Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი - პოლიტიკოსი


17 ოქტომბერი, კვირა
დღეს კვირაა, მაგრამ ბიუჯეტის პროექტის განხილვისთვის ვიწრო ჯგუფი ვიკრიბებით. საბიუჯეტო საკითხები უშუალოდ არ მეხება, მაგრამ საერთო პოზიციების ცოდნა, რა თქმა უნდა, დამჭირდება.

კეკელიძის ქუჩაზე, საცობის ხანგრძლივობას ჩემი შემხვედრი მანქანა ვერ იტანს, ცხენივით ფრუტუნებს და შემდეგ ისეთ ჭუჭრუტანაში იწყებს გასვლას, რომ ჩემს მანქანას ედება. მე მანქანიდან ვერ გადმოვდივარ, რადგან კარის გაღება შეუძლებელია. ვზივარ და ვერ ვხვდები, ვარ თუ არა ჩხუბის ხასიათზე. ბოლოს, ადგილზე ვრჩები, კარს მაინც ვერ ვაღებ და, მე მგონი, ეს მაწყობს კიდეც. საცობში გაჭედილი მანქანის მძღოლები გადმოდიან, ჩემი მანქანის გარშემო იკრიბებიან და იწყებენ გარჩევას, თუ ვინ არის დამნაშავე. ვუსმენ და ვხვდები, რომ სასწორი ჩემს სასარგებლოდ იხრება. მათი კამათი ჩხუბს ემსგავსება იმის შესახებ, თუ რატომ ვართ ქართველები ასეთები, ერთმანეთს რომ ყელში ვეცემით ხოლმე. მეც ქართველი ვარ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მანქანის კარს ვერ ვაღებ და ჩხუბი მეზარება. თუმცა, ამათ შემყურეს, აღელვება მეც ნელ-ნელა მეტყობა და ვხვდები, რომ ნერვები მეშლება. უცებ, გვერდიდან, ღია ფანჯარაში, ვიღაცა თავს ყოფს და ამბობს: „რა გაგჭირვებია, თეუუუს?“. დედა რომ „პუშკინიდან“ იპარებოდა და ბაღში მაკითხავდა, დაახლოებით ასე გამიხარდა ამ ხმის გაგონება! ეს ბესოა, ჩვენი ოფისიდან. ეტყობა, რომ ნარბენია. ბესო, როგორც მანქანაში გაჭედილი მძღოლის წარმომადგენელი, ებმება ჩხუბში და მას ძალიან მალე აგვარებს.

„ბიუჯეტის განხილვა სანამ დაიწყება, ჩაის დავისხამ“, - ვფიქრობ მე. სხვებსაც ვთავაზობ. მხოლოდ ვიქტორ დოლიძე სწევს მორიდებით ხელს. „კარგი, დაგისხამ, ოღონდ ფრთხილად იყავი, ვინმემ არ დაგილიოს“, - ვეუბნები მე. პასუხად ისეთი საოცარი ხუმრობა მესმის, რომ სიცილისგან ვიგუდები! პოლიტკორექტულობა მკარნახობს, ეს ხუმრობა აქ არ ჩავწერო. ისე, ვიკას ხუმრობა ჰობივით აქვს. ამ ბოლო დროს, სერიოზულ დებატებს გვაწყვეტინებს ხოლმე და აპროტესტებს, რომ ოზურგეთში ჩვენი პარტიის ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციას არა აქვს მეორე სკანერი... რა არის მაინც სისხლის ყივილი!

ბიუჯეტის განხილვაში რომ შევდივართ, სიცილის ხალისი გვეკარგება. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური ბიუჯეტიაო, ამბობენ მოწვეული ექსპერტები. ხელისუფლებამ ხალხზე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ მოიხსნაო, ამბობს ირაკლი.

შეხვედრის დასასრულ, ერთ-ერთი თანამებრძოლი ჩემს საკვირაო, ანუ სპორტულ ჩაცმულობას აკვირდება და მეუბნება: „ემზადები, არა, ქუჩის აქციებისთვის?!“ ვხვდები, რასაც გულისხმობს და გულიანად მეცინება.

მიყვარს სიცილი...

18 ოქტომბერი, ორშაბათი
დილით ოფისში ბევრი ხალხი ირევა. მათი ნაწილი ბიუჯეტის შესახებ ირაკლის ბრიფინგისთვის ემზადება. მინდა, ბრიფინგს დავესწრო, მაგრამ დრო არ მაქვს, დევნილებს ვხვდები. ბოლოს ისე ვიღლები, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობის დიდოსტატი ეკა ორცხობილას და ყავას მთავაზობს. ჯერ უარზე ვარ, მაგრამ ცოტა ხანში მის ჰუმანიტარულ დამოკიდებულებას ვაფასებ და ვთანხმდები.

ვაკო ავალიანი ბრიფინგის ფოტოებს გვიგზავნის. ყველაზე უკეთესი პორტრეტი ზურა აბაშიძისაა. „წინასაარჩევნო კამპანიისთვის უნდა შევინახოთ ეს ფოტო“, - ვუზიარებ ჩვენებს.

ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი, სულხან ღლონტი მიზიარებს ახალგაზრდების იდეას, ბათუმის ციხეში არსებული პირობები გააპროტესტონ სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ. ჩვენი ოფისის ყველაზე ახალგაზრდა კადრი, შოთიკოც, საქმეში ებმება და, როგორც ყოველთვის, მის თვალებში უკეთესი მომავალი ჩანს.

საღამოს ჩემს მეგობარ ანას ვხვდები კაფეში. ის თან მაქებს, თან მაკრიტიკებს. ვპირდები, რომ გამოვსწორდები. ის კი მპირდება, რომ ჩემზე არ ინერვიულებს. ის მიშისტი არ არის, ის ანტიოპოზიციონერია. ეს ის არის: „შევცვალოთ, ბატონო, მაგრამ ვისით?“ ბოლოს, მრავალმნიშვნელოვნად ამბობს: „აი, შენ რაღაცას შესძენ მაგ პარტიას“. სიყვარული რომ მართლაც ბრმაა... შემდეგ მეკითხება აღშფოთებული: „კი მაგრამ, ამ დემეტრაშვილის საკონსტიტუციო კომისიას არ რცხვენია?“
„შემარგე ეს ყავა“, - ვფიქრობ მე.

მერე სახლში გავრბივარ. 9 საათზე „კავკასიას“ ვუყურებ. ბ-ნ აქუბარდიასთან მიწვეული ირაკლი ბრაზს ავლენს, მაგრამ ეს ბოლომდე ის ბრაზი არაა, რომელიც მას აქვს ხელისუფლების უპასუხისმგებლო, უსამართლო და დაუნდობელი პოლიტიკის გამო. თავის თავზე ამაღლებული სხვა ასეთი ადამიანი მე არ მინახავს. გამოსვლა დასაბუთებული, კრიტიკული და ღირსეულია, როგორც ყოველთვის.

19 ოქტომბერი, სამშაბათი
დილით ატლანტიკური საბჭოს წევრები გვეწვივნენ. ყველა ადგილზე ვართ, ყველას ცალკეული სფერო გვაბარია. ამ შეხვედრაზე დასწრება არა მხოლოდ სტუმრების გამო, არამედ იმისთვისაც ღირს, რომ ნახო, როგორ მიჰყავს ის ირაკლის (ალასანიას). ამას მოსდევს შემდეგ ირაკლი (ჩიქოვანი), ჩვენი ახალი გენერალური მდივანი, რომელიც საარჩევნო გარემოს შეცვლისკენ მიმართული რვა პარტიის ინიციატივის დეტალებს ხსნის. მე მართლმსაჯულებაზე მიწევს საუბარი (არავინ მკითხოს ახლა, რომელზეო!). მექმნება შთაბეჭდილება, რომ სტუმრებმა ჩვენზე უკეთ იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში საპროცესო გარიგება ფულის ამოღების საშუალებაა და, აგრეთვე, ხელისუფლებისათვის საინტერესო პირზე „გასვლის“ და ციხეში გამწესების ყველაზე ეფექტიანი მეთოდი.

ვუბრუნდები სამუშაო ოთახს. მუშაობისას მესმის, რომ ვიღაცამ წინა ოთახში ვისოცკი ახსენა. „რა კაცი დავკარგეთ!“ – აღმომხდა მე. „ვისზე ამბობ?“ – მომესმა შეკითხვა. „ვისზე და ვალოდიაზე, ღმერთო ჩემო, ხრიპუნზე!“ – გულში ვიძახი. მაგან, „ცისფერმა ტრიომ“ და ჟაკ ბრელმა გადამატანინეს თექვსმეტი წლის ბავშვს სულის სიმარტოვე შუაგულ საფრანგეთში. კლასელები პირველი ერთი თვე არ მელაპარაკებოდნენ, საბჭოელი მანამდე ცხოვრებაში არ ენახათ. ახლა ვხვდები, რომ ეს მათი კი არა, ჩემი ბრალი იყო, რადგან ორმოცბავშვიან კლასში მხოლოდ მე ვდგებოდი შლეგივით ფეხზე მასწავლებლის კლასში შემოსვლისას. ჰოდა, ისინიც ფიქრობდნენ, ალბათ: ის, ვინც ასე იქცევა, ჯერ იდეოლოგიურად უნდა შემოწმდესო. კარგია, რომ შემამოწმეს. ჩვენმა მეგობრობამ დროს გაუძლო.

20 ოქტომბერი, ოთხშაბათი
ათის ნახევარზე რადიო თავისუფლებაში ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ ვსაუბრობ. შინაგანი სიმშვიდე, რომელიც მეუფლება იქ შესვლისას, სტრასბურგიდან დაბრუნების მერე პირველად ვიგრძენი. რეკავს მსმენელი და ამბობს, რომ, საერთოდ, რაზეა საუბარი, როდესაც ერთ დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ ვერტმფრენი ცაში ასწია და ამოჟლიტა სვანეთში ერთი ოჯახი. შეკითხვის შემდეგ სიუჟეტი ტრიალებს. თავში კი აფრასიძეების მიერ მოკლული ჩემი ნათესავი ჯიუდონ ვიბლიანი მიტრიალებს და, ამავე დროს, ჩამესმის ევროკონვენციის ძირითადი პრინციპებიც. რაც უნდა ჩაედინათ აფრასიძეებს, ვამბობ უკვე ეთერში, ხელისუფლება დამნაშავეზე კრიმინალივით არ უნდა მოიქცეს. ევგენ აფრასიძე ხელებაწეული სახლიდან გამოვიდა შვილიშვილთან ერთად. მასზე ავტომატის ჯერის მიშვება კაცის კვლა იყო ხალხურ ენაზე, ხოლო ევროპულ ენაზე - ძალის გადამეტებით გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან.

დედა ანასტასია უნდა ვნახო დღეს, ჩემი დედაო. ის საბერძნეთში, მონასტერში ყოფნისას, გავიცანი. მისი ენერგია მომცა-მეთქი, ხშირად მიფიქრია. უწმინდესის ჯანმრთელობის ამბავს ვეკითხები. მიხსნის, რომ სამკურნალოდ წავიდა და ყველაფერი კარგად ექნება. ეკლესიის დღევანდელობაზე ვუსვამ შეკითხვებს, მას კი ყველაფერი აინტერესებს: რას ვაკეთებ, რამე ხომ არ მჭირდება და რატომ არის ქართველობა დაქსაქსული.

