Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველო: სტაბილური მომავლის უზრუნველსაყოფად”


ამ სახელწოდებით კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა 13 დეკემბერს საქართველოზე აგნარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღწერილი და შეფასებულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და, ამ პროცესების ანალიზის შესაბამისად, მოცემულია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგ და 2012-2013 წლების არჩევნებამდე 2 წლით ადრე - ამ დროით საზღვრებში მოქცეულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მიუხედავად, ჯერაც არ არის ნათელი, ქვეყანა თანამედროვე დემოკრატიად განვითარდება თუ მყიფე, ნახევრად პლურალისტურ სისტემად.

აგვისტოს ომიდან ორ-ნახევარი წლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება უფრო და უფრო კონცენტრირებული ხდება 2012-2013 წლების არჩევნების სამზადისზე. ამას გარდა, სწორედ ამ დროიდან შედის ძალაში კონსტიტუციური ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც ძალთა ახლებურ ბალანსს ქმნის. კრიზისების ჯგუფის ანგარიშის თანახმად, ამ დრომდე დარჩენილი პერიოდი სწორედ რეფორმების პროდუქტიულობითა და ხარისხითაა მნიშვნელოვანი. თავისუფალი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო და გამჭვირვალე მედია - ანგარიშის მიხედვით, ამ სფეროების გაჯანსაღებაზე ხელისუფლებამ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის რეჟიმში უნდა იზრუნოს:

”ეს სამი სფერო ჩვენ იმიტომ გამოვყავით, რომ როდესაც ზოგადად არჩევნებზე ვსაუბრობთ საქართველოში, თუ წარსულ დინამიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სწორედ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები, სასამართლოს დამოკიდებულება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და მედიის მიერ მოვლენების არაობიექტური გაშუქება ხდება ხოლმე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაძაბულობის საგანი და განხილვის თემა. სწორედ ამ თემებს მოჰყვება ხოლმე იგივე საპროტესტო აქციები, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა და ასე შემდეგ”, - გვითხრა კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფის კავკასიის ანალიტიკოსმა მედეა ტურაშვილმა, რომლის აზრითაც, ბოლო ორი წლის მანძილზე ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა სასამართლოსა და მედიის სფეროში, მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი ამ ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად.

გამოკვლევაში საგანგებოდაა გამოყოფილი,როგორც პოზიტიური ნაბიჯი, საარჩევნო კოდექსის გადახედვის თაობაზე 15 ოპოზიციურ პარტიასთან ხელისუფლების მიერ მიღწეული შეთანხმება. გამოთქმულია ასევე მოსაზრება, რომ, ოპოზიციის დანაწევრების მიუხედავად, არცთუ ისე ბევრი ძალა ემხრობა მთავრობის შეცვლას ქუჩის დემონსტრაციების გზით.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუციებსა და სისტემას, კრიზისების ჯგუფის ანგარიშში გამოთქმულია აზრი, რომ საქართველომ, რუსეთთან 2008 წლის ომის მიუხედავად, შეინარჩუნა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა.

”ხელისუფლება უფრო ცენტრალიზებული არ გამხდარა”, - შენიშნავს კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფის კავკასიის პროექტის ხელმძღვანელი ლოურენს შიიტსი.

”უფრო ცენტრალიზებული არ გამხდარა და, ჩემი აზრით, შედარებით გამჭვირვალეცაა, ვიდრე ადრე. 2008 წელთან შედარებით, მე ვიტყოდი, ოპოზიციურ ძალებთან დიალოგი გაძლიერდა. მაშინ იყო აბსოლუტური კონფრონტაცია და ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების შეცვლისაკენ ღიად მოუწოდებდნენ. ახლა კი საკითხების მთელ დიაპაზონზე მიდის დიალოგი”.

ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობის თემა კრიზისების ჯგუფის 2010 წლის ანგარიშში მრავალი მიმართულებითაა აქტუალური - მათ შორის, საკონსტიტუციო კანონის განხილვის ჭრილში. ანგარიშში, მაგალითად, აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის საჯარო განხილვის პროცედურას ოპოზიცია ნეგატიურად აფასებს.

გახდება თუ არა ახალი კონსტიტუციის ძალით მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი? ანგარიშის ავტორებისთვის არც ეს საკითხია უინტერესო, თუმცა ერთადერთი, რაც ნათლად არის მითითებული, არის ის, რომ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა საპარლამენტო სისტემის სრულად ჩამოყალიბება საქართველოში მაინც ვერ უზრუნველყო.

ბოლოს კი კრიზისების ჯგუფის ანგარიშის კიდევ ერთ საკვანძო საკითხზე შევჩერდებით. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას - და არამარტო მას - შეახსენებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან ომის შედეგების აღმოსაფხვრელად სამი წლის ვადით მიღებული 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უკვე იწურება.

”2012-2013 წლებში დასაფარი ვალდებულებები სერიოზული გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისათვის, რადგან ის ართულებს საგარეო ვალისა და სავაჭრო დეფიციტის შემცირებას, მით უმეტეს, თუ უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და ექსპორტი არ გაიზარდა. ეს პერიოდი კი სწორედ მორიგი არჩევნების ციკლს ემთხვევა”, - ვკითხულობთ საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანგარიშში, რომელიც ამჯერად კონფლიქტებს კი არა, დემოკრატიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ გზებსა და საჭიროებებს შეეხება.
XS
SM
MD
LG