Accessibility links

ყირგიზეთის პარლამენტში მანდატები „ძმურად გაიყვეს“


ყირგიზეთის საარჩევნო კომისია

ყირგიზეთის საარჩევნო კომისია

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამი კვირა მოანდომა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას. პირველ ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა და მათ შორის, პირველ ადგილზე გასულმა „ატა-ჟურტის“ პარტიამ ამორჩეველთა ხმების მხოლოდ 8.47% მიიღო. შესაბამისად, პარლამენტში გასული პოლიტიკური ძალები კოალიციის შექმნას, არჩევნებში დამარცხებულები კი შედეგების გაპროტესტებას გეგმავენ.

პირველ ნოემბერს ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა. კომისიის თავმჯდომარის, აკილბეკ სარიევის თქმით, საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდა ხუთი პოლიტიკური ძალა:

”პარტია „ატა-ჟურტი“ – 8.47 %, ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია – 7.83%, „არ-ნამისის“ პოლიტიკური პარტია, ღირსების პარტია – 7.57%, პოლიტიკური პარტია „რესპუბლიკა“ – 6.93%, პოლიტიკურ-სოციალისტური პარტია „ატა-მეკენი“ – 5.49%. ამგვარად, ხუთპროცენტიანი ბარიერი ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა“.

10 ოქტომბრის არჩევნები ყირგიზეთში არის ისტორიული, რადგან მან უნდა შეცალოს მართვის მოდელი ქვეყანაში, სადაც უმაღლესი ხელისუფალი განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტი იყო. ყირგიზეთის ოპოზიციურმა ძალებმა მიმდინარე წლის აპრილის მასობრივი საპროტესტო აქციებისა და შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაამხეს ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი და მოგვიანებით მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს. ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, აკილბეკ სარიევის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობამ განაპირობა ხმების დათვლის პროცესის სამი კვირით გაჭიანურება:

„ამ დღეს ყველა ელოდა – ზოგი ღელავდა, ზოგი განიცდიდა, მაგრამ დიდი მადლობა ყველას, ვინც გაგებით შეხვდა ჩვენს საქმიანობას, რადგან მართლაც გვსურდა, გაგვეკეთებინა ისე, რომ ყველასთვის გასაგები გამხდარიყო და ყველას სცოდნოდა, თუ რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და რა სამუშაო გვინდა ჩავატაროთ, რათა გავამართლოთ ნდობა და ვაჩვენოთ, რა იყო ხმის დათვლის გაჭიანურების მიზეზი“.

ყირგიზეთის პარლამეტში გასულ ხუთ პარტიას სამდღიანი ვადა აქვს საპარლამენტო დელეგატების დასასახელებლად და კოალიციის ჩამოსაყალიბებლად. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზეა „ატა-იურტის“ პარტია, წინასწარი ინფორმაციით, ის უმცირესობაში აღმოჩნდება და კოალიციას პრორუსულ „არ-ნამუსის“ პარტიასთან შეკრავს. დარჩენილი სამი პარტია, რომლებსაც 120-კაციან პარლამენტში 67 ადგილი ერგო, სავარაუდოდ, მმართველ კოალიციას ჩამოაყალიბებს. ასევე, სამდღიანი ვადა აქვს არჩევნების შედეგების გასაჩივრებისთვის ხუთპროცენტიან ბარიერს მიღმა დარჩენილ 28 პარტიას. თუკი სასამართლო ვერ იპოვის შედეგების გაუქმების არსებით მიზეზს, სამი დღის შემდეგ ყირგიზეთში ახალი პარლამენტი შეიკრიბება და სულ მალე ახალი მთავრობის ფორმირებისთვის შიდა კონსულტაციებს დაიწყებს.
XS
SM
MD
LG