Accessibility links

პოსტსაბჭოთა კულტურა - დაკარგული სივრცის ძიებაში


”კულტურის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში”

”კულტურის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში”

ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მიერ და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით, თბილისში ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. “კულტურის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში” - ასე ეწოდება წიგნს, რომელსაც ხუთი ავტორი ჰყავს და რომელიც კულტურის სფეროში მიმდინარე იმ ტენდენციებს მიეძღვნა, რომელიც საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ საქართველოში განვითარდა.

ეს წიგნი არის მოკრძალებული მცდელობა იმის გარკვევისა, თუ რას იქმოდნენ საქართველოს მკვიდრდნი თავიანთი თავისა და სამყაროს მიმართ, რას ფიქრობდნენ და იტყოდნენ ამის თაობაზე 1980-იანი წლების ბოლოდან დღემდე, ანუ პოსტსაბჭოთა პერიოდში, ნათქვამია იმ წიგნის წინათქმაში, რომლის შექმნის იდეაც 2007 წელს ოსლოში გაჩნდა.

როგორც პროექტის ავტორი შორენა ლორთქიფანიძე გვიამბობს, იდეა სომეხ, აზერბაიჯანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად ოსლოში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების პლატფორმაზე შექმნილი დოკუმენტის დამუშავების პროცესში გაჩნდა. ჩვენი დისკუსიები ხშირად სცდებოდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი, სოციალური და კულტურული განვითარების ასპექტებს ეხებოდაო, იხსენებს შორენა ლორთქიფანიძე.

”სულ ვფიქრობდი, რომ საინტერესო იქნებოდა ისეთი რამის გაკეთება, რაც თავს მოუყრიდა კულტურაში, ხელოვნების ცალკეულ დარგებში მიმდინარე პროცესების ანალიზს პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით. შთაგონება კი ნორვეგიამ მომცა. მართალია, კონტექსტი განსხვავებულია, მაგრამ იქ ვნახე ის, თუ როგორ აისახა ხელოვნებაში 60-იანი წლების სოციალური ფონი, სიღარიბე, როგორ უპასუხა ხელოვნებამ ამ ყველაფერს”, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.

ჩვენ ამ ყველაფერს სახელად კულტურის პოლიტიკა ვუწოდეთ და წიგნში დავბეჭდეთ ის პუბლიკაციები, რომლებიც, მაგალითად, ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა დაბეჭდილიყო სხვადასხვა ჟურნალში, გაზეთში, ბლოგზე, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი ერთ წიგნად შევკარით და შევეცადეთ მიგვეწოდებინა მკითხველისათვის, თუ როგორ პოლიტიკას ატარებდა კულტურა პოსტსაბჭოთა საქართველოში, აღნიშნავს შორენა ლორთქიფანიძე.

წიგნს ხუთი ავტორი ჰყავს: დავით ბუხრიკიძე, გიორგი გვახარია, გიორგი ნიჟარაძე, ზურაბ ქარუმიძე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე. თითოეულმა მათგანმა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე კულტურული, სოციალური თუ იდეოლოგიური პროცესების საკუთარი სივრცე აირჩია და თითომ თითო პუბლიცისტური წერილი დაწერა. ავტორთაგან ყველაზე უმცროსი - და, თუ შეიძლება ითქვას, ახალბედა - ალექსანდრე ლორთქიფანიძეა. მან გადაწყვიტა კინოს შესჭიდებოდა.

”კინო? მე არ შემიძლია ვიცხოვრო მის გარეშე. ჩემი საუკეთესო მომენტი ცხოვრებაში სწორედ მაშინ იყო, როცა კინაღამ თვითონაც დავიჯერე, რომ მოჰსენ მახმალფაბი ვიყავი”, - ეს არის ციტატა აბას კიაროსტამის ფილმიდან ”ახლო კადრი”. სწორედ ამ ციტატით იწყება ალექსანდრე ლორთქიფანიძის წერილი, რომლის ძირითადი ხაზი ასე ვითარდება: ”თუკი ადრე კინო იყო ის ნაწარმი, სადაც რეალური ცხოვრების გადატანა ხდებოდა, შემდეგ უკვე კინომ იმდენად დიდი ძალა შეიძინა, რომ თავად კინოს გადმოტანა ხდება ცხოვრებაში. დღევანდელი ადამიანები ცხოვრობენ ისე, როგორ ცხოვრებასაც ხედავენ კინოში”.

ალბათ, კინოს გარეშე ცხოვრება არ წარმოუდგენია გიორგი გვახარიას, კინომცოდნეს, რომლის სახელიცა და გვარიც ძალაუნებურად კინოსთან, სუბიექტური თუ ვიქნები, განსაკუთრებულ, განსხვავებულ კინოსთან ასოციირდება. თუკი წიგნს 65-ე გვერდზე გადაშლით, იქ იპოვით წერილს, სახელწოდებით ”პოსტსაბჭოთა ეპოქის ქართული კინო-სინამდვილისადმი დამოკიდებულება”. ავტორის თქმით, ეს წერილი მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ შექმნილი ფილმების ანალიზით არ შემოიფარგლება.

”ჩემთვის უფრო საინტერესო იყო გადმომეცა ის, თუ რა კავშირი იყო პოსტსაბჭოთა ქართულ კინოსა და საბჭოთა ქართულ კინოს შორის, ან პოსტსაბჭოთა ქართველსა და საბჭოთა ქართველს შორის. ამიტომაც საბჭოთა პერიოდში გადაღებული ფილმების ანალიზსაც ნახავს ამ სტატიაში მკითხველი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული კინო ქართული კულტურისათვის, ხომ არ ვაზვიადებთ მის როლს დღეს და შეგვიძლია თუ არა გადავაფასოთ საბჭოთა ქართული კინოს ისტორია? მე ვიტყოდი, რომ ეს სტატია არის სწორედ გადაფასება”, - აღნიშნავს გიორგი გვახარია.

რეალობის შიში 90-იან წლების ქართულ კინოში ზოგადად ფორმისა და სტილის უარყოფის მთავარი მიზეზი ხდება, ამბობს გიორგი გვახარია წერილში და ქართულ პოსტსაბჭოთა კინოს, აი, ასე ახასიათებს: ”დავახასიათებდი როგორც უდროობას. როდესაც აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ უდროობასა და უსივრცობაში. თუკი ქართულ საბჭოთა კინოში დრო და გარემო არ იყო და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, დღესაც ასე ვართ”.

კიდევ ერთი წერილი, რომელიც მკითხველმა წიგნში შეიძლება იპოვოს, გიორგი ნიჟარაძეს ეკუთვნის. წერილის სათაური სულ ორი სიტყვისაგან შედგება ”ლეპტოპი და ჯვარი”. წერილის სათაურს თავად ავტორი ასე შიფრავს:

”ჩემი აზრით, დღევანდელ ქართულ საზოგადოებას განსაზღვრავს ორი ტენდენცია: ერთის სიმბოლოა ჯვარი, ხოლო მეორის ლეპტოპი. ანუ ერთი არის ტრადიციული, პატრიარქალური, მეორე კი - პროდასავლური ახალი ტექნოლოგიებითა და ახალი ღირებულებებით აღჭურვილი”.

თუკი სათაურის ავტორისეულ გაშიფვრას წერილის მცირე რეზიუმეს დავურთავთ, აი, ასეთი რამ გამოდის:

”ერთი მხრივ, ვრცელდება და მკვიდრდება ”სამრევლო კოლექტივიზმიდან” მომდინარე იმპულსები და სტერეოტიპები, ხოლო, მეორე მხრივ, ძალას იკრებს ინდივიდუალისტური ტენდენცია. ამჟამად ეს საწინააღმდეგოდ მიმართული ვექტორები ასე თუ ისე თანაარსებობენ და ღია კონფლიქტში ერთმანეთთან ნაკლებად შედიან, მაგრამ მომავალში მოსალოდნელია მათი უფრო მწვავე დაპირისპირება”.

პროექტის ავტორი შორენა ლორთქიფანიძე იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი გაგრძელდება და მოიცავს კულტურის ისეთ სფეროებსაც, როგორიცაა მუსიკა, მხატვრობა. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველოში კულტურის პოლიტიკის სახე შევქმნათ და წიგნებად ავკინძოთ, ამბობს ის.
XS
SM
MD
LG