Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გაზრდილი ტარიფები, უცვლელი მომსახურება


გორში ავტოსამრეცხაოები დახურვის პირასაა, მათი მფლობელების გაკოტრება წყლის ტარიფის გაზრდამ გამოიწვია. ადრე ისინი კუბურ მეტრ წყალში 40 თეთრს იხდიდნენ, მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ კი, გადასახადი 4 ლარით და 30 თეთრით განისაზღვრა. სამრეცხაოების მფლობელები აცხადებენ, რომ 10-ჯერ გაზრდილ გადასახადს ვერ იხდიან და საწარმოების დახურვას აპირებენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გაზრდილი გადასახადები წყალზე დამოკიდებულ მცირე საწარმოებს მძიმე მდგომარეობაში აგდებს. ხილის გადამამუშავებელ საწარმოთა მფლობელებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ხილის მცირე მოსავლისა და გაზრდილი გადასახადების გამო, ზოგიერთმა საწარმომ წელს მუშაობის დაწყებაც კი ვერ შეძლო. წყლის მრიცხველები ჯერ მხოლოდ ორგანიზაციებში დამონტაჟდა, უკმაყოფილება კი ყოველდღიურად იზრდება. მძიმე სურათია სკოლებშიც, მაგალითად, მე-3 საჯარო სკოლას მარტო წყლის გადასახადი 4000 ლარამდე მიუვიდა, ამას სხვა კომუნალური გადასახადები და ხარჯებიც ემატება. სკოლების დირექტორები არ მალავენ, რომ გაზრდილი გადასახადების პირობებში, სკოლებს თავის შენახვა გაუჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი 10-ჯერ გაიზარდა, მეწარმეები იძულებულნი იყვნენ მრიცხველებიც საკუთარი ხარჯით დაემონტაჟებინათ, მრიცხველის ფასი კი 70 ლარიდან იწყება. წყალმომარაგების კომპანიის მთავარი სპეციალისტი აკაკი ხუფენია აცხადებს, რომ ტარიფი „სემეკის“ გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული და მრიცხველიც აბონენტის ხარჯით უნდა დამონტაჟდეს, ხოლო კორპუსებში წყალგაყვანილობის სისტემები თავად მაცხოვრებლებმა უნდა მოაწესრიგონ.

წყლის გაძვირებას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც გამოეხმაურნენ. „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის, თამაზ მაყაშვილის აზრით, გაუგებარია, სემეკმა საიდან განსაზღვრა ფასი, როცა გორში ეს ბუნებრივი რესურსი თვითდინებით მოდის, კომუნიკაციებიც ძველია და მხოლოდ წყლის დაქლორვა შედის წყალმომარაგების კომპანიის კომპეტენციაში.

წყლის მრიცხველების დადგმა სახლებშიც იგეგმება. ამჟამად გორის მოსახლეობა წყლის გადასახადს ოჯახში სულთა რაოდენობის მიხედვით იხდის და მისი ფასი 60 თეთრს შეადგენს. მოსახლეობაში მრიცხველების დამონტაჟება მომავალი წლიდან იგეგმება. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ამის შემდეგ წყალ-კანალის გადასახადი 30 თეთრი იქნება.
XS
SM
MD
LG