21 ოქტომბერი, ხუთშაბათი
ოფისისკენ მივდივარ. სუბარს რა დაემართა, თავში სულ ეს მიტრიალებს. ან უცნობის ძმას? მე ხომ მისი გამარჯვებისთვის ოთხი საათი მატარებელში ვიჯექი, სტრასბურგიდან პარიზში ჩავედი, ბიულეტენი ყუთში დიდი გულმოდგინებით ჩავაგდე, მერე ისევ სადგურს მივაშურე და კიდევ ოთხი საათი ვიარე! ორივე გზაზე ბატონ მინდია უგრეხელიძესთან ერთად ვიმგზავრე და დღესაც მახსოვს ჩვენი საინტერესო საუბრები მატარებელში. გაჩეჩილაძის გახსენებაზე, ამომრჩევლის სათუთი გული უცებ მეტკინა, მაგრამ ტკივილის დრო არ მაქვს და ისევ დევნილებზე ფიქრს ვუბრუნდები. ბატონი თამაზი ქუჩაში ცხოვრობს, ქალბატონი მზია კი - ფიცრის ქოხში და შეშას ითხოვს სუბელიანისაგან, რომელიც უარზეა. მერე პატიმარი გელოვანი მახსენდება, უცნაური საქმეა... მოკლედ, ხელისუფლებას თუ არ ან აღარ მოსწონხარ, „იჯექი და ყლაპე გოგირდი“. ეს არის სულ, ამ ხელისუფლების კვინტესენცია. ჩვენს ხელისუფალთ არ უყვართ, გაიხსენონ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების წიაღში იშვნენ. ალიმონაკი გამახსენდა და ფრაზა მისი ლექსიდან: „სათაგურებად ვარდებს გვიგებენ“. საერთოდ, ძალიან ხშირად მახსენდებიან „ჩემი“ პატიმრები. გვანცა ყუფარაძე, პატარა გოგონა, მკვლელად რომ შერაცხეს, ავიაციის ხელმძღვანელი ჭანკვეტაძე, ოთხი წელი ვაჟკაცურად რომ მოიხადა სასჯელი სრულიად უდანაშაულომ. ანდა, რისთვის იჯდა ნეტავ მოლაშვილი ციხეში?! მის განაჩენში ხომ მოტივაცია საერთოდ არ არის! ბადუაშვილს ახლახან მალა გაუტეხეს, როგორ თუ ბედავ და სტრასბურგში ჩივიო... ყველა მახსენდება, იქ ვინც ჩიოდა. ერთადერთი, პატიმარი ოქრუაშვილი არ მახსენდება. უფრო სწორად, ის ისე მალე გამოვიდა საკნიდან, რომ მისი, როგორც პატიმრის საქმის დამახსოვრება ვერ მოვასწარი. მით უკეთესი მისთვის!

პირველ საათზე, ირაკლი, გია ჩიქოვანი, რომელიც ჩვენს პარტიაში რეგიონული სტრუქტურების მშენებლობას უძღვება, და მე დევნილთა სამინისტროს წინ მოშიმშილე დევნილებთან მივდივართ. ალასანიას დანახვაზე დევნილებმა გაიხარეს და ეფერებიან, დარდს უზიარებენ. ალასანიას დანახვაზე, სამინისტროს პრესსამსახურმაც გაიღვიძა და ძირს ჩამოვიდა დიქტოფონებითა და კამერით შეიარაღებული. იწერენ კადრებს და იმას, თუ რას საუბრობენ დევნილები ირაკლისთან. ვეკითხები, რისთვის არის ეს-მეთქი და მპასუხობენ, არქივისთვისო. იქიდან წამოსულებს, მანქანაში დანა პირს არ გვიხსნის.

