Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 27 აგვისტო 2010


მოკლედ, გეი აღლუმი არ შედგა. საბოლოო ჯამში, ზუსტად ვერც ის გაირკვა, პირველად ვინ წამოიძახა, მოდი, გეი-აღლუმი ჩავატაროთო. ”მოდელირებული გეი აღლუმის ქრონიკა” - ამის შესახებ წერს დღევანდელი ”რეზონანსი” პირველ გვერდზე. ცნობისათვის: გეი აღლუმის თემა პირველად დაახლოებით 10 დღის წინ ინტერნეტფორუმებზე გაჩნდა. შემდეგ ბულვარული პრესის ფურცლებზე მოხვდა, ცოტა ხანში კი მას თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტო შეუერთდა, წერს გაზეთი ”რეზონანსი”. როგორც პუბლიკაციის ავტორთან საუბრისას პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, ”ძალიან გასაიდუმლოებულია ამ აქციის ჩატარების თემა. ჩვენ ვერ დავასახელებთ წყაროს, რადგან ნამდვილად არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ცნობა პირველად. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქომ პრევენციის მიზნით გააკეთა განცხადება. საპატრიარქოში კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ, აღლუმის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ, სასულიერო პირები, მრევლთან ერთად მივიღებდით აქციაში მონაწილეობას და შევეცდებოდით ხელი შეგვეშალა ასეთი მცდელობისათვის”, - ამბობს მამა მიქაელი ”რეზონანსთან” საუბრისას. ვის აძლევდა ხელს ამ თემის აგორება? ამის შესახებ ”რეზონანსი” ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა. მისი თქმით, ეს ჭორი არც ოპოზიციისა და არც ხელისუფლების აგორებული არ არის: ”სავარაუდოა, რომ ჭორების ტალღა გამოიწვია ხელისუფლების გარკვეულმა ქმედებებმა, რადგანაც ეს ჭორი დაემთხვა და მოჰყვა იმ ნაბიჯებს, რომელიც დევნილებისა და გარემოვაჭრეების მიმართ გადაიდგა”, - ამბობს საყვარელიძე.

”რუსები საქართველოს საზღვართან ჯარების მობილიზაციას ახდენენო”, ამ ინფორმაციას გაზეთი ”რეზონანსი” ”ნეზავისიმაია გაზეტას” მასალაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, თავის მხრივ, გენერალ-ლეიტენანტ იური ნეტკაჩოვის კომენტარს ეყრდნობა. ახალი არმია მაიკოპში განლაგდება და სოჭის ოლიმპიური ობიექტების უსაფრთხოებაზე იზრუნებს. რუსი გენერალი საქართველოს საზღვრებთან მათი სამხედროების მობილიზების მიზეზებსაც ხსნის და ამბობს, მოსკოვმა რუსეთის სამხრეთით შეიარაღებული ძალების გაძლიერება გადაწყვიტა და ეს იმ მუქარასთანაა დაკავშირებული, რომელიც საქართველოს მხრიდან ისმისო. მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს რუს გენერალს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. ის ”რეზონანსთან” საუბარში აცხადებს: ”ნეტკაჩოვი იტყუება. მას უნდა, რომ დაასაბუთოს რუსეთის ჯარების გაძლიერება კავკასიაში. არავითარი საფრთხე ქართული მხარის მხრიდან არ არსებობს”, - ამბობს ზაქარეიშვილი და განაგრძობს: ”ამწუთში საფრთხე სოჭს ემუქრება არა საქრთველოდან, არამედ ჩრდილო კავკასიიდან და მაიკოპიც ამიტომ აირჩიეს. რუსები იმას ხომ არ იტყვიან, რომ ჩვენ შიგნით გვაქვს პრობლემებიო, აგერ არის საქართევლო და აბრალებენ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს დღეს ინტერვიუს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასთან, რომელიც საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” ჩაწერა. ის ჟურნალისტს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ორი წლის თავზე აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრება: ”აშკარაა, რომ ახლა სულ სხვაგვარი ვითარებაა. საზოგადოებამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციასა და ომის მოლოდინში ცხოვრობდა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების გარანტია მიიღო. დამოუკიდებლობის აღდგენის ორი წლის შემდეგ საზოგადოებამ სტაბილურობის დაიჯერა და აფხაზეთში სამეწარმეო საქმიანობა გააქტიურდა. შეცვლილმა ვითარებამ გზა გაუხსნა არაერთი ინოვაციური პროექტის განხორციელებას. ერთი სიტყვით, აფხაზეთს, რომელმაც ყოველგვარი მუქარები და სანქციები გადაიტანა, განვითარების შანსი მიეცა და ჩვენ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ”, - აცხადებს შამბა ინტერვიუში.

”დღეს საქართველოში ყველანაირ ბიზნესს აყაჩაღებენ”, წერს გაზეთი ”ახალი თაობა”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს მრეწველთა პარტიის თავმჯდომარესთან, გოგი თოფაძესთან. ”ასეთი აღვირახსნილი ძარცვა ბიუჯეტის, ეს პროექტები, რომლებიც არაფერს იძლევა, გარდა იმისა, რომ მის უკან გარკვეული ინტერესებია, არაფერი კეთდება სოფლის მეურნეობის გადასარჩენად. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, საქართველო არის აგრარული ქვეყანა. მისი ეკონომიკა შედგებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტის შექმნითა და მათი გადამუშავებით. დღეს სოფელს ვკლავთ, სოფელი იცლება. ის, რომ ყველაფერი უცხოური შემოდის და ქართული პროდუქტი კვდება, არის გარკვეული ჯგუფების ინტერესი და არა ის, რაც საქართველოს მომავალში გამოიყვანს ამ ურთულესი მდგომარეობიდან”, - ამბობს თოფაძე ”ახალ თაობასთან” საუბარში.
XS
SM
MD
LG