Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ”13 25” ათი წლისაა


 გორში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა
გორში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა
„ქალებმა, რომლებმაც კარგად იციან კონფლიქტების ფასი, ხშირად მათი დარეგულირებისა და თავიდან აცილების მამაკაცებზე მეტ შესაძლებლობებს ფლობენ. საუკუნეების მანძილზე ქალები თავიანთ ოჯახებსა და საზოგადოებაში მშვიდობის მქადაგებლების როლს ასრულებდნენ. მათ დაამტკიცეს, რომ ხელს უწყობდნენ ხიდების აშენებას და არა კედლების აღმართვას“, – ეს სიტყვები გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა 10 წლის წინათ წარმოთქვა. ამის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია - “13 25” მიიღო. რეზოლუცია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზეა, რომელიც მოლაპარაკებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდებს, გენდერული პრობლემატიკა გაითვალისწინონ. ეს გულისხმობს ქალთა განსაკუთრებულ მოთხოვნილებას რაპატრიაციის, განსახლების, რეაბილიტაციის, რეინტეგრაციისა და კონფლიქტების შემდგომ აღმშენებლობით პროცესში.

ქართულმა ორგანიზაციამ „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ გადაწყვიტა, რეზოლუციის მე–10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული გორში აღენიშნა - ქალაქში, სადაც ორი წლის წინათ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. მოძრაობის ლიდერი მანანა მებუკე ამბობს, რომ ქალთა მოძრაობა ერთი კვირის განმავლობაში კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე რეკომენდაციებს შეიმუშავებს და გაეროს უშიშროების საბჭოში გაგზავნის.

გორში გამართულ შეხვედრას შერეული ოჯახების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ეთერ კაჯაევასთვის ომის დღეების გახსენება ძალიან რთულია. მისი აზრით, სახალხო დიპლომატიას და ქალების მცდელობას კონფლიქტის მოწესრიგებისა და მშვიდობის დამყარების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შვედეთის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ანიკა კარლსონი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პროცესებში იმ ქალების ჩართვა არ ხდება, რომელთაც ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დააგროვეს. ქართველი ქალების ორგანიზაციას უკვე აქვს კავშირები ოსურ ორგანიზაციებთან და პერიოდულად შეხვედრებიც იმართება.

ცოტა ხნის წინათ ბაქოში ქართველი და ოსი ქალები შეიკრიბნენ. სწორედ იქ გადაწყდა გაეროს რეზოლუციის კვირეულის გამართვა როგორც გორში, ისე ცხინვალში. ამ შეხვედრის მონაწილე ნანა საბანაძე ამბობს, რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. საბანაძემ რადიო თავისუფლებას ერთი საიდუმლოც გაუმხილა: ქართველი და ოსი ქალები შეთანხმდნენ, გააკეთონ მშვიდობის ხეივანი, რომელიც ერგნეთში შეერთდება, თუმცა ეს იდეა ჯერ ოცნების დონეზე რჩება.

გაეროს რეზოლუციის კვირეულის ფარგლებში, გორში არაერთი ღონისძიება გაიმართება. კვირის ბოლოს ქალები გორისციხიდან ცხინვალის მიმართულებით მანათობელ ბურთებს გაუშვებენ.
XS
SM
MD
LG