Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ რურუა ილორის ეკლესიაში მომხდარ ფაქტზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე განხორციელებული ვანდალური აქტის გამო დღეს ბრიფინგს გამართავს. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლის, მე-11 საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ე.წ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სრულიად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა. ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების მოშლა. ტაძარს დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ე.წ. ხახვისთავიანი გუმბათი. გარე ფასადი, მათ შორის აღმოსავლეთ კედელი, სადაც განთავსებულია ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა თეთრად არის გადაღებილი, თაღები კი წითლადაა შეღებილი. ტაძარს დამატებული აქვს ქართული არქიტექტურისთვის სრულიად უცხო სხვადასხვა რელიეფური ელემენტი. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს, ICCROM-ს (საერთაშორისო სარესტავრაციო ცენტრი), ICOMOS-ს (ძეგლების და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო ცენტრი), ICOM-ს (მუზეუმის საერთაშორისო ორგანიზაცია), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობას, EUMM-ს (ევროკავშირის მონიტორინგის მისია), გეტისა და კრესის ფონდებს, ბრიტანეთის საკონსულოს, სრულიად დიპლომატიურ კორპუსს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საშუალებები, რათა შეაჩერონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება.
XS
SM
MD
LG