Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ტაიმ-აუტი


„საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი
„საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი
„საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა. როგორც 11 ნოემბერს საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე თავად განაცხადა – არა სამუდამოდ, არამედ დროებით. მისივე სიტყვებით, მთავარი ამ ამბავში არის მისი გადაწყვეტილების მიზეზი – თუ რატომ აგრძელებს ქართული ოპოზიციური სპექტრის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა მოღვაწეობას ქართული პოლიტიკისგან შორს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაარსებულ ირანის საკითხებზე მომუშავე ჯგუფში.

წასვლის წინ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში დაბრუნების პირობაც დადო და თქვა, რომ ეს მხოლოდ მისი დროებითი ტაიმ-აუტია:

„მართალია მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები. დღეს წასვლის დროა. იმიტომ რომ, როდესაც მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი, მჯეროდა, აქ საქმე იყო გასაკეთებელი და საქმეც გავაკეთე. ჯერ ოფიციალურ სტრუქტურაში, შემდეგ ოპოზიციაში, ძალა არ დამიშურებია. დღეს სიმართლეა საჭირო, სიმართლე კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დღეს არ არსებობს ის მინიმალური დემოკრატია, რომ ოპოზიციამ იარსებოს. ამ ქვეყანაში დემოკრატიის ნასახიც კი აღარ არის და ოპოზიციაც ვეღარ იქნება. ოპოზიციონერობა ასეთ პირობებში კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენც მონაწილეობას ვიღებთ ხელისუფლების ილუზიებსა და ტყუილებში. ამ ტყუილში კი მონაწილეობას ვერ მივიღებ“.

ამ არგუმენტების შემდეგ „საქართველოს გზის“ უკვე ყოფილმა ლიდერმა მედიასთან დაადასტურა გავრცელებული ცნობა მისი მომავალი სამსახურის შესახებ, თუმცა კვლავ ხაზი გაუსვა ქართული პოლიტიკიდან მისი წასვლის მთავარ ფაქტორებს:

„ეს არის უშიშროების საბჭოს მიერ დაარსებული ჯგუფი, რომელიც ირანის საკითხებზე იმუშავებს და მე ამ ჯგუფის უფროსად დავინიშნე. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, აქედან რატომ მივდივარ, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და არა სად მივდივარ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ვერ გაამართლა ვერც ერთი იმედი, რაც კი ამ ქვეყანაში 2003 წლიდან არსებობდა და არათუ ვერ გაამართლა, მან ოპოზიციურ პარტიებს არსებობის ყველა გზა მოუჭრა. არ არსებობს ამ ქვეყანაში არც ერთი ადგილი, სადაც თავისუფლება სუფევს. მე კი უმოქმედოდ ვერ ვიქნები“.

ქართულ პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილი 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა და ეს პოსტი მას 2005 წლამდე ეკავა. სწორედ ის მონაწილეობდა რუსეთთან მოლაპარაკებებში საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. რუსულმა ბაზებმა 2005 წლის 19 მაისის შეთანხმების შემდეგ საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში სალომე ზურაბიშვილი მინისტრობიდან გადააყენეს. ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს 20 ოქტომბერს იპოდრომზე ჩატარებული მიტინგი და ოპოზიციაში გადასული ზურაბიშვილის ეს მიმართვაც:

„მე ახლა თქვენთან ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებ, მინდა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან“.

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკვე აფასებენ მისი კოლეგა პოლიტიკოსები. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ამ სახელთან, განსაკუთრებით რუსული ბაზების გაყვანის კონტექსტში, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს:

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მნიშვნელოვანი პროცესი უძღვოდა წინ და ერთი ხელის დაკვრით არ გაკეთებულა, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, სწორად იმოძრავა საიმისოდ, რომ მაშინ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო. სამწუხაროდ, შემდგომმა პროცესებმა ძალიან მძიმედ შემოატრიალა ეს ყველაფერი. ოპოზიციაშიც ბოლო ბრძოლები ერთად გადავიტანეთ და ვფიქრობ, რომ ის იყო იმ ღირებულებების მატარებელი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ საზოგადოებას მაინც აკლია, თუმც კი, დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებას ბევრი პოლიტიკური ძალა დეკლარირებულად აცხადებს“.

ენერგიული, მიმზიდველი და საინტერესო ფიგურა – ასეთია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასება, რომლის თქმით, სალომე ზურაბიშვილის წასვლა ქართული პოლიტიკიდან დასანანი, მაგრამ გასაგები ფაქტია.

„მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები ისე არ მიდის, როგორც მას ესახებოდა. გარკვეული იმედგაცრუება, ხელისუფლების გარდა, მას, ალბათ, ოპოზიციამაც მოუტანა, რომელიც ისე ენერგიულად არ იბრძვის, როგორც სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია საჭიროდ“.

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ პარტიას – „საქართველოს გზას“ კახაბერ სეთურიძე უხელმძღვანელებს. პარტიის ყოფილი ლიდერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოპოზიურ პარტიებს, ფაქტობრივად, დისიდენტური ცხოვრებით უწევთ ცხოვრება, „საქართველოს გზა“ თავის კურსს არ გადაუხვევს და ეს კურსი – სიმართლის თქმა იქნება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG