Accessibility links

მაღალი ინფლაცია - ეროვნული ბანკისა და მთავრობის მთავარი გამოწვევა


ეკონომიკის ექსპერტების შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

ეკონომიკის ექსპერტების შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

ერთი თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას ანტიინფლაციური პროგრამის მომზადება დაავალა. ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავიც ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის შემცირებაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2010 წელს წლიური ინფლაციის დონე 11,2 პროცენტამდე გაიზარდა, რაც, ეკონომიკის ექსპერტთა შეფასებით, უკიდურესად უარყოფითი მაჩვენებელია. რა კეთდება სამომხმარებლო ფასების ინდექსის შესამცირებლად და რას ფიქრობენ ეკონომიკის ექსპერტები ეროვნული ბანკისა და მთავრობის ძალისხმევაზე?

საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდა საგანგებო კვლევის გარეშეც თვალშისაცემია. გაძვირდა თითქმის ყველა სახის პროდუქცია, - მათ შორის, სურსათი, - რაც თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების განსაკუთრებულ გულისწყრომას იწვევს.

ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარე ფაქტორებით, მაგრამ ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფლაცია ერთნიშნა ნიშნულზე დაბრუნდეს ...
ეკონომიკის ექსპერტებიც ვარაუდობენ, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, ინფლაცის დონე და, შესაბამისად, ფასები კიდევ უფრო მოიმატებს, არადა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირველადი მოხმარების საგნები ისედაც რეკორდულადაა გაძვირებული. 2010 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელმა, უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 149.6 ლარი შეადგინა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდით გამოწვეული გაძვირების გასანეიტრალებლად:

„ექვსი თვეა, გადავედით გამკაცრების პოლიტიკაზე. ეს აისახება როგორც საპროცენტო განაკვეთში, ასევე სარეზერვო მოთხოვნებში. ასევე დაუბრუნდა კაპიტალის ადეკვატურობა პირველად ნორმებს. ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარე ფაქტორებით, მაგრამ ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფლაცია ერთნიშნა ნიშნულზე დაბრუნდეს.“

არა მხოლოდ მსოფლიო ბაზრის ფასების გავლენა იყო, არამედ ინფლაცია შიდამონეტარული ფაქტორების გამოც გაიზარდა ...
ეროვნული ბანკის ძალისხმევა შეამციროს ინფლაციის მაჩვენებლი ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას მოსწონს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ბანკის ხელმძღვანელობას გაუჭირდება პროცესების მართვა, თუკი მთავრობამაც არ მიიღო შესაბამისი ზომები.

„ეროვნული ბანკი რეალურად აკონტროლებს ფულის მასის ზრდას. ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები, საბანკო ზედამხედველობაში გარკვეული ნორმების დაწესება არის აბსოლუტურად ადეკვატური იმ პროცესის, რაც არის ქვეყნის ეკონომიკაში. მე ვერ ვილაპარაკებ მთავრობის მაგივრად, მაგრამ გავიდა ორ კვირაზე მეტი, რაც პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, მაგრამ არანაირი ანტიინფლაციური პროგრამა არ დაწერილა. ვაუჩერების დარიგება კი ინფლაციური ღონისძიებაა, იმიტომ რომ მთავრობა დამატებით უშვებს 20-25 მილიონს“, უთხრა ლადო პაპავამ რადიო თავისუფლებას.

ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა მხოლოდ გარეფაქტორებს არ უკავშირდება. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მონეტარულმა ფაქტორმა. კერძოდ, 2010 წელს მკვეთრად გაიზარდა ფულის მასის ორი M-3 და M-2 აგრეგატი, ანუ ფართო ფულის მაჩვენებლები, რომლებიც ფულის მასის დინამიკას ასახავენ. ეკონომიკის ექსპერტის მერაბ კაკულიას თქმით, სწორედ ამის გამოა, რომ ასევე გიაზარდა საბაზო ინფლაცია, ანუ გაძვირდა არასასურსათო ნაწარმიც:

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ბაზრის ფასების გავლენა იყო, არამედ ინფლაცია შიდამონეტარული ფაქტორების გამოც გაიზარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სტერილიზაციური აქტიურობა, ანუ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება და ფინანსირების ის ოპერაციები, რომლებიც ფულის მასის მიმოქცევიდან ამოღებას ემსახურება. მიმაჩნია, რომ 2011 წლის პირველ ნახევარში ინფლაციური ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდება.“

მერაბ კაკულიას თქმით, საქართველოსთვის ინფლაციის სავარაუდო ზღვარი, რომლის იქითაც ეკონომიკის ზრდა დამუხრუჭებას იწყებს, 12-13 პროცენტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი და მთავრობა გულგრილი ვერ იქნება ინფლაციის განუხრელი ზრდის მიმართ. კაკულიას თქმით, თუ მიღებულმა ზომებმა შედეგი ვერ გამოიღო, ეროვნულ ბანკს მოუწევს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთის გაზრდასა და კრედიტების გაძვირებას.
XS
SM
MD
LG