Accessibility links

logo-print
”ომიდან 2 წლის შემდეგ” - ასეთია შაბათის “რეზონანსის” მთავარი პუბლიკაციის სათაური და 7 აგვისტოს ქართული პრესის მთავარი თემა, ცხადია, 2008 წლის აგვისტოს ომია.

“რეზონანსი” 7 და 8 აგვისტოს დაგეგმილ მოვლენებს მიმოიხილავს. მათ შორის არის რონალდ ასმუსის წიგნის ”პატარა ომი, რომელმაც სამყარო შეძრა” ქართული თარგმანის პრეზენტაცია. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ “წიგნში დეტალურად არის აღწერილი, თუ რა ხდებოდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოში, რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში; რა გადაწყვეტილებების მიჯნაზე იყვნენ მსოფლიო ლიდერები და რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ პატარა ომს”.

პუბლიკაციიდან ასევე ვიგებთ, რომ მაშინ, როდესაც მთელი საქართველო რუსული ოკუპაციის 2 წლისთავს იხსენებს, რუსეთის მოქალაქემ, ამჟამად კრასნოდარის მხარეში მცხოვრებმა ოლია ხვოსტიკოვამ, 2006 წელს ცხინვალში დაღუპული ზაზა დამენიას ვაჟიშვილს, გიორგის, ოზურგეთში თავისი ოროთახიანი ბინა აჩუქა. ოლია ხვოსტიკოვა საქართველოში თურმე 2002 წლამდე ცხოვრობდა და ანასეულის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. ოლია დაოჯახდა და კრასნოდარის მხარეში მეუღლესთან გადასახლდა. ” რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ქართველები ყოველთვის გვიყვარდა და გვეყვარება, საქართველო ყოველთვის დარჩება ჩემს სამშობლოდ” - მოჰყავს გაზეთს ოლია ხვოსტიკოვას სიტყვები.

” უკან დაბრუნების იმედი აღარ გვაქვს”, - უთხრეს “ახალ თაობას” სანატორიუმ ”სურამში” შესახლებულმა დევნილებმა. პუბლიკაციის სათაურად სწორედ ეს სიტყვებია გამოტანილი. კითხვაზე, თუ როდის დატოვა თავისი სოფელი, ერთ-ერთი დევნილი პასუხობს, რომ ქართული ჯარი ამ სოფელში 7 აგვისტოს შევიდა. - არ გაგაფრთხილეს, რომ სოფელი დაგეცალათ? - ეკითხება კორესპონდენტი.
თავიდან არა. როდესაც უკან დაიხიეს და გამოუვალი მდგომარეობა შიქმნა, როდესაც მიხვდნენ, რომ აღარაფერი გამოვიდოდა, მაშინ გვითხრეს, დაცალეთ სოფელიო” - მოჰყავს დევნილის სიტყვები “ახალ თაობას”.

გაზეთი “24 საათი” შაბათს ბეჭდავს ინტერვიუს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან.
"ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი მაშინ გვარწმუნებდა, რომ რუსეთს ომი არ სურდა, - უთხრა მან გაზეთს. - სწორედ ამ თვალსაზრისით იყო რუსეთის აგრესია მოულოდნელი, თუმცა ჩვენ გვქონდა ფაქტები, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და ამ ფაქტებს ჩვენს პარტნიორებს მაგიდაზე ვუდებდით. მაინც ძნელად დასაჯერებელი იყო რუსეთის წასვლა ასეთი მასშტაბის ავანტიურაზე. დღეს, ორი წლის გადასახედიდან, ჩანს, რომ ეს ნაბიჯი თვითონ რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდა”, აცხადებს თემურ იაკობაშვილი ინტერვიუში, სათაურით " ‘ოკუპაცია’
- მნიშვნელოვანი ტერმინი დეოკუპაციისთვის".

"ჩემთან საუბრის დროს ყველა იყენებს ტერმინს - "ოკუპაცია", საჯაროდ კი ზოგი ერიდება ამას, ზოგი არ ერიდება. ყველა ფიქრობდა, რომ აშშ ამას არ გააკეთებდა, მაგრამ ვაშინგტონში არაფერსაც არ ერიდებიან. ვფიქრობ, ეს ტენდენცია უკვე ძალას იკრებს, თან სერიოზულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღიარების პრევენციისთვის, არამედ შემდგომში რეალური დეოკუპაციისთვის. რაც შეეხება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ტერმინი "ოკუპაცია" არ გამოუყენებიათ, ქართულ დიპლომატიას მაშინ ძალისხმევა არ დაუშურებია, მაგრამ იქ ზოგიერთებმა საკმაოდ უგუნური შეცდომები დაუშვეს. ჩვენ ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით, ეს სამუშაოა", - ამბობს თემურ იაკობაშვილი.

”ომი, რომელიც არ დამთავრებულა, იყო პოლიტიკური კონფლიქტი” - ასეთი ქუდი აქვს „საქართველოს რესპუბლიკის“ პუბლიკაციებს ომის თემაზე. ერთ პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ: ” მნიშვნელოვანი შეცდომა იყო რიტორიკა - საქართველოს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არათუ რუსეთი, არამედ აფხაზები და ოსები ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ის ”თავისივე მოქალაქეების” წინააღმდეგ აგრესიას არ აპირებდა”, - წერს „საქართველოს რესპუბლიკა“.

შაბათის ნომერში „რეზონანსი“ ასევე წერს, რომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ტერორიზმის თვალსაზრისით, საფრთხეს წარმოადგენს". ანგარიშში ნათქვამია, რომ "რუსეთიდან აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში გაუკონტროლებელი და პოტენციურად სახიფათო ტვირთი შეედინება, რაც ტერორისტულ საფრთხეებს ქმნის. ასეთი მდგომარეობა კი იმან გამოიწვია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს საერთაშორისო საზღვრებს თავის ამ რეგიონებსა და რუსეთს შორის.” „რეზონანსი“ წერს, რომ, ქართველი პოლიტილოგების აზრით, ამ ანგარიშით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოზომილი მინიშნება გააკეთა იმისკენ, რომ ”რუსები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ და ამით რეალურ საფრთხეებს ქმნიან”.
"საქმე იცით რაშია? - უთხრა გაზეთს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ. - შეერთებულ შტატებს პირდაპირ ოფიციალური დოკუმენტის მეშვეობით არ უთქვამს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიაა. განცხადების დონეზე ეს ითქვა, მაგრამ კონგრესის ან რაიმე დოკუმენტის დონეზე - არა. ანუ კვალიფიკაცია არ მიუცია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთს, მაგრამ როდესაც ამას ამბობს, რა თქმა უნდა, თავად რუსეთიც ამას თავის თავზე მიიღებს და ისე გაიგებს, როგორც ჩვენ გვესმის. თან ასევე ამ ანგარიშში არ წერია, რომ ეს უკონტროლო ტვირთი რუსეთს შეაქვს. შესაბამისად, ესეც დავის საგანი შეიძლება იყოს. არ მგონია, ამ ანგარიშმა განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვიოს და რამე გავლენა მოახდინოს აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე. ამ ეტაპზე ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ურთიერთობების დალაგებით. არათუ ამ ანგარიშმა, თვით ჯაშუშების სკანდალმაც კი ვერ მოახერხა მათ ურთიერთობაზე გავლენა მოეხდინა, იმდენადაა ორივე მხარე დაინტერესებული ამ ურთიერთობების გაღრმავებით", - ვკითხულობთ არჩილ გეგეშიძის სიტყვებს გაზეთში. უფრო დაწვრილებით კი ამ პუბლიკაციას შაბათის „რეზონანსში“ გაეცნობით.
XS
SM
MD
LG