Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა კანონპროექტი ქართული მედიის გადასარჩენად


საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტების პრეზენტაცია პარლამენტში
საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტების პრეზენტაცია პარლამენტში
საინიციატივო ჯგუფმა, მედიაექსპერტების, იურისტების, კონსტიტუციონალისტების შემადგენლობით, რვა კანონპროექტში შესატანი იმ ცვლილებებისა და დამატებების პრეზენტაცია მოაწყო, რომლებმაც საქართველოს მედიაში არსებული მძიმე ვითარება უნდა შეცვალონ. პრეზენტაცია პარლამენტში, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების გაფართოებულ სხდომაზე გაიმართა. სავარაუდოდ, ამ კანონპროექტებს პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს პოლიტიკური ძალა წარუდგენს.

თუ აქამდე მედიაექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები თავისუფლებაშეზღუდული ქართული მედიის მდგომარეობაზე მხოლოდ ჩიოდნენ, ამჯერად მათ კონკრეტული წინადადებები აქვთ – თუ რა უნდა შეიცვალოს კანონებში. მრავლობითში იმიტომ, რომ საინიციატივო ჯგუფი ცვლილებებსა და დამატებებს რვა კანონპროექტში წარმოადგენს. ეს ეხება საკუთრების, ფინანსური გამჭვირვალობის, ლიცენზირების, საჯარო ინფორმაციის მიღების გარანტიის, სწრაფი სასამართლოს მიღწევის, მონოპოლიზაციის, კონკურენციის საკითხებს. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, ამ ცვლილებების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ მედია არათუ ვერ ვითარდება, სულ უფრო უკან და უკან მიდის. რამდენიმე საკითხი გამოვყოთ – თუნდაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხი:
გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში

„ჩვენ აშკარად შესამჩნევად დავიხიეთ უკან. ითხოვ ინფორმაციას, არ გაძლევენ, თუ გაძლევენ – ან ნაწილობრივ, ან იმას არა, რაც რეალურად გჭირდება. არ არის არსად გამოკრული, ვინ არის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი. სისტემა ძალიან მანკიერია, ვთქვათ, თუ არ ეთანხმები კლერკს, რომელმაც მოგცა არასწორი ინფორმაცია და ასაჩივრებ ამას, აუცილებლად ზემდგომ ორგანოს უნდა მიმართო, ასე იკარგება დრო და ამასთან, არ არსებობს პრეცედენტები, როცა ზემდგომმა არათუ გამოასწორა შეცდომა, არამედ შენიშვნა მაინც მისცა მასზე დაქვემდებარებულ ჩინოვნიკს“.

ლაშა ტუღუშს ბევრი ჟურნალისტი დაეთანხმება – ბოლო წლებია, ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭირო ჟურნალისტების მთავარი ბერკეტი – ადმინისტრაციული კოდექსი ფაქტობრივად აღარ ჭრის, თუმცა კი მასში გარკვევით არის განსაზღვრული, რა არის საჯარო ინფორმაცია და რა ვადაში უნდა მიიღოს ის ნებისმიერმა მსურველმა. კანონპროექტებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, მართალია, კანონში არსებული ნორმები არ შეცვლილა, მაგრამ მოხდა მათი არასწორი ინტერპრეტაცია სახელმწიფოს მხრიდან. ანუ ის, რაც რამდენიმე წლის წინ ღია ინფორმაციად მიიჩნეოდა, დღეს ან კომერციულ, ან პირად საიდუმლოებად იქცა, ამიტომ მათ კანონებში კიდევ უფრო მეტი დაზუსტება შეიტანეს:

„ჩვენ მოგვიწია მთელი რიგი ტერმინების დაზუსტება, სადაც გონიერი ადამიანისთვის ყველაფერი ისედაც ცხადია, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც საჭიროა დაწერო, რომ ეს მოიცავს ამას და ამას, რომ ვეღარავინ შემოგედაოს“.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც მხარს ქრისტიან-დემოკრატებიც უჭერენ, ე.წ. სწრაფ და იაფ სასამართლოს ეხება.

„საკანონმდებლო დონეზე, სამართლებრივად, მართლაც შესაძლებელია არაერთი დამატებითი გარანტიის შექმნა, მაგალითად, სწრაფი და იაფი სასამართლოს იდეა, რომელიც უკავშირდება ისეთი ფაქტების აღმოფხვრას, როგორიცაა, ვთქვათ, ელემენტარული საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის ორწლიანი სასამართლო პროცესი“, - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე.

უფრო კონკრეტულად კი, სწრაფი და იაფი სასამართლოს იდეა გულისხმობს იმას, რომ, საჯარო ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს ეს ფაქტი არა ზემდგომ ორგანოში, არამედ პირდაპირ სასამართლოში, სასამართლოს კი გადაწყვეტილების მისაღებად ათდღიანი ვადა ექნება და რაც მთავარია, ახალი კანონპროექტის მიხედვით, არ იქნება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი, რომლის ოდენობაც დღეს პირველ ინსტანციაში 100 ლარია, შემდგომ ეს თანხა იზრდება.

ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრებს მკვეთრი პოზიცია აქვთ მედიამფლობელების ვინაობის შესახებაც, რაც, როგორც წესი, საქართველოში ბოლომდე ცნობილი არასოდეს არის. ლაშა ტუღუშის განმარტებით, მიზეზი მარტივია – წამყვანი ტელეარხების მფლობელი კომპანიები ოფშორულ ზონებში, ანუ ე.წ. შავი ფულის ოაზისებში არიან დარეგისტრირებულნი, რაც, ლაშა ტუღუშის აზრით, ასეთი მედიის მიმართ ნდობის ხარისხს კიდევ უფრო ამცირებს. შესაბამისად, კანონპროექტების ავტორების პრინციპული პოზიციაა, უარი ვთქვათ ოფშორებზე. ტუღუშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაგალითიც მოიშველია, რომლის მფლობელი ერთი კომპანია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, ხოლო მეორე კომპანიის პარტნიორი კომპანია ასევე ოფშორულ – მარშალის კუნძულებზე.

ჩამოთვლილი ცვლილებები და დამატებები საკანონმდებლო ინიციატივი მხოლოდ ერთი ნაწილია. ისინი ძირითადად ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა შევიდეს. კანონპროექტების პრეზენტაცია, სახალხო დამცველის ოფისისა და პარლამენტის შემდეგ, დაგეგმილია სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ხელისუფლების წინაშეც. ამ უკანასკნელის მხრიდან ბოლო განცხადება, რომელიც პარლამენტის თავჯდომარეს დავით ბაქრაძეს ეკუთვნოდა და მედიის მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხს ეხებოდა, სულ ახლახანს, წინა კვირაში გაკეთდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG