Accessibility links

გამოსახლებებისა და გამოცდების შედეგების კვირა


დევნილებს, რომელთაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს, ექიმი სინჯავს

დევნილებს, რომელთაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს, ექიმი სინჯავს

კვირის მოვლენები, მოდით, დევნილთა თემით დავიწყოთ, იმ პროცესზე საუბრით, რომელსაც სამეცნიერო დონეზე შესაძლოა ჯენტრიფიკაციაც ეწოდოს. ჯენტრიფიკაცია ნიშნავს ქალაქიდან - ძირითადად ქალაქის ცენტრებიდან - იმათ გაყვანას, ვისაც იქ ცხოვრების ფინანსური შესაძლებლობები სულ უფრო ნაკლები აქვს. ამ ტერმინით იმ კატეგორიის სოციალური მდგომარეობა აღინიშნება, რომელიც კაპიტალიზაციის პროცესში იჩენს ხოლმე თავს, თუმცა, ამ კატეგორიის გარდა, დევნილები სხვა, საერთაშორისო ადამიანური ნორმებით დაცულთა, კატეგორიაშიც ხვდებიან. ყველა თავმოყვარე ხელისუფლება არათუ საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარი ომების მიზეზით დევნილთ, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩასულებსაც კი უქმნის მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს. სახალხო დამცველი და მის უკან მდგარი კანონმდებლობა კვირის დასაწყისიდან გვაფრთხილებს:

გიორგი ტუღუში: „კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ დევნილს არ უნდა გაუუარესდეს მდგომარეობა, მისი გადაყვანის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შედეგად.“

ანუ, ამ ლოგიკით, დევნილების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო, ან ისეთივე მაინც დარჩენილიყო. პირობები სახარბიელო არც მანამდე ყოფილა. შედარებას და პარალელების გავლებას ცოტა მეტი სივრცე და კვლევა სჭირდება, თუმცა დევნილების რაღაც ნაწილს ელემენტარული საცხოვრებელი პირობების აწყობა თავიდან რომ უხდებათ, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.

ნინო ხარაძე: “საცხოვრებელ ოთახებში ღია წესით მოწყობილია საპირფარეშო, რომელიც თავად დევნილებმა ფარდებით ან კარადებით გადატიხრეს, დერეფნებში ყრია სამშენებლო ნარჩენები, დგას მტვერი.“

ეს - თბილისში. რეგიონებზე საუბრისას ამ კვირის მედია ყურადღებას ცნობილ ფოცხოეწერზე ამახვილებდა… ფოცხოეწერი დასახლებაა, რომელიც თავის დროზე ენგურჰესის მშენებლებისთვის აშენდა და დღეს სოციუმის ჯანმრთელი არსებობისთვის, მედიის თქმით, არასათანადოდაა აღჭურვილი. თუმცა სახელმწიფო აკეთებს იმას, რაც შეუძლია.

ვალიკო კოპალეიშვილი: „შეთავაზებები არის ამ შემთხვევაში შესაძლებლობების ფარგლებში. ამის შესაძლებლობები გვაქვს.“

სახელმწიფო აკეთებს იმას, რაც შეუძლია: დაბეჯითებით გეგმავს უზარმაზარი შუშის ხიდის აშენებას განმუხურის მახლობლად, ფოცხოეწერის ერთადერთ ცხრაკლასიან სკოლაში ელემენტარული სასწავლო პირობები შექმნას კი მხოლოდ ვარაუდობს.

დევნილებიც იმას აკეთებენ, რაც შეუძლიათ - დევნილთა მცირე ჯგუფი, რომელიც ქალაქის დატოვების წინააღმდეგია, პირს იკერავს და დევნილთა სამინისტროსთან შიმშილობას იწყებს. სამინისტროს ხელმძღვანელობა შვებულებაში გადის, ხოლო ლაშა ჩხარტიშვილი საკრებულოს წინ ჩვენს კორესპონდენტს, ჯიმშერ რეხვიაშვილს, ეუბნება:

დევნილთა ახალი საცხოვრებელი, ფოცხოეწერი
„ამ ადამიანებისთვის თბილისში ცხოვრება კომფორტის და პრესტიჟის საგანი კი არ არის, არამედ გადარჩენისთვის საჭირო ღონისძიებაა. მათ სამუშაო ადგილები დიდი ხნის შრომით და ბრძოლით მოიპოვეს აქ და მისი დაკარგვა მათი შიმშილისთვის გაწირვის ტოლფასია.“

სამუშაო ადგილების გარდა, დევნილებს, მედიის თქმით, განათლების პრობლემებიც ექმნებათ. ბევრი სტუდენტია მათ შორის, ვინც სახელმწიფომ თბილისში გასაყიდი შენობებიდან პოლიციის ესკორტით გამოაცილა, ხოლო დასახლებებში, როგორიც, მაგალითად, ფოცხოეწერია, სადაც დევნილებს სახელმწიფომ ის შესთავაზა, რაც შეუძლია, ჯერჯერობით მხოლოდ 30-მდე ბავშვის ცხრა კლასის განათლებით უზრუნველყოფაა შესაძლებელი. ჰო, მაგრამ როგორ პირობებში? ამაზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გერონტი ყალიჩავა ჰყვება:

„ორსართულიანი კომპაქტური შენობა, რომელსაც თითქმის ყველა ფანჯარა და კარი დამპალი აქვს და სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფოცხოეწერის სკოლაა. იგი სოფლის ბოლოში მდებარეობს. სკოლას ინვენტარიც ძველი აქვს. მოსწავლეთა რაოდენობა ოცდაათს არ აღემატება.“

თუმცა სამინისტრო განათლების სისტემურ გარდაქმნაზე მუშაობს, ასეთია შედეგები მასწავლებელთა გაცხრილვის ოთხწლიანი პროცესისა, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდებით დაიწყო და რომლის პირველი ეტაპის გავლა მასწავლებელთა მხოლოდ 18-მა პროცენტმა მოახერხა. თითქოს დათქმულივით, ამ პროცესს დაემთხვა მისაღებ გამოცდებში მოსწავლეთა მიერ ნაჩვენები დაბალი შედეგები: 10000-ზე მეტმა მინიმალური მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. სამინისტროში ეს ორი მოვლენა, ბუნებრივია, ერთმანეთს დაუკავშირეს:

მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მაია მიმინოშვილი: ეს არის, გარკვეულწილად, ანარეკლი იმისა, თუ რა პრობლემები გვაქვს ჩვენ სასკოლო განათლების სისტემაში, იმიტომ რომ ბავშვები მოდიან სკოლიდან და, ცხადია და ნათელია, რომ სკოლა ვერ უზრუნველყოფს ამ მოსწავლეთა მომზადებას უმაღლესი სასწავლებლისთვის.“

თუმცა არც სამინისტრო და არც მინისტრი სახელმწიფოში განათლების კონცეპტუალურ საკითხებზე არ საუბრობს - საით მიდის განათლების სისტემა? როგორ უნდა მოხდეს თანამედროვე, ბაზარზე ორიენტირებული, სისტემის ადაპტირება ძველ, საბჭოთა, სპეციალიზებაზე ნაკლებად ორიენტირებულ განათლების სისტემასთან - სისტემასთან, რომელიც, თავის მხრივ, გერმანული მოდელია და არა მხოლოდ მოსწავლეთა ტესტებისთვის მზადებას და ვიწრო სპეციალიზაციისკენ წარმართვას ისახავს მიზნად, არამედ ახალგაზრდების უფრო ფართო, ზოგად განათლებაზეა, იდეაში, ორიენტირებული? ეს მიზანი თვის დროზე რამდენად რეალურად ხორციელდებოდა, მეორე საკითხია... და თუმცა თავად დასავლურ საუნივერსიტეტო წრეებში ამ სისტემათა შედარებასა და მათ ავკარგიანობაზე სამეცნიერო საუბრები მიმდინარეობს, საქართველოში ყველაფერი უფრო მყისიერ რეაქციას ჰგავს. კარზე სასწავლო წელია მომდგარი და, ალბათ, ამიტომაც ეძღვნება დიდი კონფერენციები და ეთმობა ბევრი მედიასივრცე ასეთ საკითხებს:

დიმიტრი შაშკინი: „აწი ამ წლიდან სწავლა საქართველოში ყოველთვის თხუთმეტ სექტემბერს დაიწყება; იქნება ორი სემესტრი და პირველი სემესტრი დამთავრდება ოცდაოთხ დეკემბერს.“

ესეც ერთგვარი სტანდარტიზაციაა, ბუნებრივია. ასევე რეაქციის სახე აქვს უცხოენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანის პრეზიდენტისეულ ახალ ინიციატივას. დაბნეული განათლების სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, გამოიწვევს თუ არა ასობით უცხოენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანა ადგილობრივი კადრების უმუშევრად დატოვებას. და თუ გამოიწვევს, რა კრიტერიუმებით მოხდება ოპტიმიზაცია. რადგან, მაგალითად, კახეთში ადგილობრივმა განათლების სისტემამ ჯერ ისიც კი არ იცის, რამდენი მასწავლებელი ჩავა იქ უცხო ქვეყნიდან. ჩვენი კორესპონდენტი მოსახლეობაში ცდილობს ფონის მოსინჯვას. პასუხი კი ასეთია:

„ფსიქოლოგიურად ქართველი ქართველს უფრო გაუგებს, ვიდრე უცხოელი. ვფიქრობ, ჩვენც გვყავს ისეთი კარგი პედაგოგები, რომ შეძლებენ ჩვენს ბავშვებს კარგი ცოდნა მისცენ.“

ისევ თბილისს დავუბრუნდეთ, სადაც საკრებულოში ოპოზიციამ ხმა ამოიღო და ქალაქის მერის გეგმებსა და ფინანსებს მიადგა. ფული არამიზნობრივად დაიხარჯა, იგი საარჩევნო პერიოდზე გაიწერა, დაპირებები კი, 120 დღიანი პროგრამის მსგავსად, მხოლოდ ფიქტიურად არსებობსო... როგორც ჩანს, ქალაქის მერს სხვა გეგმები და პრიორიტეტები აქვსო. გეგმებსა და პრიორიტეტებზე, ალბათ, თვითონ იტყოდა მერი რამეს, ცოტა უფრო ღია რომ იყოს მასთან კომუნიკაცია.

მერიის პრესსამსახური: „ჯერჯერობით კომენტარს, ანუ მაგ თემაზე არ იმასვშვებით.“

დაბოლოს, ორიოდე სიტყვა ორი თარიღის შესახებ. ერთი მათგანით, რომელსაც მწვანე შუქი პარლამენტში აუნთეს, მიმდინარე კვირა დაიწყო. უფრო სწორად, პარლამენტამდე ევროპაში გადაწყდა, რომ 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების - მათ შორის, კომუნიზმის - მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნას. თუმცა რამდენად გააზრებულია ქვეყანაში ტოტალიტარიზმის რაობა და ბელადების მიმართ უსიტყვო მორჩილების საფრთხე, როგორია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ხარისხი, რომელიც,როგორც წესი, მსგავს სისტემებს ახლავს ხოლმე? ევროპული იდეების შემომტანნი გვპირდებიან, რომ

„თარიღის აღნიშნვასთან ერთად ყურადღება მიექცევა ტოტალიტარული მემკვიდრეობის შესწავლას, რისთვისაც შემუშავდება ახალი სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები ტოტალიტარიზმის ისტორიის შესახებ.“

ამ კვირაშივე აღინიშნა მეორე თარიღი, 26 აგვისტო,როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ასევე ამ კვირაში შესრულდა მოსკოვსა და თბილისს შორის პირველი პირდაპირი ფრენები, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვეტილი იყო.
XS
SM
MD
LG