Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთში 10 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა


ჩრდილოეთ ოსეთში 10 სექტემბერი გლოვის დღეა. შესაბამისი განკარგულება რესპუბლიკის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა გამოსცა. ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზარში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტი გუშინ, დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა. გამოძიებამ ტერაქტის შემსრულებლის გვარი დაადგინა. ვინმე არჩიევი ინგუშეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში აფეთქებამდე ერთი საათით ადრე ჩავიდა. მისი ავტომობილი ბაზართან გავლისას აფეთქდა. დადგენილია ავტომობილის მფლობელის ვინაობაც – დობრიევი უკვე დაკავებულია. დაკითხვისას მან განაცხადა, რომ წინა დღით ავტომობილი უცნობ პირს მიჰყიდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ გაანადგურებენ. ტერაქტის მსხვერპლთა სიაში ორი ქართული გვარიც დაფიქსირდა. როგორც ”ინტერპრესნიუსი” რუსული მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, გარდაცვლილთა სიაში, რომელიც ვლადიკავკაზის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, 1952 წელს დაბადებული კარლო კაბისაშვილი და 1960 წელს დაბადებული მზია გაზაშვილი არიან. 5 ქართველის გვარი კი დაჭრილების სიაშიც აღმოჩნდა – 1971 წელს დაბადებული მარინა სოლოშვილი, 1949 წელს დაბადებული ციური მაკარაძე, 1941 წელს დაბადებული სვეტლანა სალაშვილი, 1940 წელს დაბადებული ანდრეი ილურიძე და 1983 წელს დაბადებული ხათუნა თოხჩიშვილი. ტერაქტის შედგად დაჭრილი ასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებშია მოთავსებული. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ოჯახები ერთ მილიონ რუბლს, ხოლო დაზარალებულები 200-დან 400 ათასამდე რუბლს მიიღებენ.

XS
SM
MD
LG