Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ჩინეთიდან ჩამოიტანეს


ქუთაისი
ქუთაისი
ქუთაისის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და ლამაზი ნაძვის ხე ახალ წლამდე 5 დღით ადრე დამონტაჟდა. ქალაქის მერის გია თევდორაძის ინიციატივით, ტრადიცია აღდგა და დავით აღმაშენებლის მოედანზე სპეციალურად ჩინეთიდან ჩამოტანილი ნაძვის ხე დაიდგა. ბოლო ორი წელი მთავარი ნაძვის ხე ქალაქის რეაბილიტირებულ ისტორიულ უბანში ირთვებოდა. 17 მეტრიანი მთავარი ნაძვის დადგმით ქალაქის საახალწლოდ მორთვა დასრულდა. როგორც გია თევდორაძე აცხადებს, სადღესასწაულოდ ქუჩების მოსართავად 67 ათასი ლარი დაიხარჯა.

ახალი აქსესუარებით მხოლოდ ქალაქის ცენტრალური მოედანი მოირთო, ისტორიული უბანი და რამდენიმე ცენტრალური ქუჩა 2011 წელს უკვე მოძველებული გირლიანდებით ხვდება, საახალწლოდ გარეუბნების მორთვა კი ქალაქის ბიუჯეტში წელს გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა.

ქუთაისელთა დიდი ნაწილი ახალ წელს სახლში, ტრადიციულ სუფრასთან ხვდება. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ ტრადიციის ახლით ჩანაცვლებას ცდილობს და 2011 წელს ოჯახთან ერთად ქალაქის ქუჩებში შეხვდება.

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ხალხმრავლობაა ქუთაისის ცენტრალურ მწვანე ბაზარში. რადიო თავისუფლების რესპონდენტები ყველაზე ხშირად საკვებ პროდუქტებზე მომატებული ფასების გამო ჩივიან. ყველზე, ხორცზე, ნიგოზსა და საახალწლო სუფრისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ფასები უკვე გაიზარდა.

ქალაქის ხელისუფალთა გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო ნობათს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 1200 ოჯახი მიიღებს, სკოლამდელი ასაკის 8 ათასამდე ბავშვს ქართული წარმოების ტკბილეული დაურიგდება. სოციალური პროგრამების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ახალი წლის ღამეს მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი ქუთაისელი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური ქუთაისელებს კონცერტის შემდეგ დაუვიწყარ ფეიერვერკს ჰპირდება.
XS
SM
MD
LG