Accessibility links

logo-print


ირანელი ქალის საქინე მოჰამადი აშთიანის გადასარჩენად დარაზმულ დასავლურ სამყაროს 19 ივლისს საქართველოც შეუერთდა. თბილისში 5 აგვისტოს ირანელი ქალების სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო მესამე საპროტესტო აქცია ჩატარდა.

წარმოდგენა არ მაქვს რას შეიძლება გრძნობდეს ახლა 43 წლის ირანელი ქალი, ქმრის ღალატში ბრალდებული ორი შვილის დედა, საქინე მოჰამადი აშთიანი, რომელიც თავრიზის ციხეში დღე-დღეზე ელოდება სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას. მას აღარ ჩაქოლავენ, მაგრამ ჩამოახრჩობენ - საერთაშორისო საპროტესტო ტალღის აგორების შემდეგ ირანის სასამართლო ხელისუფლებამ განაჩენი შეცვალა. 21 ივლისს აშთიანის სასიკვდილო განაჩენის აღსრულება კიდევ ოცი დღით გადადეს.
დევნიდნენ საქინე აშთიანის ადვოკატს მოჰამად მოსტაფეისაც, რომელიც თურქეთში გაიქცა და თავშესაფარიც ითხოვა. რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს:

”ეს ჩემი მოვალეობა იყო, გადამერჩინა საქინე მოჰამადის სიცოცხლე და რადგან მართლმსაჯელებამ ის ჩაქოლვის განაჩენისაგან ვერ დაიცვა, მე ვაიძულე ის ეყვირა საშველად მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ მართლმსაჯულება ზეწოლის ქვეშ ყოფილიყო და როგორმე მისთვის ჩაქოლვა ამერიდებინა. ნამდვილად არ მჯეროდა, რომ ირანის მართლმსაჯულებაში იქნებოდა ისეთი ხალხი, ვისაც ჰუმანიზმისა არაფერი გაეგება. არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებში ასეთ უკანონობას შევეჯახებოდი. ვერც ის წარმომედგინა, რომ ისინი ჩემს ცოლს ორი კვირით ციხეში ჩასვამდნენ იმ ცოდვისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. მას ჩემს საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს”...

2006 წელს გასამართლებულ საქინეს ჯერ 99 როზგი მიუსაჯეს. მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მან დანაშაული - მეუღლის ღალატი - ზეწოლის ქვეშ აღიარა. სასჯელის მოხდის შემდეგ მისი მეუღლე მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის საქმეში აშთიანის საყვარელი ფიგურირებდა. ქალი მეორედ სწორედ ამის შემდეგ დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩემიც გამოუტანეს.

შარიათის კანონი ცოლქმრული ღალატისათვის დასჯის სხვადასხვა ფორმას იყენებს. ერთ–ერთი სწორედ ქვებით ჩაქოლვაა. 5 აგვისტოს ჩაქოლვის სცენის ინსცენირება თბილისში სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართული რიგით მესამე საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც მოაწყვეს. საპროტესტო პლაკატები, თეთრ ზეწარში გახვეული ქალი, შესაბამისი ზომის ქვები და ამჯერად მდუმარე აქცია: ”ასეთია ჩაქოლვის სცენა. მამაკაცებს წელამდე მარხავენ და ქალებს - მკერდს ზემოთ. გარშემოკრებილი ადამიანები კი ქვებს ესვრიან. ქვის ზომაც კი განსაზღვრულია. არ უნდა იყოს ისეთი პატარა, რომ ქვა ვერ დაარქვათ, - წერია კანონში, - და არც ისეთი დიდი, რომ უცბად მოკლას მსხვერპლი”, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეკა აღდგომალაშვილი.

ჩაქოლვა საშუალოდ 20 წუთს გრძელდება. აქციის მონაწილეებიც კანცელარიასთან ამდენ ხანს რჩებიან. აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, მარიამ გაგოშაშვილი, საქართველოს მთავრობას მკვეთრი პოზიციის გამოხატვას სთხოვს: ”ის, რომ ქალები ასეთი მწვავე დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან ირანში, საშინლად მაბრაზებს და ვფიქრობ, რომ თუ ერთ ქვეყანაში მაინც იქნება სიკვდილით დასჯის პრაქტიკა, ადამიანის უფლებები ყოველთვის ძალიან დიდი რისკის ქვეშ იქნება.”

