Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


”სუბელიანს ხსნიან?” - ეს შეკითხვა გაზეთ ”რეზონანსის” 28 აგვისტოს ნომრის პირველ გვერდზეა გამოტანილი. გაზეთი წერს თბილისიდან სოფელ ფოცხოეწერში გადასახლებული დევნილების მძიმე მდგომარეობისა და იმ რეაქციის შესახებ, რომელიც მოახდინა დევნილთა გამოსახლების პროცესზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, საქართველოს სახალხო დამცველმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ. მან ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა მოითხოვა. ”რეზონანსის” შეფასებით, ”დიდი ალბათობით, მთავრობის თუ არა, კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი მაინც უნდა დადგეს. აღსანიშნავია, რომ სუბელიანის შეცვლაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. თუმცა დღემდე მის მინისტრად ყოფნას უგულავას გავლენას უკავშირებენ. როგორც ამბობენ, სწორედ ის მფარველობს სუბელიანს. თუმცა ახლა ვითარება საკმაოდ გამწვავებულია და კულუარებში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ სუბელიანს უგულავა ამჯერად ვეღარ უშველის.”

რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შედეგებს გაზეთ ”24 საათის” შაბათის ნომერში ჩამოთვლის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე. მისი შეფასებით, რუსეთის მიერ აღიარებამ ”ცხინვალის რეგიონს მოუტანა ფული, რომელიც ადგილობრივმა რეჟიმმა რუსებთან ერთად მოიპარა. გარდა ამისა, ოსებმა და აფხაზებმა ვენესუელასა და ნიკარაგუაში იმოგზაურეს. ამასთან, აღიარების შედეგი ის არის, რომ კიდევ უფრო მეტი რუსი სამხედროა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.” თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ”რუსეთისთვის საამაყო არ არის, რომ მას ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუს რესპუბლიკამ მიბაძეს. მით უმეტეს, ნიკარაგუის და ვენესუელის მხრიდან აღიარება შესაძლოა დროებითი იყოს და როგორც კი ამ ქვეყნებში რეჟიმები შეიცვლება, დიდი შანსია, მათ ეს გადაწყვეტილებები გააუქმონ.”

ამ კვირის ”ყველა სიახლე” წერს საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის იდეაზე, რომლის შესახებაც ივლისში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, ახლახან კი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. გაზეთთან ინტერვიუში ექსპერტი კახა კაციტაძე მსგავს ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს. ”კონფედერაცია რამდენიმე სახელმწიფოსგან შექმნილი ახალი წარმონაქმნია. არ ვიცი, რა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი უნდა შევქმნათ ჩვენ და აზერბაიჯანმა. ვამბობთ, რომ აფხაზეთთან არ უნდა დავუშვათ კონფედერაცია, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო და აზერბაიჯანთან კონფედერაციაზე თანახმა ვართ?! ეჭვი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტმა, უბრალოდ, დააბრეხვა”, - ამბობს ”ყველა სიახლესთან” ინტერვიუში კახა კაციტაძე. ამავე თემაზე განსხვავებული მოსაზრება გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას გამოთქვა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ. მისი შეფასებით, ”დღევანდელი რეალობიდან, რისკებიდან და კავკასიაში არსებული პოლიტიკური პასეანსიდან გამომდინარე, კონფედერაციის იდეა საფუძვლიან განხილვას იმსახურებს. რუსეთის პოლიტიკური კურსის გამო, კონფედერაციის იდეა სულაც არ არის ეგზოტიკური. ამ საკითხს ყოველმხრივი დამუშავება სჭირდება და რისკები, პლუსები და მინუსები იუველირის სასწორზე უნდა აიწონოს.”

ამ კვირაში ქართული პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების და პედაგოგთა პირველი სასერტიფიკაციო გამოცდების არცთუ დადებითი შედეგები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2008 წელს, განათლების და მეცნიერების სამინისტროდან 600 ათასი ლარი გაუფლანგავთ. გია ნოდიამ, რომელიც იმ პერიოდში სამინისტროს ხელმძღვანელობდა, გაზეთ ”ალიას” განუმარტა, რომ ეს ფაქტი მისთვის სრული მოულოდნელობაა. ”მე არავინ დამკავშირებია გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერი პრესიდან გავიგე. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ სრულიად ვენდობოდი იმ თანამშრომლებს, ვინც ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდა, და დღესაც ვფიქრობ, რომ მართალი ვიყავი, როცა ვენდობოდი. თუ ვიღაცამ რაღაც დამისაბუთა, რომ არასწორად კეთდებოდა, გამოდის, რომ შემეშალა. მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა საფუძველი აქვს ასეთ ბრალდებებს”, - უთხრა გია ნოდიამ გაზეთ ”ალიას.”

ამ კვირაში პრესამ არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა საქართველოში პროდუქტის გაძვირებას და ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას. გაზეთმა ”საქართველოს რესპუბლიკამ” 25 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა ინტერვიუ ფინანსთა ყოფილ მინისტრ დავით ონოფრიშვილთან. მისი შეფასებით, ”ეკონომიკური კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება და ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, თუ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და არ გაირკვევა კონკრეტული ხედვა - როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა და როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა არა პიარის დონეზე, არამედ რეალურად. რაც მთავარია, უნდა გაუმჯობესდეს ადგილობრივი ბიზნესგარემო. საინტერესოა, რატომ არ შემოდის ინვესტიციები, როცა მთავრობა ამბობს, რომ ბიზნესგარემოს მხრივ პირველ ადგილზე ვართ და ფირმის გახსნა ერთ დღეშიც კი შეიძლებაო?! კი, ფირმის გახსნა ერთ დღეში შეიძლება, მაგრამ ფირმას რომ გახსნი, მერე რა მოხდება, ეს არის საკითხავი.”
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG