Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 12 აგვისტო 2010


”რეზონანსში” ქვეყნდება ინტერვიუ ვლადიმერ სანაკოევთან, რომელიც ბოლო დრომდე ”დროებითი ადმინისტრაციის” ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მრჩეველი იყო. ვლადიმერ სანაკოევს თავად უთხოვია ”რეზონანსისთვის” ინტერვიუს ჩაწერა. ის ოჯახური პირობების გამო რუსეთში აპირებს წასვლას და სურს, რომ არ გავრცელდეს ჭორი მისი გაქცევის შესახებ. ”რეზონანსის” ავტორი შესავალშივე აღნიშნავს, რომ სანაკოევი არ მალავს უკმაყოფილებას საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ: ”იმედი მქონდა, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით მივაღწევდით იმ მიზანს, რომელსაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამის საშუალება იყო, რომ არ ყოფილიყო ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული”, - ამბობს ვლადიმერ სანაკოევი, რომელიც თვლის, რომ, პირველ რიგში, საჭირო იყო სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხის ნდობის აღდგენა. ვლადიმერ სანაკოევის აზრით, დიმიტრი სანაკოევი თავის ერზე მზრუნველი ლიდერი უნდა გამხდარიყო და ეს რომ ასე არ მოხდა, არა მისი სისუსტის, არამედ ”იმათი შეცდომაა, ვინც ამ პროცესს ხელმძღვანელობს”.

”ყველა სიახლე” დღეს კიდევ ერთი ომის თარიღს ეხმაურება - ეს არის 1992 წლის 14 აგვისტო, როცა საქართველოს შინაგანი ჯარი აფხაზეთში შევიდა. ავტორი წერს: ” ‘ისტებად’ დაყოფილ საქართველოში ეს ომი ვერ იქცა სამამულო ომად. ქვეყანა არ ცხოვრობდა ამ ომით: ფილარმონიაში კონცერტები იმართებოდა, ტელეეკრანიდან კი ხალხს სავაჭროდ თურქეთში ეპატიჟებოდნენ. ამიტომ თქვა მწერალმა აკა მორჩილაძემ: ”ჩვენ მაშინ ვიღაცები გვეძახდნენ, სამშობლო - არა”. სტატიის გარდა, ”ყველა სიახლეში” აფხაზეთში ომის დაწყების თარიღის გამო ინტერვიუებიც ქვეყნდება. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე: ”ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ჩვენ დათმობებზე წასვლა მოგვიწევს. სხვა საკითხია, რა ფორმით მოხერხდება ეს. აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივა არსებობს, თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ დღეს ისინი რუსებისგან შევიწროებულად გრძნობენ თავს”. აფხაზეთის საკითხზე ”ყველა სიახლე” გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუსაც აქვეყნებს: ”შევარდნაძემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა 1997 წელს, როდესაც ევგენი პრიმაკოვთან ერთად ვლადისლავ არძინბა ფედერაციულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას დათანხმდა და თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ, პოპულარობის დაკარგვის შიშით, შევარდნაძემ ამ ხელშეკრულებაზე უარი თქვა. წარმოგიდგენიათ, დღეს არძინბას და რუსების მიერ დამოწმებული ფედერაციული შეთანხმება რომ გვქონოდა.”

”24 საათი” ექსპერტებს ეკითხება კონფლიქტების მოგვარებაში სახალხო დიპლომატიის როლის შესახებ. კახა გოგოლაშვილი: ”მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტებში ძირითადი პასუხისმგებლობა ოფიციალურ მხარეებს ეკისრებათ, სახალხო დიპლომატია განიხილება როგორც გადამწყვეტი მექანიზმი კონფლიქტის მოგვარებისთვის”. პაატა ზაქარეიშვილი: ”სახალხო დიპლომატია მაშინ ხდება საჭირო, როცა ძლიერია სახელმწიფოს პოლიტიკა. ამგვარი პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში სახალხო დიპლომატია უსუსურია. საქართველოში დღესდღეობით ამ ფორმატზე მოთხოვნილება არ არის, მიუხედავად შესაბამისი რესურსების არსებობისა.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული ”საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილი კონცეფცია” ქვეყნდება. დოკუმენტს ამ ნომერში 6 გვერდი უკავია. მისი პირველი ნაწილი გაზეთის წინა ნომერში დაიბეჭდა.

”ახალი თაობა” რამაზ კლიმიაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ”სახალხო კრების” შესახებაც ლაპარაკობს: ”29 სექტემბერი ლუსტრაციის დღე იქნება, გამოჩნდება ვინ არის ოპოზიცია და ვინ - ხელისუფლების ნაყიდი.”

”რას იზამს თეა თუთბერიძე, თუკი პროკურატურამ შაშკინზე გამოძიება არ დაიწყო?” – ”ალია” ამ სათაურით ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელ თეა თუთბერიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ კიდევ ერთი განცხადება შეაქვს პროკურატურაში დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ, რადგან, მოთხოვნის მიუხედავად, მას სამინისტროში არ მისცეს საფინანსო-ეკონომიკური დოკუმენტაცია. ”ეს დოკუმენტაცია იმიტომ გამოვითხოვეთ, რომ, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შესყიდვები არის განხორციელებული საბაზრო ღირებულებაზე მაღალ ფასად, არის გაბერილი შტატები სამინისტროში და კიდევ უამრავი სხვა დარღვევა. ამაზე რომ ვისაუბრო, მჭირდება დოკუმენტები”, - ამბობს თუთბერიძე, რომელთან ინტერვიუც ”ალიაში” ქვეყნდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG