Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიიდან ვრცელდება ანტიბიოტიკების მიმართ ზემდგრადი ბაქტერია


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლოგო
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლოგო
პირებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საავადმყოფოებში მოხვდნენ, ევროპაში და სხვაგან გადააქვთ ანტიბიოტიკის მიმართ ზემდგრადი ბაქტერია. ეს დაადგინა ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა, რომლის ამ დაკვირვებას ფარმამრეწველობა ბაზარზე ახალი ანტიბიოტიკის გამოტანით შეეგებება.

ათ აგვისტოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „H1N1 ვირუსის“, ანუ „ღორის გრიპის“, პანდემიის საშიშროება აღარ არსებობს. ამ განცხადებას 24 საათში მოჰყვა ცნობა, რომ მეცნიერების ერთი ჯგუფი ახალი საშიშროების გავრცელებაზე ლაპარაკობს. საქმე ეხება ბაქტერიას, რომლის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს. „ახალ“ ბაქტერიას შეუძლია ისეთი გარდაქმნა, რომ ანტიბიოტიკების მიმართ პრაქტიკულად მედეგი გახდეს. ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალ „ლანსეტში“ გამოქვეყნებული სტატიის თანაავტორი დევიდ ლაივმორი ასე განმარტავს პრობლემას:

„საქმე ისაა, რომ როცა მედეგობა ძლიერდება, ამ ბაქტერიის მიერ გამოწვეული ინფექციის მკურნალობა ძალიან რთულდება. ჩვეულებრივ, ერთი-ორი ანტიბიოტიკი ყოველთვის აქვთ ექიმებს ხელთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრძოლის საშუალება აღარ გვრჩება.“

გენი, რომელიც სხვადასხვა ბაქტერიებს შორის მოძრაობს და მათ მედეგობას იწვევს, აღმოაჩინეს ბრიტანელი პაციენტების ორგანიზმში ინდოეთსა და პაკისტანში მათი მკურნალობის შემდეგ. მათი უმეტესობა ამ ქვეყნებში იაფფასიანი პლასტიკური ოპერციებისთვის იმყოფებოდა. პირველად ის დაუდგინეს შვედ მოქალაქეს, რომელმაც ინდოეთის საავადმყოფოში დაყო რამდენიმე დღე. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გენის გამოვლენის სიხშირე იზრდება. ისინივე ვარაუდობენ, რომ ინდოეთში ის უკვე საკმაოდაა გავრცელებული. ბაქტერიის არსებობა დადგენილია პაკისტანში, ბანგლადეშში, ისევე როგორც უკვე იქიდან დაბრუნებული პირების ორგანიზმებში ავსტრალიაში, კანადაში, ნიდერლანდში, შვეციაში, ასევე აშშ-ში და, როგორც ითქვა, ბრიტანეთში, სადაც ის 37 პირს აღმოუჩინეს. დღესდღეობით მათი რიცხვი მცირეა, მაგრამ კვლევის ავტორები მოელიან, რომ გენი გავრცელდება, მით უმეტეს, რომ მას აქვს მრავალფეროვნებისკენ სწრაფვის, ანუ სხვადასხვა ინფექციის სახით გამოვლენის უნარი.

ლაივმორი მოელის, რომ „მედეგობა შეიძლება შეიძინოს სხვადასხვა ბაქტერიამ და ეს - უკვე წინააღმდეგობის უნარის მქონე - ბაქტერიები შეიძლება გავრცელდეს სხვა პაციენტებზე. ამის შემდეგ შეგვექმნება უკვე პრობლემა. ბევრად უფრო რთული გახდება ინფექციების ფართო სპექტრთან ბრძოლა.“

ბრიტანელ მკვლევართა აზრით, ანტიბიოტიკების მიმართ ამ ზემედეგი ბაქტერიის წინააღმდეგ საჭიროა ახალი ანტიბიოტიკის მიღებისთვის თანხების გამოყოფა. მათივე აზრით, კარგი იქნება მსოფლიო საზედამხედველო სისტემის შექმნა. უკვე პრაქტიკულად განსჯის ანდერს ეკბლომი, „ასტრასენეკას“ ფარმაცევტიული კომპანიის ხელმძღვანელი. მისი ფირმა ამზადებს კარბაპენემის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებიც ფართო სპექტრისაა, ძლიერია, მაგრამ მისი ზოგიერთი წარმომადგენელი საზიანოა ორგანიზმისთვის. ეკბლომი ამბობს, რომ მისი ფირმა უკვე მუშაობს ახალ, ძლიერი მოქმედების ანტიბიოტიკზე და რომ ეს აუცილებელია, რადგან ბაქტერიები ვითარდებიან და უკვე არსებული ანტიბიოტიკები მათ ვეღარ უმკლავდებიან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და მათი თავიდან აცილების ცენტრის თანამშრომელი ელექს კალენი აცხადებს, რომ ახლად მიკვლეული გენი შეიძლება ანტიბიოტიკის მიმართ ზემედეგი ბაქტერიების ახალი ნიმუში იყოს, მაგრამ ის სიახლეს თავისთავად არ წარმოადგენს:

„ვფიქრობ და თქვენც იცით, რომ ეს ბაქტერია ძალიან სერიოზული და ძლიერი მედეგობის მქონე ორგანიზმია. ამდენად, ის ყურადსაღებია ჯანმრთელობის დაცვის მხრივ. მაგრამ ეს ახალი მექანიზმი, გენი, როგორც ასეთი, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, არ განსხვავდება იმისაგან, რაც აშშ-ში ჩვენ უკვე მიკვლეული გვაქვს.“

საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ინფექციების თავიდან ასაცილებლად და მათი გავრცელების შესაჩერებლად, ჩვეულებრივი კონტროლის გარდა, საჭიროა საავადმყოფოებში აღჭურვილობის სათანადო სტერილიზება და ასევე ხელების დაბანა ანტიბაქტერიული საპნით.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG