Accessibility links

logo-print
23 აგვისტოს საქართველოში პირველად აღნიშნეს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღე. პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება ერთი თვის წინ მიიღო. 1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას შორის გაფორმებული თავდაუსხმელობის (ე.წ. რიბენტროპ-მოლოტოვის) პაქტით, ორმა ტოტალიტარულმა ქვეყანამ გავლენის სფეროებად დაინაწილა ევროპა, რითაც სათავე დაედო ყველაზე სისხლისმღვრელ ომს კაცობრიობის ისტორიაში. რა გავლენა იქონია 71 წლის წინანდელმა ამბებმა საქართველოს მომავალზე და რატომაა მნიშვნელოვანი 23 აგვისტოს აღნიშვნა?
23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2009 წელს გამოაცხადეს, საქართველოს პარლამენტმა კი იგივე გადაწყვეტილება ერთი წლის დაგვიანებით, 2010 წლის 21 ივლისს, მიიღო.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგი იყო კატინის ცნობილი ტრაგედია, ისევე როგორც მასობრივი დეპორტაცია (მოსახლეობის დაპატიმრება, გაციმბირება) ...
ვიდრე დადგენილებას მიიღებდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ 1939 წლის 23 აგვისტო ევროპის უახლოესი ისტორიის უმძიმესი თარიღია. ამ დღეს დადებული ხელშეკრულების საიდუმლო ოქმების მიხედვით განისაზღვრა საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ინტერესთა სფეროები, რამაც, ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, საზღვრების რღვევასა და რეპრესიების ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი:

„მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგი იყო კატინის ცნობილი ტრაგედია, ისევე როგორც მასობრივი დეპორტაცია (მოსახლეობის დაპატიმრება, გაციმბირება) ბალტიისპირეთიდან და მათ ნაცვლად რუსული კოლონიების შექმნა. იგივე ხდებოდა ნაცისტური გერმანიის მიერ დაპყრობილ პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელიც გაივსო საკონცენტრაციო ბანაკებით.“

ბონდო კუპატაძის თქმით, 1939 წლამდე ტოტალიტარული ქვეყნები რეპრესიებს, ძირითადად, საკუთარი ხალხების წინააღმდეგ მიმართავდნენ, 1939 წლის 23 აგვისტოს შემდეგ კი სისტემატური ხასიათი შეიძინა ძალადობამ დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ. საქართველოს პარლამენტის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტოტალიტარიზმი ცალკე რომელიმე სახელმწიფოსა და ერის პრობლემა როდია:
„როცა ვსაუბრობთ ტოტალიტარიზმზე, ვსაუბრობთ იმაზეც, რომ თუკი შენ დაუშვებ, რომ შენს მეზობელ ქვეყნებში (ევროპა იქნება თუ სხვა რომელიმე რეგიონის ქვეყნები) გაიმარჯვოს ტოტალიტარიზმმა, აუცილებლად ეს „წითელი მამალი“ მოგაკითხავს შენ და აუცილებლად მოვა შენს სახლშიც. ამიტომ შეფასება იმისა, რაც იყო ფაშიზმი და რაც იყო კომუნიზმი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროპის პარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას ყველა ქვეყანაში არ იზიარებენ. მაგალითად, რუსეთში ბევრი დღემდე მისტირის საბჭოთა კავშირს და არ ცნობს კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა პირველად შემოიტანა ევროპულ დისკურსში მთელი სიმწვავით გავლენის სფეროთა ცნება, ანუ ის, რის დაკანონებასა და ლეგიტიმაციას ასეთი დაჟინებთი ცდილობენ რუსეთის დღევანდელი მმართველები ...
ვიაჩესლავ მოლოტოვმა - 71 წლის წინანდელი მოვლენების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა - თითქმის საუკუნე იცოცხლა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე 5 წლით ადრე, 1986 წელს, გარდაიცვალა. საბჭოთა რეპრესიების მკვლევარი, მწერალი რევაზ კვერენჩხილაძე აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ბევრი დღემდე მისტირის ხალხთა საპყრობილედ წოდებულ ქვეყანას და სისხლიან ჯალათებს, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს:

„ამის ჩამდენებს დღესაც ვერ ელევა ქართველი ხალხის დიდი ნაწილი. სტალინზე ძვირს ვერ იტყვი! ბერიაზე ძვირს ვერ იტყვი! გაიარეთ ხაშურში - სტალინის ბიუსტი დგას, სტალინი-კაცუნა დგას ისევ!“

თუმცა სტალინის ძეგლი აღარ დგას გორში. ამასთან, საქართველოში პირველად აღინიშნა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღე, რომლის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი, გიორგი კანდელაკი, მიიჩნევს, რომ 23 აგვისტოს საქართველო ჩადგა იმ ქვეყნების რიგში, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი თავისუფლება. და კიდევ:

„მიზეზი, რის გამოც ეს თარიღი მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა პირველად შემოიტანა ევროპულ დისკურსში მთელი სიმწვავით გავლენის სფეროთა ცნება, ანუ ის, რის დაკანონებასა და ლეგიტიმაციას ასეთი დაჟინებთი ცდილობენ რუსეთის დღევანდელი მმართველები, ანუ, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კონტექსტში მოხდა ეს ყველაფერი, რამდენიმე მომენტი, ინსტინქტი თუ მიზანი, რაც ამოძრავებდა საბჭოთა კავშირს, ჯერ კიდევ ცოცხალია.“
გიორგი კანდელაკის თქმით, თარიღის აღნიშვნასთან ერთად ყურადღება მიექცევა ტოტალიტარული მემკვიდრეობის შესწავლას, რისთვისაც შემუშავდება ახალი სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები ტოტალიტარიზმის ისტორიის შესახებ, რასაც პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილება ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG