Accessibility links

logo-print

ახალგორში ისევ ისვრიან


რუსული სამხედრო ვერტმფრენი ახალგორის თავზე

რუსული სამხედრო ვერტმფრენი ახალგორის თავზე

დღეს დილიდან ახალგორში რუსული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები მოძრაობენ. დაბის თავზე ვერტმფრენიც დაფრინავს. ახალგორელების თქმით, დაბაში მოძრაობენ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც შეიარაღებული სამხედროებით არის სავსე; ისმის აფეთქებების ხმაც.

მათივე ინფორმაციით, ახალგორში რუსული სამხედრო ტექნიკის გამოჩენამდე მცირე ხნით ადრე, სოფელ ყანჩავეთის მხრიდან ძლიერი სროლის ხმა ისმოდა; სოფელ ახმაჯის მხარეს 11 ერთეული მძიმე სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა; ხოლო ტყეში კვამლიც შენიშნეს.

კვირაზე მეტია ახალგორის რაიონში რუსული და ოსური სამხედრო დანაყოფები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. სწავლებების დროს იყენებენ ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა და საარტილერიო დანადგარებს. როგორც ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, გამუდმებულ სროლის ხმას ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე შეეჩვივნენ, მაგრამ დილით აფეთქებებისა და ვერტმფრენის ხმაზე გაღვიძება მაინც არასასიამოვნოა.

ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარის, ავთანდილ ყოჩიშვილის, თქმით ამჟამად დაბაში მასშტაბური წვრთნა არ მიმდინარეობს და ამის შესახებ მოსახლეობაც ინფორმირებულია.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, მოსახლეობა შეეჩვია უკვე. იქ, როცა ასეთი რამეა, აფრთხილებენ ხოლმე, მაგრამ ახლა მასშტაბური სწავლება არ არის. ერთ პატარა მონაკვეთზე, - წირქოლის მთას ვეძახით, სოფელ ყანჩავეთის ზემოთ, - ახლა რამდენიმე ბეტეერი დარბის, კვამლის მაშხალებს ისვრიან და ვარჯიშობენ; გუშინაც ასე იყო, გუშინწინაც, ადრეც იყო, ეს არ არის სიახლე“, - ამბობს ავთანდილ ყოჩიშვილი.

თვე ისე არ გავა, რომ რუსული მე-4 ბაზის და ადგილობრივი შეიარაღებული ნაწილების წარმომადგენლებმა სამხედრო სწავლებები არ გამართონ. ახალგორის გარდა ანალოგიური სწავლებები ცხინვალისა და ჯავის რაიონებშიც მიმდინარეობს. ჯარს ძირითადად მთის რელიეფზე ავარჯიშებენ. აფეთქებებისა და სროლის ხმა გორის რაიონის სოფლებშიც კარგად ისმის. ნიქოზის, ერგნეთის, დიცის, ქორდისა და მერეთის მოსახლეობა ინტენსიური სროლის გამო შეშფოთებულია. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი გასაკვირს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რუსული რეგულარული არმია მუდმივი წვრთნის რეჟიმშია, მაგრამ ქართულ საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ნებისმიერი ქვეყნის რეგულარული არმიის დანაყოფები გადიან მუდმივ მზადებას და გამონაკლისი არც რუსეთის საოკუპაციო ძალებია. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სამხედრო დანაყოფების მოვალეობაა მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ. ასე უნდა იყოს ქართულ არმიაშიც, იმედია, ქართულ ჯარშიც მეტ-ნაკლებად გადიან ასეთ მომზადებას. სამხედრო დანაყოფები იმისთვის არსებობს, რომ მათ ოპერატიულად მოახდინონ წინსვლა საბრძოლო დავალების მიხედვით. რაც შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა საზოგადოება უფრო ფრთხილად? ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო, რომ ყველა დაიძაბოს და ყოველდღიურად ელოდოს თავდასხმას იმის გამო, რომ რუსი ოკუპანტები და ადგილობრივი სეპარატისტები პოლიგონზე ისვრიან, მაგრამ არც ის იქნება სწორი საერთოდ დავივიწყოთ ის საფრთხე, რაც ჩვენს ტერიტორიაზე ამა თუ იმ მოწინააღმდეგესთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

წლების განმავლობაში აფეთქებებისა და სროლის ხმისგან დაღლილი კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის ცხინვალის და ახალგორის მხრიდან განახლებული სროლები არასასიამოვნოა. ქართული სოფლების მცხოვრებლები ამბობენ, ასეთი ინტენსივობის სროლა დიდი ხანია აღარ ყოფილა. როგორც ცნობილია, ცხინვალი მეორე წელია უკვე სამხედრო ქალაქად იქცა და რუსი ოფიცრები აცხადებენ, სწავლებები აქ მუდმივად იქნება.
XS
SM
MD
LG