Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტის გაკვეთილები დევიზით – „ჯანსაღი სკოლისათვის“


ერთიანი ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია „თბილისი მარიოტში“
ერთიანი ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია „თბილისი მარიოტში“
სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების და ჯანდაცვის სამინისტროებმა გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ მხარდაჭერით, საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივი ჩაბმის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. გეგმის პრეზენტაცია 4 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმაურებული ინიციატივა, რომ ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებით უნდა ჩანაცვლებულიყო, ამ დროისათვის დასრულებულ სახეს იძენს. მიმდინარე სასწავლო წელს ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დაწყებით კლასებში, ანუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ზოგადი ფიზიკური მომზადების გაკვეთილები ტარდება, უფროსკლასელებს კი საშუალება აქვთ სხვადასხვა სპორტული სახეობა შეისწავლონ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა ამბობს, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში მუშავდებოდა, მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრები საშუალებას მისცემს და რომელიმე სპორტული სახეობის დაუფლება ბავშვისთვის ფუფუნების საგანი აღარ იქნება:

„რა თქმა უნდა, პროექტი არ ემსახურება მაღალი მიღწევების სპორტს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა სპორტს და მათ ხელმისაწვდომობას, თუმცა სკოლებში დაწყებული სპორტი დიდ ფუნდამენტს უქმნის მაღალი მიღწევების სპორტსაც. სკოლები უკვე შეუდგნენ სპორტის სახეობების არჩევას. მინიმუმი - სამი სახეობა იქნება, თუმცა, რესურსებიდან და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, მათ ექნებათ შესაძლებლობა უფრო მეტი სახეობაც აირჩიონ. თბილისში 181-მა სკოლამ უკვე შეარჩია სპორტის კონკრეტული სახეობები და შესაბამისად, სპორტის გაკვეთილებიც ტარდება”, – განაცხადა გია გალდავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ამ ეტაპისათვის სასწავლო გეგმის მიხედვით, ძირითადად, სათამაშო სპორტის სახეობებია გათვალისწინებული. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სკოლების დიდ ნაწილს სპორტის გაკვეთილების სრულყოფილად ჩასატარებლად სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ კუთხით აქტიურად მუშაობს:

„ბუნებრივია, სასპორტო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია . განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, არაერთი სკოლის სპორტული დარბაზი და მოედანი გაკეთდა. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ორ თვეში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაჭრა, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე სპორტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებული იქნება“.

როგორც სტრატეგიის ავტორები აცხადებენ, ამ ეტაპისათვის 2179 საჯარო სკოლიდან სათანადო ინფრასტრუქტურა სკოლების მხოლოს 20%-ს გააჩნია; დანარჩენები კი ან ნაწილობრივ, ან სრულიად ვერ აკმაყოფილებენ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

თავად სკოლის მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილებთან ჯერ კიდევ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. მათთვის სპორტის გაკვეთილები ისევ და ისევ იმ ფიზკულტურის გაკვეთილებთან ასოციირდება, რომლებიც, როგორც წესი, ხშირად ცდებოდა ხოლმე:

„- ჩვენ კალათბურთი და ფრენბურთი გვიტარდება.
- მნიშვნელოვანი არ არის სპორტის გაკვეთილები, მაგრამ კარგია, ვერთობით.
- უფრო ორგანიზებულად ტარდება გაკვეთილები.
- სხვაობა არ არის, ისევ ისე ტარდება, როგორც გვიტარდებოდა. სპორტი ცხრილის მიხედვით მეშვიდე გაკვეთილია, ახლაც მიმდინარეობს.

- არავინ არ დარჩა სპორტის გაკვეთილზე?

- არააა.
- როგორ არა, დარჩნენ.
- ჰოო? არ ვიცი.
- „შკოლნიკები“ დარჩნენ!”

პირველმა და მეორე კლასელებმა ჯერ კიდევ არ იციან, ასე ვთქვათ, რა დატვირთვის მატარებელია „შკოლნიკი“, ამიტომ ისინი ფიზკულტურის გაკვეთილსაც ისეთივე მონდომებით ესწრებიან, როგორც დანარჩენს. თუმცა, სოფო, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეორეკლასელი გოგონას მშობელი, ამბობს, რომ მისი შვილის სკოლის დაწყებით კლასებში ისეთი მონდომებით ტარდება კარატეს გაკვეთილები, რომ მის ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა. მსგავსი პრეტენზიები აქვთ ამავე სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების სხვა მშობლებსაც:

„ბავშვებს კარატე უტარდებათ. დატვირთვა საკმაოდ დიდია, რის გამოც, ჩემს შვილს ფეხებზე პრობლემები შეექმნა და ორი დღე სკოლაში ვერ მოვიდა. ძირითად მასწავლებელს ვთხოვე, რომ ჩემი შვილი აღარ ჩაეშვა კარატეს გაკვეთილზე“, – ამბობს სოფო.

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე განმარტავს, სასწავლო გეგმის მიხედვით, დაწყებითი კლასებისათვის რომელიმე კონკრეტული სპორტის სახეობაში მეცადინეობა რეკომენდებული არ არის და ის მშობლებს ურჩევს, სკოლის დირექციას მიმართონ.
XS
SM
MD
LG