Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელევიზიის მსოფლიო დღე


1998 წელს გაერომ თავის წევრ ქვეყნებს ტელევიზიის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა. ტელევიზიის დღედ აირჩიეს 21 ნოემბერი, ტელევიზიის პირველი მსოფლიო ფორუმის ჩატარების თარიღი. სწორედ ამ ფორუმზე შესთავაზეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიებს, უფრო თავისუფლად გაცვალონ პროგრამები - განსაკუთრებით გადაცემები განათლების, კულტურის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებზე. რამდენად გაითვალისწინეს გაეროს რჩევა ქართულმა სატელევიოზიო არხებმა, როგორია ტელევიზიის ზემოქმედება ქართველ მაყურებელზე?

55 წლის წინ, როცა საქართველოს ტელევიზია პირველად გავიდა ეთერში, პირდაპირი ეთერის ცნება არ არსებობდა. ტელევიზია მაყურებელთან უშუალო კონტაქტს გულისხმობდა – „ახლა“ და „აქ“ იყო პირველი ტელეგადაცემების პრინციპი და, შესაბამისად, ტელეხედვის მთავარი დანიშნულება ინფორმაციის მიწოდება გახდა. ინფორმაციისა, ასე ვთქვათ „ვიზუალურ სახეებში“... მაგრამ მოგვიანებით, როცა შესაძლებელი გახდა სატელევიზიო გადაცემების დამონტაჟება, როცა სატელევიზიო ეთერი, ძირითადად, ჩაწერილ გადაცემებზე აიგო, ტელევიზიამ ახალი ფუნქცია შეიძინა – სანახაობრივ–გასართობი და საგანმანათლებლო. ის, რასაც კინოს პიონერები კინემატოგრაფის დაბადების პირველ წლებში გატაცებით მიმართავდნენ, - მაყურებლის მანიპულაცია, - კინომ თითქოს ტელევიზიას გადაულოცა და ახლა ტელევიზია გახდა საზოგადოების მანიპულაციის იარაღი, რომელსაც წარმატებით იყენებს ის, ვის ხელშიცაა ტელევიზია.

90-იანი წლების საქართველოში, სადაც პოლიტიკურმა, სოციალურმა, კულტურის კრიზისმა, ფაქტობრივად, სახლებში ჩაკეტა ადამიანები, ტელევიზიამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მანიპულაციის ამ პროცესში... რაღაც თვალსაზრისით დადებითი, რაღაც თვალსაზრისით უარყოფითი... სხვათა შორის იმ დროს, როცა მანიპულაციამ პიკს მიაღწია, „თავისუფალ თეატრში“ ავთო ვარსიმაშვილმა დადგა სპექტაკლი „ტელემისტერია“, რომელშიც ტელევიზია, წესით, აზრით რომ უნდა გაამდიდროს საზოგადოება, გახსნას საზღვრები, მიაწოდოს ადამიანებს მაქსიმალური ინფორმაცია და გააგებინოს რა ხდება მსოფლიოში, გადაიქცევა სიცოცხლის განადგურების საშუალებად, მკვლელად... პრემიერის შემდეგ ავთო ვარსიმაშვილს ვკითხეთ, ზედმეტად კრიტიკული ხომ არ არის იგი ტელევიზიის მიმართ, ადამიანებზე ასეთი, ჰიპნოზური ზემოქმედების უნარი ხომ თეატრსაც შეიძლება ჰქონდეს, მხატვრობასაც... კინოზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

“თეატრიც ასევე შეიძლება იქცეს "ზომბირების" ადგილად, როგორც კინოთეატრი, ასევე საგამოფენო დარბაზიც, მაგრამ ტელევიზია უფრო ძლიერი იარაღია, რადგან ტელევიზორი ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. თეატრში, საკონცერტო დარბაზში ჩვენ მაინც მივდივართ”, - გვითხრა ვარსიმაშვილმა

„აგრესიული ოჯახის წევრი“ – ასე დაახასიათა მაშინ ქართული ტელევიზია „ტელემისტერიაში“ მთავარი როლის შემსრულებელმა ნინო ბურდულმა. ცხადია, ტელევიზორის გათიშვას ხალხს არც მაშინ უკრძალავდნენ, 2000 - 2003 წლებში, მაგრამ აგრესიული ტელევიზია სწორედ იმას ნიშნავს, რომ ეს სატელევიზიო ხატები ადამიანს მაინც უკან მოჰყვება... ამ ხატებზე საუბრობენ ქუჩაში, სამსახურში, ინსტიტუტში, სკოლაში, საბავშვო ბაღშიც კი... მთელი ქვეყანა ხდება ტელემაყურებელი... თანაც, აგრესიული ტელევიზიის პასიური ტელემაყურებელი. მისი თქმით:

"ასეთი საშუალებებით ადამიანის სულში ფათური არ შეიძლება, მის ცხოვრებაში შეჭრა არ შეიძლება... ზოგმა არ იცის, რომ უნებლიე მიზეზი ხდება საზოგადოების, უფრო სწორად ადამიანის ნგრევის. არ მინდა, საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რადგან ეს ისეთი მასაა, რომელსაც მხოლოდ ჰიტლერის ტიპის პიროვნებები მართავენ, მე ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომლისგანაც შედგება საზოგადოება... ტელევიზიის ასეთი აგრესიულობა იმას გვასწავლის, რომ ადამიანი პირველ რიგში პიროვნება უნდა იყოს”.

გაერომ, რომელმაც ტელევიზიის მსოფლიო დღე დააწესა, ცხადია, გაითვალისწინა ტელევიზიის ეს უნარი - უარყოფითად იმოქმედოს მაყურებლის თავისუფალ ნებაზე... ამიტომაცაა ალბათ, რომ ტელევიზიის მსოფლიო დღის აღნიშვნის ინიციატივასთან ერთად, გაერომ მოუწოდა სატელევიზიო ჟურნალისტებს, ტელეარხების მფლობელებს, ევროპის სამაწყებლო საბჭოს, ამ დღეს განსაკუთრებით აქტიურად მიმართონ ნაკლებად რეიტინგული საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების რეკლამასა და პროპაგანდას. ამით ტელევიზიის მსოფლიო დღის დამაარსებლებმა შეახსენეს კიდეც საზოგადოებას, რომ ტელევიზიას მხოლოდ დესტრუქციული როლი არა აქვს... პირიქით, საუკეთესო საშუალებაა სოციალური პროგრესის მისაღწევად.

2002 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ტელევიზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით: „ტელევიზია არ უნდა გახდეს შეუწყნარებლობის, სტერეოტიპების, არაადამიანური მასალის გავრცელების საშუალება...”

როგორც ჩანს, ტელევიზიის დესტრუქციული როლი ახლა უკვე იმათაც აღიარეს, ვინც ტელევიზიის მსოფლიო დღის აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა...

ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება, თუმცა გაეროს გენერალური მდივნის ამ განცხადებას იშვიათად იხსენებენ ხოლმე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG