Accessibility links

logo-print
დღეს ორი გაზეთი ეხმაურება საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების საქმეს. ”24 საათი” 18 იანვარს გამართული სასამართლო პროცესის შესახებ წერს. ”პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძეს ქრთამი - 7 მილიონი დოლარი - შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას არ გაესაჩივრებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებდა ფუქსისა და ფრენკელის კომპანიის სასარგებლოდ 98 მილიონი დოლარის გადახდას”, - წერს ”24 საათის” კორესპონდენტი და იქვე მოჰყავს ბრალდებულთა ადვოკატის სიტყვები. ის ამტკიცებს, რომ ებრაელი ბიზნესმენები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოში ჩამოიტყუეს და დააკავეს.

”საქართველოს რესპუბლიკა” კი მკითხველს ებრაელი ბიზნესმენების ამბავს ვრცელ სტატიაში უამბობს და ბეჭდავს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის 12 ოქტომბრის წერილს. ბიზნესმენები 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს. ნაწყვეტი გილაურის წერილიდან: ”ასეთი შეხვედრა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვიმსჯელოთ ყველა დეტალზე და უეჭველად პოზიტიური ეფექტი ექნება საკითხის მეგობრული მოგვარებისთვის. ამასთან დაკავშირებით უკვე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ნება მიბოძეთ ოფიციალურად მოგიწვიოთ თქვენ ბათუმში 2010 წლის 14 ოქტომბერს, რათა დავასრულოთ მორიგება და ხელი მოვაწეროთ მას.” ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი წერს, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულუსი საქართველოში ჯერ კიდევ 1992 წელს ჩამოსულან.

”რეზონანსი” წერს, რომ ”სკოლებში აღმოჩენილი 40 მილიონიანი დანაკლისის გამო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დიდკონტინგენტიან სკოლებს, რომელთაც 800 ან 800-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, ვაუჩერი შეუმცირა. ამან კლასების გამსხვილება და პედაგოგების შემცირება გამოიწვია.”

”რეზონანსშივე“ წაიკითხავთ ვრცელ სტატიას საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურის ”გაურკვეველი ბედის” შესახებაც: ”საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს ჯერ კიდევ შარშან მისცა პირობა, რომ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ანტიმონოპოლიური სამსახური შეიქმნებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, პირობა პირობად დარჩა, რადგან ამ ვალდებულების შესრულება ხელისუფლებამ უკვე რამდენჯერმე გადაავადა და როდის შესრულდება, კონკრეტული ვადა არ სახელდება.”

”ვერსია” წერს: ”ვადამდელ ყრილობას პარტიის თავმჯდომარე გადაეყენებინოს და მერე ამ ექს-ლიდერს ასე ოპტიმისტურად ესაუბროს ხელისუფლების გადაყენებაზე, უდავოდ პრეცედენტია. დაახლოებით ორ კვირაში ნოღაიდელის ახალი პარტიის სახელიც გვეცოდინება და იმასაც გავიგებთ, მწვანე და ყვითელ ტონებს ლოგოზე ამჯერად რა ფერებით ჩაანაცვლებს.” ”ვერსიის” ავტორი მკითხველს ზურაბ ნოღაიდელთან ინტერვიუს სთავაზობს. ნოღაიდელი ამბობს, რომ მის მხარეს რჩება პარტიის 67-ვე რაიონული ორგანიზაცია. ”მინდა ისიც ყველას შევახსენო, რომ ჩემ გარეშე ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია და ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ”, - ამბობს ამავე ინტერვიუში ნოღაიდელი და ასაბუთებს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ორ მთავარ საკითხში მას ”აშკარა უპირატესობა” აქვს. ეს ორი საკითხი კი ”ეკონომიკური პრობლემების მოგვარების უნარი, შესაძლებლობა და გამოცდილება და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა.”

”ახალ თაობას” კი ”ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კოკა გუნცაძე, ეუბნება: ”გაზაფხულისთვის ვგეგმავთ, ჩვენი პოლიტიკური ძალა რეალურ ღერძად იქცეს პოლიტიკური ალტერნატივისა, რომელიც მზად იქნება გამოვიდეს სოლიდური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივებით.”
XS
SM
MD
LG