Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა კვაშილავა - დევნილი


22 აგვისტო, კვირა
ცხოვრებაში არ მეგონა, რომ დღიურს ამ ასაკში დავწერდი. კი, სკოლის დროს დამიწერია. ეს ხომ გოგოების გასართობი იყო, როგორც ახლა „მესიჯობაა“. მაინც, არც კი მოვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრების არცთუ სახარბიელო და დალხენილი კვირა მექნებოდა ასასახი.

ვარ იმ ულამაზესი და საოცნებო კუთხიდან, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია და ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ ეს უმშვენიერესი მხარე საქართველოს დაუბრუნდება და ჩვენც გვეღირსება იქ დაბრუნება. მეგონა, ყველაზე უარესი აფხაზეთის ომის შემდეგ გამოვიარე და აი, ახლა, ამდენი წლის მერე, ქუჩაში აღმოვჩნდი. ჩემი ტკივილით, სავსე გულით და დაღლილი ხელით ვწერ იმას, რაც ყველაზე მეტად მთრგუნავს: არ ვიცი, მომავალში რა იქნება.

ორი კვირის წინ, 9 აგვისტოს, ლტოლვილთა სამინისტროში შევიკრიბეთ, რათა გაგვერკვია, თუ რა გველოდა და რას გვიპირებდნენ. პასუხის ნაცვლად ჩვენი დარბევა მოხდა - არცთუ მსუბუქი ფორმით. დავბრუნდით „ზაკვოს“ შენობაში, რადგან ვნახეთ, რომ ჩვენი დარბევის შემდეგ პოლიცია სწორედ „ზაკვოსკენ“ გაემართა. სიტუაცია მძაფრდებოდა. პროტესტის ნიშნად, ხალხი შენობის ეზოში დავრჩით.

10 აგვისტოს, დილის ექვსის ოც წუთზე, მთელი შენობა უკვე პოლიციით იყო ალყაშემორტყმული. გამოჩნდა პოლიციელებით სავსე ავტობუსები. ამ ნაკადს წინ უფროსობა მიუძღვებოდა. შეცვივდნენ შენობაში. ეს სურათი ჩემთვის ორმაგად საშინელი იყო: გამახსენდა აფხაზეთის ომი, იქ გავლილი შიში და საშინელება.
თავისუფლების დღიურები - ნანა კვაშილავა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:48 0:00

მოიყვანეს რვაასამდე მუშა, რომელთა საშუალებითაც სწრაფად ახდენდნენ ჩვენს გამოსახლებას. ეზოში ვნახე მრავალი ჩინოსანი, რომლებიც საათობით გალოდინებენ, რომ კაბინეტებში მიგიღონ - ჩვენს გამოსაყრელად კი მოიცალეს. ასეთი ხარჯის გაწევას, არ ჯობდა, ჩემი ოჯახისნაირი გაუბედურებული და უსახსროებისათვის ბინები დაექირავებინათ? თუმცა, რაზეა ლაპარაკი, აქეთ გვყრიდნენ და... ავადმყოფი დედაჩემი ცუდად რომ გახდა, სასწრაფო ძლივს გამოვიძახე.

ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელს ვკითხე, სად მიშვებ-მეთქი? ფოცხოში მიდიხართ, თუ არადა, ბინა იქირავეთო! სად გამაჩნდა მე ბინის ქირის ფული?! რამდენიმე ოჯახი ავტობუსებში ჩაგვყარეს და ფოცხოში წამოგვიყვანეს. აქეთ გზას ვუყურებ (სად ოხრობაში მიმაქანებენ?), იქით დედას - ნერვიულობითა და ტკივილით გაშავებული ქალის სახეს. ნუთუ ეს ყოველივე ჩვენს თავს ხდება? არ ვიცი, რა გველის და სად გაგვგზავნა ლტოლვილთა სამინისტრომ. არ ილევა გზა...

23 აგვისტო, ორშაბათი
კიდევ არ მჯერა, რომ დღიურს ვწერ. ჩემი ცხოვრების ყველაზე უარესი კვირის ამბებზე მიხდება საუბარი იმის ნაცვლად, რომ 1992-დან 2007 წლამდე ოჯახური ფუსფუსისა და სიახლეების მომტანი ამბების შესახებ მომეყოლა.

დილა. ბუნების ძალამ თავისი ჰქნა - გათენდა. მაგრამ ეს დილაც, როგორც ყველა სხვა დილა 10 აგვისტოდან მოყოლებული, არანაირი იმედის შუქით არ მათბობს. არაფერი ჩანს საიმედო.

11 საათი დაიწყო. იცის რა მადონამ, რომ ბავშვისთვის არაფერი მაქვს, გაუმზადებია ფაფა და თეფშით შემოაქვს. ნინის, ამდენი უსიამოვნოს მნახველს, შიშითა და შიმშილით სულ ფერი აქვს დაკარგული. ვუყურებ და გული მიკვდება: ბავშვმა მაინც რა დააშავა, ასეთი დღისთვის რომ გაგვწირეს? მაგრამ ბავშვს რას ეტყვი? დევნილთა სამინისტროში ასეთი ბრძანება იყო: ქუჩაში ჩვენი გაყრა! და ამას შევეწირეთ? პატარა ნინის ლამაზი ბუნება ამას ჯერ ვერ გაიგებს. თუ ის, რასაც მე ახლა ვწერ, წიგნად გამოიცა, დიდი გოგო რომ იქნება, მაშინ ვანახებ და, როგორც ისტორიის წიგნს, ისე წაიკითხავს. ახლა კი მის ჩალურჯებულ თვალებს ვუყურებ, ვუსმენ მის ტიკტიკს და ვფიქრობ: იქნებ რამე გვეშველოს... გაოცებული გვიყურებს: ამდენი ხალხის მიმოსვლა, მრავალი ორგანიზაცია, ასოციაციები, არასამთავრობოები... ჩვენი ამბავი რადიო თავისუფლებამ გააშუქა. იქნებ ვინმეს ყურამდე მიიტანონ ის, თუ რა გაჭირვებაში ჩავვარდით.

თბილისში რომ ვიყავით, რაღაც საარსებოს ვშოულობდით და ოჯახი მშიერი არ იყო. ეს რა გაგვიკეთეს? აქ, ფოცხოში, რა უნდა ვქნა? ზუგდიდში მგზავრობა არარეალურია - სამი კაცი რომ ჩავიდეს, 15 ლარია საჭირო. ამას ჰქვია, ხელ-ფეხი შემიკრესო.

დაღამდა. ჩემი ფიქრებით ვიმალები სიბნელეში, რადგან შუქიც კი არ არის.

მორიგი ღამე, მტანჯველი ფიქრები...

24 აგვისტო, სამშაბათი
ჩემი ერთი კვირის დღიური ომისდროინდელი, სევდიანი კვირის აღწერად მიმაჩნია. ვინმეს რომ ეთქვა, 2008 წლის აგვისტოს ომი აღწერეო, არ გამიჭირდებოდა. ახლაც თვალწინ მიტრიალებს რუსების ტანკები: რა „ყოჩაღად“ პარპაშებდნენ! გულისმომკვლელი სანახაობა იყო!.. მაშინ სურამში ვცხოვრობდით, პირველი დევნილობის შემდეგ. იქ ჩვენი სასაუზმე გვქონდა - „თეთრი გედი“. დღედაღამ ვშრომობდით და გაგვქონდა თავი. როგორ და რატომ წამოვედით სურამიდან, ეს უკვე ცალკე თემაა.

მეგონა, ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე დრო 2007 წლის 24 ნოემბერი იყო, როდესაც მამა მომიკლეს. ახლა კი იმაზე ვწერ, რომ მე და ჩემი ოჯახი ჩიხში მოგვამწყვდიეს. დედა ისევ ცუდად გამიხდა. ღმერთო, გთხოვ, მომეშველო და გადამირჩინო! დედა სასწრაფოდ არის საოპერაციო: ომის დროს ინვალიდად იქცა და ახლა მისი ოპერაცია 9300 ლარი ღირს.

ამ ღამის სიჩუმეში უფალთან თხოვნით მივშტერებივარ ცას, რომლისთვისაც მილიონობით ადამიანს უცქერია იმ იმედით, რომ იქნებ ვარსკვლავებში ამოეკითხა თავისი მომავალი.

მესამედ დევნილი ვარ. აი, ახლა თუ წამოვდექი ფეხზე, ესე იგი ჩემი ტანჯვა, რაც მომაყენეს, რასაც გავუძელი, ისევ დამარცხებული მექნება.

25 აგვისტო, ოთხშაბათი
დილაადრიან ავდექი. ვიგრძენი, რომ ცუდად ვიყავი, მაგრამ ოჯახში არ მითქვამს. ავადმყოფ დედას რა ვუთხრა, ანდა - უფროს ძმას, ყველა ერთნაირად ვშიმშილობთ და ვნერვიულობთ. ეს რა დღეს მოვესწარით თბილისიდან ჩამოყვანილი თორმეტი ოჯახი?!

12 საათია. სახალხო დამცველი მანუჩარ ჩილაჩავა მოვიდა. წინა შეხვედრები დამაიმედებელი იყო: წუხდა, რომ შუქი არ გვაქვს, არც არანაირი პირობები. თავისი ხარჯით პროდუქტი ამოგვიტანა. დღეს უკვე ჩანს, რომ უჭირს: ჩიხში თვითონაა, რადგან ვერაფრით გვეხმარება. ყველას მდგომარეობა ავუხსენი. ჩემი ოჯახის ასეთი უკიდურესი გაჭირვებით გამწარებული, მკაცრად და აღელვებით ვუხსნიდი. ასეთ პირობებში როგორ არ გამწარდები? რაც ომიდან გამოვედი, ჩემს ოჯახს ხომ არავინ შეუწუხებია? ვუყურებ სახალხო დამცველს და ვხედავ, მთელი გულით უნდოდა მოხმარება, მაგრამ არ გამოუვიდა.

3 საათია. მოვიდნენ ქალთა ფონდის - „ტასოს“ - წარმომადგენლები, გაესაუბრნენ დევნილებს და 100 ლარი დაგვიტოვეს. მთელი დღის დაძაბულობით და ისევ ჩვენი გულისტკივილით ვიძინებთ, თუ ამას ძილი ჰქვია. ეს ხომ უბრალოდ დამალვაა, რომ ჩვენს ტკივილებზე ჩუმად ვიფიქროთ. ასთმის მორიგი წამალი გავიკეთე და უკვე ვხედავ, რომ ძალა აღარ მაქვს...

რამდენს გავუძლო?

26 აგვისტო, ხუთშაბათი
ბუნებისაგან სითბო მოდის, მშვენიერი დილაა, მაგრამ ჩემთვის მაინც ბნელა. უიმედობისა და გაურკვევლობის მორიგი დღე. ეს დღე მართლაც არ ვიცი, რას მომიტანს.

12 საათია. დედა ცუდად გამიხდა. სასწრაფო გამოვიძახეთ. გადამირჩინეს.

დღის 2 საათია. კარზე კაკუნი. მამუკა ბჟანიამ საზამთროს ნაჭერი მოუტანა ნინის. ყველამ იცის, რომ ჩემი ძმისშვილი, ხუთი წლის ნინი, რაც თბილისიდან გამოგვყარეს, შიმშილობს. სახელმწიფო სტრატეგიაში სიტყვასიტყვით წერია: „აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს საზოგადოებისა და მისი მომავლის განუყოფელია!“ მაშ, სად არის ეს ჩვენთვის? რატომ ვშიმშილობთ? რატომ არ არის დედაჩემი დაცული?

3 საათია. თბილისიდან გაეროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, მათ შორის - ესპანელი ქალბატონი ევა. ადგილობრივ ხელმძღვანელებს არ უნდოდათ მეთქვა, რაც რეალურად გადაგვხდა თავს და რა დღეში ვიმყოფებით ამჟამად. თუ ეს ოჯახები თბილისდან აქ ჩამოგვყარეს, აქაურ პრობლემებზე ხომ უნდა ვილაპარაკოთ? ხომ უნდა ვთქვათ, რომ მშიერი ვართ; რომ არ ვიცით, მედიკამენტების გარეშე რამდენ ხანს გავძლებთ; რა სამუშაო უნდა ვნახოთ ფოცხოეწერში? რით ვიშოვოთ პურის ფული, რომ სხვისი ხელის შემყურე არ ვიყოთ?

დედაჩემი თვალებში მიყურებს და ამ ჩუმი მზერით ვხვდები, რომ მეკითხება: „გავძლებთ თუ არა აქ?“ ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში, ფუსფუსში, ოჯახსა და მთელ ნათესავებზე ზრუნვაში გაატარა, ახლა ზის პატარა ბავშვივით უმწეო, ტკივილებითა და ნერვიულობით გატანჯული. ნინიკელა ოთახში დარბის და ტიკტიკებს; ფანჯარაში გაიხედავს, თითქოს ვინმეს ელის; მიირბენს დედასთან და მოეფერება. ამ სურათს ვხედავ და რას არ ვფიქრობ. ტელეფონის ზარი მაფხიზლებს: „წითელი ჯვრიდან“ კახა ხასაია რეკავს - 3 საათზე თქვენთან ვიქნები, ლტოლვილებს შევხვდებიო. იქნებ რამე გვეშველოს? ვნახოთ...

კიდევ ერთი ორგანიზაციიდან მოვიდნენ: იურიდიული საკითხების უმცროსი მრჩეველი შოირა როზიბაევა და ნატო აბაშიძე. აქ ჩამოსვლის შემდეგ პირველი ეს ორგანიზაცია იყო, ვინც ჩვენით დაინტერესდა. მათ მიაწვდინეს ხმა არასამთავრობოებსა და სხვა ორგანიზაციებს ჩვენი აქაური გაუსაძლისი ყოფის შესახებ. ქალბატონმა შოირამ და ქალბატონმა ნატომ აღრიცხეს ოჯახები, შეადგინეს სიები, თუ ვის როგორ და რა ნივთით დაეხმარებოდნენ. მადლობა მათ დაწყებული სამუშაოსთვის! ნატომ და შოირამ გაიგეს, რომ ჩვენთან მყოფ ორსულ ქალს, მირანდა ღუბელაძეს, მშობიარობისთვის თანხა არ გააჩნდა. უცებ გადაწყვიტეს და მირანდას უთხრეს, ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები შევკრებთ ფულს და მშობიარობის ხარჯებს ჩვენ გავიღებთო.

3 საათია. დაპირებისამებრ, მოვიდა კახა ხასაია, შრილანკელ სტუმართან ერთად. ისინი გაეცნენ მდგომარეობას, გაიგეს, რამდენი ავადმყოფია ჩვენ შორის. იქნებ, წამლებით მაინც დაეხმარონ...

5 საათია. მოვიდნენ საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ თანამშრომლები, რომელთა შორის ირაკლი ტაბაღუაც იყო. ჩაიწერეს ინფორმაცია ჩვენი მდგომარეობის შესახებ: უშუქობა, პროდუქტებისა და მედიკამენტების არქონა.

27 აგვისტო, პარასკევი
ამ დილასაც შევხვდი. არ ვიცი, რადიო თავისუფლებას თუ მოეწონება ჩემი მოსაწყენი დღიური, მაგრამ მაინც ვწერ.

11-ის ნახევარია. თბილისიდან ჩამოვიდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელი, იურისტი შორენა ლათათია და მისი კოლეგები. ჩაიწერეს ყველაფერი: როგორ, რა სახით და რა კანონის დარღვევით მოხდა ჩვენი აქ ჩამოსახლება.

1 საათია. მოვიდა რუსუდან პაჭკორია, რომელმაც გვითხრა, რომ შეხვედრაზე ყველას გააცნო ჩვენი პრობლემები.

დაღამდა. სანამ დღეა და მზეა, გული კიდევ უძლებს შიმშილს და გაჭირვებას. რომ დაღამდება, სრულ სიბნელეში ჯდომა საშინელ ფიქრებს მიმძაფრებს. იქნებ დამეძინოს და დავივიწყო, რაც ჩემს თავს ხდება?

არ მეძინება...

28 აგვისტო, შაბათი
დღეს მარიამობაა. ჩემს ცხოვრებაში შაბათი მწარე მოგონების დღეა. 2007 წლის 24 ნოემბერს, შაბათს, მომიკლეს მამა - დევნილი ოჩამჩირიდან ნიაზი კვაშილავა. უფალს შევთხოვ, მამის სული ნათელში მიმყოფოს. არაჩვეულებრივი მამა, მეუღლე, ბაბუა და მეგობარი, „თოვლის ბაბუა“, რომელიც მხოლოდ სიკეთეს თესავდა ერისა და ბერის წინაშე. დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ის მამობისა და ადამიანობის იდეალი იყო.

იმ იმედით ვცოცხლობ, რომ ცხოვრებაში კიდევ მექნება ნათელი და საქმით დატვირთული დღეები; ისეთი არა, როგორიც ახლაა: მშიერი, ბნელი და უმწეო, სხვისი ხელისა და დახმარების შემყურე.

მრავალ მარიამობას დაესწარით!
XS
SM
MD
LG