის ვეკითხები მოსაზრებას ბიძაჩემს, მორისს (გურულების ამბავი ხომ ცნობილია უცნაური სახელების შერქმევასთან დაკავშირებით! ბიძამეჩის დაბადებისას, ჩემი დიდი ბაბუა ემიგრანტი იყო და პარიზში ცხოვრობდა. ფრანგული სახელიც მან შესთავაზა ბებიაჩემს). ჰოდა, რამდენიმე დღის წინ, მასთან საუბარში ამ დიდ თემასაც გავკარით კბილი და ასეთი რამ მითხრა: „თავს ვუტყდები, რომ ახლაც არ ვიცი, იმ დღეებში როგორ აჯობებდა იმ ხალხის შველა, მაგრამ ის კი ვიცი, რა მოჰყვებოდა დიდი ყვითელი ავტობუსებით ამ ხალხის გორში ჩამოყვანას: მოსკოვიდან ბრიუსელამდე (მაგათი ამბავი რომ ვიცი) ყველა მხრებს აიჩეჩავდა - რა მოგელანდათო; ზუგდიდიდან ლაგოდეხამდე კი ყველა გაბრაზდებოდა - ლტოლვილებიღა გვაკლდაო!.. ისე კი ბევრისგან გამიგონია, ეგ რაღაც სხვანაირად უნდა გაკეთებულიყოო. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. აჰა, გადაბრუნდა ურემი, ახლა კი გზას ვაკვირდები ორი წელია.“

მორისის არ იყოს, რამდენი ხანია, მეც ამ გზას ვაკვირდები და „მონანიებაში“ ვერიკო ანკაფარიძის გმირის ცნობილი კითხვის - „ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს?“ - პასუხი დღესაც არ ვიცი.
XS
SM
MD
LG