22 ოქტომბერი, პარასკევი
დილით ზაზა გოგსაძეს ვხვდები ოფისში. ეს ის ადამიანია, რომელმაც მოსვლის პირველივე დღიდან უცნობი ადამიანი მიძმო. მან ირაკლისთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტრასბურგში თავქუდმოგლეჯილი უკან არ გავქცეულიყავი. ზაზა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ე.წ. „ფეისებსა“ და „ოპინიონ-მეიკერებთან“ მუშაობით არის დაკავებული. საშინელებაა ამდენი ბარბარიზმი! რა კარგია, რომ დედა ენის დაცვის კომიტეტი შეიქმნა. ზაზა იმდენ ხალხს იცნობს, ხანდახან ვეხუმრები, შენ ის მითხარი, ვის არ იცნობ თბილისში-მეთქი. გია ცაგარეიშვილიც გვიერთდება. ასე მგონია, გიას ბავშვობიდან ვიცნობ. ენერგია გასაყიდად აქვს და ეს გადამდებია.

შუადღისას მახსენდება, რომ საყოფაცხოვრებო საკითხებს ჩემ მაგივრად არავინ მოაგვარებს. მაღაზიაში ერთი ქალბატონი სახეზე მომჩერებია და მერე მორიდებით მეუბნება, „უი, რა პატარა გოგო ყოფილხარ, შვილო!“ 36 წლის „გოგო“ დაბნეულად ვიღიმები, არ ვიცი, ეს შეცოდებაა თუ დანანება. ალბათ, უფრო მეორე, რადგან საქართველოში ყველაფერი კარგი დიდი და გრანდიოზული უნდა იყოს.

ერთი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, ასე ამბობენ, ალასანია რა უფლებით აკრიტიკებს ბიუჯეტს, როცა მისი ოჯახი ამერიკაში ცხოვრობსო. ჩვენ რომ თავისუფალი დემოკრატები კი არა, ერთი ტელევიზია ვიყოთ, ავიღებდით დიდ პლაკატს, ზედ დავაწერდით: „ალასანიას ოჯახი დიდი ხანია, თბილისში დაბრუნდა!“ და ამ „ხრაშუნა“ ამბავს საზოგადოების განსასჯელად რომელიმე მეტროს წინ ქუჩაში დავდგამდით. მაგრამ ამის გაკეთება ჩვენ არ მოგვფიქრებია. რა უცნაურები ვართ მაინც ეს თავისუფალი დემოკრატები!

23 ოქტომბერი, შაბათი
გიორგი ბადაშვილს ვესაუბრები ტელეფონით. მან მე სტრასბურგში შემცვალა და კარიერის იურისტი გახდა ევროპულ სასამართლოში. მას, პრაქტიკულად, მარტო უწევს ახლა იმ საქმის კეთება, რასაც ორნი ვაკეთებდით. ნანობ თუ არაო, აღარ მეკითხება, რადგან ბევრჯერ ავუხსენი, რომ მისდამი დიდმა ნდობამ გადამადგმევინა ის ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მინდოდა. ის რომ არა, ქართულ საჩივრებს არასოდეს მივატოვებდი. მის ხელში კი, ვიცი, რომ ყველა ქართულ საქმეს პროფესიონალი და სანდო „პატრონი“ ჰყავს და გული მშვიდად მაქვს. თუმცა, გიორგის წინაშე სინდისის ქენჯნა მაინც მაწუხებს. ძალიან ბევრი საქმე დავუტოვე, ძალიან ბევრი... მათ შორის ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, კუხალაშვილის... რომელი ერთი ჩამოვთვალო, 500-მდე საქმე მეწერა. თუმცა, ჩემთვის უცნობი გირგვლიანის სულის წინაშე პროფესიულად პირნათელი ვარ, საჯარო სხდომა, დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩავატარე, საქმე გადაწყვეტილი, ხოლო განაჩენის ნახევარი - დაწერილი დავტოვე.

დღეს საღამოს დათო მაღრაძემ სამეფო უბნის თეატრში დაგვპატიჟა. „გამვლელო, მოიცალე ლექსისთვის“ - ასე წერია მოსაწვევზე. წინასწარ მიხარია, რომ ჯერ თავისუფალ რადიოში მივალ და მერე თეატრისკენ გავეშურები.
XS
SM
MD
LG