ფილოსოფოსი და ქალთა უფლებების დამცველი ლელა გაფრინდაშვილიც აქციაზეა. ვსაუბრობთ იმაზე, რა ხდება მაშინ, როდესაც საერთაშორისო სამართალი და ირანის ტრადიციები, რელიგიური კანონები ერთმანეთს ეჯახება. როდესაც ადამიანის უფლებები და სიცოცხლის უფლება ილახება, მაშინ გაფრინდაშვილისთვის ტრადიციებით გამყარებული ყველა არგუმენტი სუსტია: ”21-ე საუკუნეში აბსოლუტურად გაუმართლებელია ადამიანის სიკვდილით დასჯა. ნებისმიერი ტრადიცია, რომელიც კლავს და ჩაგრავს, ავიწროებს, რა გინდ ძველი და არსებითი იყოს ამ ხალხისთვის ეს ტრადიცია, არ შეიძლება ამ არგუმენტით გავამართლოთ ის ქმედებები, რასაც ირანის სახელმწიფო კონკრეტულად ამ ქალის მიმართ აპირებს.”

ირანისტი გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ ისლამურ საზოგადოებაში რელიგიური ადათების გადახედვის მცდელობები არის. მუსლიმი თეოლოგები ხშირად საუბრობენ ამ ტრადიციების თანამედროვეობასთან ადაპტირების შესახებ: ”როდესაც შარიათის კანონებზე ვლაპარაკობთ, ხშირად არასწორი, კლიშედ ქცეული წარმოდგენები ჭარბობს, რომ ეს არის რაღაც გაქვავებული, საშინელი კანონი, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს ადამიანს. ამ დროს, ხშირად სულ პირიქითაა. ძალიან დიდი ინტელექტუალური საფუძველი აქვს თითოეულ კანონს საიმისოდ, რომ ელემენტარულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის, დაარეგულიროს ცოლქმრული მოვალეობაც. ხშირად შარიათი არ ეთანხმება იმას, რაც ჩვენ მიგვაჩნია საერთაშორისო ნორმატივებით სწორად, მაგრამ ეს არის საუკუნეების მანძილზე გამოვლილი, დროში გამოცდილი და, რაც მთავარია, ადგილთან ადაპტირებული სისტემა.”

როგორი შეიძლება იყოს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყნის რეაქცია საერთაშორისო საზოგადოების პროტესტზე? - ვეკითხებით გიორგი ლობჟანიძეს:

”საერთაშორისო პროტესტმა შესაძლოა უარესი შედეგიც მოიტანოს, რადგან დემოკრატიული ღირებულებები, სამწუხაროდ, არ არის უნივერსალური და ის, რაც დემოკრატიულია დასავლურ საზოგადოებებში, შეიძლება აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ იმუშაოს აღმოსავლეში, სადაც ურთიერთობის, სახელმწიფოს მოწყობის, გენდერული როლების გადანაწილების აბსოლუტურად სხვა ტრადიციაა.”

პოეტმა და მთარგმნელმა ნატო ინგოროყვამ საქინე მოჰამადი აშთიანის ამბის გაგების შემდეგ პირველივე პარალელი ქართულ სივრცეში ”ნატვრის ხის” გმირთან - მარიტასთან - გაავლო და ასე დაიწერა ლექსი ”საგანგებოდ ქალებს“:

”საქინე მოჰამადი - ქართულად ”მარიტას” ნიშნავს.
სიყვარულისთვის სიკვდილით დაისაჯა.

ღმერთო
მოწყალევ და მწყალობელო,
ნუ მიწყენ,
ლოცვა შეგიბრუნე:

შერისხულს_
მადლი უწყალობე,
გზასამცდარს_
გზაზე შეუდექი.

ქვებს რახანია მიგროვებენ,
ორმო გაითხარა_ჩემი ნებით.

ღმერთო
მოწყალევ და მწყალობელო,
ჩემი ამბავი
ჩვენი ანბანივით უკუღმა დაიწერა,
წაღმა არავინ წამიკითხავს.

არც შენ, ღმერთო,

მერე რა,
ქვა რომ თოკით შემიცვალე,
ბედისწერა ვერ შეცვალე.

გხედავ და გამხელ:

ყოველთვის,
როცა იმას ჩავიდენთ,
რაც შენ არ გინდა,

დგები პროფილში
და ხელებს იბან.

Amnesty International–ის სტატისტიკის მიხედვით, ირანში 2002 წლიდან 2008 წლამდე ცხრა ქალი და ორი მამაკაცი სწორედ ასეთი წესით დასაჯეს. ამჟამად, სივდილით დასჯის რაოდენობით, ირანი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მხოლოდ 2010 წელს ქვეყანაში სიკვდილით 126 ადამიანი დასაჯეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG