Accessibility links

logo-print

რა კომპეტენცია აქვს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას

  • ნინო როდონაია

ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია

საქართველოს პარლამენტმა 24 სექტემბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. მის მიმართ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კი მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. კომისიის ექსპერტები, რომლებიც თბილისში ახლახან იმყოფებოდნენ, ვიზიტის დასრულებისთანავე იქცნენ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მწვავე კრიტიკის ობიექტად. რამ განაპირობა ბრალდება და რა არის ვენეციის კომისიის რეალური კომპეტენცია?

”ნებისმიერ განვითარებულ საზოგადოებაში უცხოელის ან უცხოური ინსტანციის აზრს პატივს სცემენ, მაგრამ არც ერთ მსგავს საზოგადოებას არა აქვს იმის მოთხოვნილება, რომ აუცილებლად უცხოელმა უთხრას რის გაკეთებაა საჭირო და რა არის კარგი”, - ამბობს თეა წულუკიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამჟამად პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრია. მისივე თქმით: ”მსგავს განვითარებულ საზოგადოებებში მთავარი საზოგადოების აზრია და არა ხელისუფლების ან ოპოზიციის. საზოგადოებრივი აზრიდან რაც გამომდინარეობს, კანონია ხელისუფლებისთვისაც, ოპოზიციისთვისაც და არა, ვთქვათ, უცხოელის აზრი. ჩვენ გვაქვს საკუთარი ჭკუა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ რევოლუციურმა ხელისუფლებამ შეგვაჩვია, რომ თქვენ რა იცით, ძველი საბჭოელები ხართ, უკეთესად იცის უცხოელმა და მოდით, გადმოვიტანოთ ამერიკული, ფრანგული ან გერმანული კანონი. ეს შეცდომაა, რადგან, რაც კარგად ვერ დაემყნობა ჩვენს ნერგს, იმის გადმოტანა მიზანშეუწონელია. ეს განვითარებაში დროს გვაკარგვინებს.”

”თავისუფალი დემოკრატებისთვის“, როგორც თეა წულიკიანი ამბობს, მთავარია ის, თუ რას ფიქრობს საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოება და მისი მოსაზრებების შესაბამისად გარკვევა იმისა, თუ რა სჭირდება ქვეყნის განვითარებას.

საზოგადოების აზრი საფუძვლად არ დასახელებულა, როდესაც საქართველოში კონსტიტუციის შეცვლა გადაწყდა. პროექტის განხილვა პარლამენტმა დაიწყო, მიუხედავად საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის მოწოდებისა, რომ არ აჩქარებულიყო და საჯარო დისკუსია გაეგრძელებინა. სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა კონსტიტუციის ახალ პროექტში კონკრეტული საფრთხე დაინახა. კერძოდ, ის, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადება და მისი უფლებამოსილებაც სწორედ ამიტომ იზრდება. მსგავს პერსპექტივაზე ამ კვირაში კვლავ ისაუბრა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, რომელმაც პასუხისმგებლობა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიას დააკისრა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს ხელმძღვანელობა, ”ამ ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, თვალს ხუჭავს ევროპაში დე იურე დიქტატურის დაკანონების პრეცედენტზე და არ იყენებს სანქციების მექანიზმს სააკაშვილის წინააღმდეგ. ამგვარი, მიუნხენის შეთქმულების მსგავსი, პოლიტიკით, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიასაც დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა საქართველოში დატრიალებულ შემდგომ მოვლენებზე, რომელიც არც ევროსაბჭოს მოეწონება, მაგრამ იქნება გვიან.” რაც შეეხება კონკრეტულად ვენეციის კომისიას, მას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა უწოდა ”კორუმპირებული, რომელიც გამაძღარია სააკაშვილის ქრთამებით ბოლო 7 წლის განმავლობაში.” შალვა ნათელაშვილმა სწორედ ვენეციის კომისია დაადანაშაულა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია 2004 წელსაც შეცვალა და პრეზიდენტს, ანუ საკუთარ თავს, განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა, და იმის გამოც, რომ ამჯერად ამავე კომისიამ ოპოზიციის კონკრეტული ინიციატივა არ გაიზიარა, კერძოდ, დაწესებულიყო შეზღუდვა, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 5 წლის განმავლობაში აუკრძალავდა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას.

”როდესაც ამა თუ იმ საერთაშორისო ინსტანციისადმი მოლოდინი არსებობს, პირველ ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ მათგანს მოქმედების იურიდიულად დადგენილი ფარგლები, ანუ კომპეტენცია, აქვს”, - ამბობს ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი თეა წულუკიანი. მისივე თქმით, ”როდესაც ისინი ვერ სცილდებიან კომპეტენციის ფარგლებს, ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი მოლოდინი და გასაჭირი გვაქვს, გვიჩნდება იმედგაცრუება, რომელსაც ზოგი გამოხატავს მკვახე გამონათქვამებით, ზოგი, უბრალოდ, კრიტიკით, სხვები კი, საერთოდ, ჩუმდებიან. მაგრამ ის, რომ თვითონ საერთაშორისო ინსტანციები ექცევიან დადგენილ ფარგლებში, ნორმალურია, რაც ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ და არ გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი.” თეა წულუკიანის განმარტებით, ვენეციის კომისიის კომპეტენციაა შეაფასოს ის პროექტი, რომელსაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია წარუდგენს. ამ პროექტში ვენეციის კომისია ვერც ვერაფერს ჩაამატებს და ვერც იმის რეკომენდაციას გასცემს, რომ რაღაც დასამატებელია. კომისიის ექსპერტებმა უნდა მოიწონონ ან დაიწუნონ სწორედ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პროექტი. ”თუმცა არის მეორე საკითხი, რაც ჩვენში, ზომიერ პოლიტიკურ ძალაშიც კი, ხანდახან გულისწყრომას იწვევს. კერძოდ, ის, რომ მოვლენების შეფასების და მოსაზრებების გამოთქმის დასავლური სტილი, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად რბილია იმ რეჟიმთან შედარებით, რომელსაც საზოგადოება და ოპოზიცია ვებრძვით. კი ბატონო, კომპეტენციის ფარგლებს ვერ სცილდები, მაგრამ ხომ შეიძლება ისეთი ფორმა მისცე შენს შეფასებას, რომ ამან მეტი წონა შესძინოს ჩვენს არგუმენტებს ქვეყნის შიგნით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეა წულუკიანმა. მას მსგავსი რეალობა პროფესიული თვალსაზრისით კარგად ესმის, თუმცა ემოციურად გულს სწყვეტს.

მიუხედავად ამისა, ”თავისუფალ დემოკრატებს” საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაპირისპირება მიაჩნიათ არაგონივრულად და საზიანოდ მიზნისთვის, რომელიც, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ უცხოელებთან ურთიერთობა განსხვავებული სტილის სამუშაოა და მაგალითად მოჰყავს იგივე ვენეციის კომისია. მის ექსპერტებს, კომისიის კომპეტენციის კარგად ცოდნის მიუხედავად, რამდენიმე ხნის წინ წერილი გაუგზავნა და სთხოვა, საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ ბერლინის კონფერენციაზე მსჯელობისას, გამონაკლისის სახით, განეხილათ დემოკრატიული ოპოზიციის წინადადება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი უფლებამოსილების ამოწურვიდან 5 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, ”მათ განიხილეს ეს ინიციატივა ბერლინში. ამან დიდი დისკომფორტი გამოიწვია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და უკმაყოფილება საპარლამენტო უმრავლესობაში. როდესაც ვენეციის კომისიის ექსპერტები იყვნენ თბილისში, წინა კვირაში, ბატონმა მარკერტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ არ შეუძლიათ რეკომენდაცია გაგვიწიონ, ეს ინიციატივა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, მაგრამ „თუ იქნება შიდა კონსენსუსი, მიზანშეწონილი იქნებოდა.” მსგავს შეფასებას თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმუმის მიღწევად მიიჩნევს. მისივე თქმით, კომისიის ექსპერტებს ვერ მოსთხოვ იმაზე ფიქრს, თუ რეალურად რას მოუტანს საქართველოს ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული მოდელი, ან რამდენად შეესაბამება ის ქვეყნის მომავალი განვითარების კონტექსტს. რატომ არის კარგი ან ცუდი ის, რომ ახალი მოდელი 2013 წლიდან ამოქმედდება და, საერთოდ, რატომ გაჩნდა პროექტში კონკრეტულად ეს წელი. თეა წულუკიანი განმარტავს, რომ მსგავს საკითხებს ვენეციის კომისიის ექსპერტები ყურადღებას არ აქცევენ - არა წინასწარი განზრახვით, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ბედზე ზრუნვა მათი კომპეტენცია არ არის.
XS
SM
MD
LG