Accessibility links

logo-print

დილის სტუმრები: ეკა როსტომაშვილი და ნინო ნანიტაშვილი


ეკა როსტომაშვილი და ნინო ნანიტაშვილი

ეკა როსტომაშვილი და ნინო ნანიტაშვილი

21 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) წარმომადგენელი ეკა როსტომაშვილი და პროგრამის კურსდამთავრებული ნინო ნანიტაშვილი. 2011-2012 აკადემიური წლისათვის FLEX პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 50 ფინალისტი, რომლებიც აშშ-ში ერთი წლით გაემგზავრებიან. როგორც ეკა როსტომაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახურ ცხოვრებაში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით: "პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს (მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს), რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს", - ამბობს ეკა როსტომაშვილი. ტესტირება 22 სექტემბერს დაიწყება მარნეულში. ტესტები ჩატარდება, აგრეთვე, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, ბორჯომში, ახალციხეში, თელავსა და თბილისში. FLEX - ის პროგრამის კურსდამთავრებულის ნინო ნანიტაშვილის თქმით, შეერთებულ შტატებში მიღებული განათლება და გამოცდილება, მას მომავალში კიდევ უფრო დაეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში და საქმის უკეთ წარმართვაში: "მე იქ არა მხოლოდ განათლება მივიღე, არამედ მივიღე ისეთი გამოცდილებაც, რომელიც ყველა საქმეში აუცილებლად გამოგადგება. მივეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას", - ამბობს ნინო. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX უკვე მეცხრამეტე წელია, ფუნქციონირებს. პროგრამას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ხოლო ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 292 106.
XS
SM
MD
LG