Accessibility links

logo-print

წითელი ხაზი - დავით გარეჯი


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და მისი ქართველი კოლეგის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი გახდა. მამედიაროვის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის გარშემო კონსულტაციები აქტიურად უნდა გაგრძელდეს და დელიმიტაციის საკითხი დროულად გადაწყდეს. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა არაერთი წელია უკვე მიმდინარეობს და მისი გაჭიანურების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს ქართული კულტურულ-რელიგიური ძეგლი - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - წარმოადგენს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. ქართული მხრიდან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის განცხადებით, საზღვრის 480 კმ-იანი მონაკვეთიდან შეთანხმება მხოლოდ 65%-ზე მოხერხდა, თუმცა კვლავ რჩება სადავო ტერიტორიები და, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. შეუთანხმებელია საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის ის 2,5-კმ-იანი მონაკვეთიც, რომელზეც განლაგებულია კლდეში გამოკვეთილი სენაკები და ზოგიერთი სხვა ძეგლი.

აზერბაიჯანის მხრიდან დავით გარეჯის ალბანურ ძეგლად გამოცხადება მიზნად ისახავს მიისაკუთროს და დაიმტკიცოს იქ არსებული მიწები. შეხედულება, რომ დავით გარეჯი ალბანური წარმოშობის ძეგლია, ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული, გვეუბნება ისტორიკოსი გია ჭანიშვილი. საინგილოსავით კახეთიც რომ დაგვეკარგა, მაშინ რა გამოდის, ალავერდი და იყალთოც ალბანური ძეგლები იქნებოდა და არა ქართული? - გვეუბნება გია ჭანიშვილი და მცირე ისტორიულ ექსკურსს გვთავაზობს:

”არავითარ კავშირში არ არის ის ალბანეთის სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ალბანეთის სამეფო მდებარეობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. დღეს მის ნაცვლად აზერბაიჯანის რესპუბლიკაა. ალბანეთი ქრისტიანული ქვეყანა იყო, მაგრამ რაც შეეხება დავით გარეჯს, მას იმ ალბანეთთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. საბჭოთა პერიოდში მიწის გარკვეული ნაწილები გადაეცა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკას და აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანის საზღვარმა რამდენიმე კილომეტრით საქართველოში შემოიწია. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამის გამო გარეჯი ალბანური კულტურაა”.

აღსანიშნავია ის, რომ ამ დროისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და სასწრაფო აღდგენას საჭიროებს. როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, დაზიანებები, გარდა კლიმატური პირობებისა, გამოიწვია ასევე წლების განმავლობაში იქ განლაგებულმა რუსულმა ბაზამ, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა საარტილერიო სწავლებები. მისივე თქმით, საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს კომპლექსის რესტავრაცია.

”ზარალი მართლაც მნიშვნელოვანია და წლიდან წლამდე მატულობს. ამ პროცესის მთლიანად შეჩერების ტექნოლოგია ჯერ მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ არის ე.წ. ”Damage Control”-ის, ანუ დაზიანების ლიმიტირების, ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ მივმართავთ”, - აღნიშნავს ნიკა რურუა.

ხელოვნებათმცოდნე ირინა ელიზბარაშვილი ამბობს, რომ კომპლექსის გადასარჩენად ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რადგან ამ ეტაპზე ძეგლის გარკვეული ნაწილი დიდი საფრთხის წინაშე დგას:

”საჭიროა დამატებითი სამუშაოები, რათა შემდგომი რღვევა არ მოხდეს, რადგან იქ არის არაჩვეულებრივი კედლის მხატვრობა, რომელიც შეიძლება დაიღუპოს და ამას სავალალო შედეგი მოჰყვეს”.

რადიო თავისუფლება კახეთის რეგიონის ჟურნალისტებს დაუკავშირდა, რომლებიც გასულ კვირას სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდნენ. ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ბერები რესტავრაციის დაწყების ერთ საშიშროებაზე საუბრობენ:

”კულტურის სამინისტრო აპირებს ნგრევის პროცესის შეჩერებას, ამის გამო შესაძლებელია იქ შეწყდეს სამონასტრო ცხოვრება. ბერებმა პირად საუბარში არ დამალეს, რომ ისინი შიშობენ, სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრის კიდევ უფრო აქეთ გადმოწევა, და კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს მოექცევა”.

საფუძველს არის მოკლებული ამგვარი შიშიო, ამბობს ჩვენთან საუბარში კულტურის მინისტრი ნიკა რურუა:

”რაც შეეხება სამონასტრო ცხოვრების იქ შეწყვეტას, ეს არასერიოზული განცხადებაა, მაგრამ თუკი რაიმე ტიპის სამუშაოს დასჭირდება სამუშაო ჯგუფის შესვლა და რამდენიმე ხნით ბერები კონკრეტულ ადგილას ვერ იცხოვრებენ, ეს ბუნებრივია და არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი რესტავრაციას. პირიქით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ რესტავრაცია დავიწყოთ. მე არაადეკვატური მგონია, რომ ამის გამო აზერბაიჯანელები კიდევ უფრო წინ წამოვლენ”.

კულტურის მინისტრი ნიკა რურუა აღნიშნავს, რომ დღესდღეობით საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი პოზიტიურ ფაზაშია შესული და შეთანხმებაც აუცილებლად მიიღწევა: ”დელიმიტაცია მოხდება და მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან”, - დარწმუნებულია კულტურის მინისტრი ნიკა რურუა.
XS
SM
MD
LG