Accessibility links

logo-print
ახალი წელი, შობა, ”ძველი ახალი წელი”, ნათლისღება... თითქმის სამი კვირაა ქართულ ტელეარხებზე გასართობი გადაცემების განსაკუთრებული სიჭარბე იგრძნობა. როგორი იყო წლევანდელი სადღესასწაულო ეთერი? რაიმე ახალი ტენდენცია ხომ არ გამოიკვეთა? ამ კითხვით მივმართეთ ჟურნალისტსა და კინოკრიტიკოსს ნინია კაკაბაძეს.

ნინია კაკაბაძე: ძალიან ნათლად ჩანდა საბჭოთა საქართველოს ნოსტალგია... განსაკუთრებით პირველი არხის საახალწლო გადაცემაში, რომელიც საბჭოთა პირველი არხის აჩრდილს ჰგავდა. სტილი და ფორმა იყო საბჭოთა. უბრალოდ, როლებს ახალგაზრდები ასრულებდნენ... იგივე შემიძლია ვთქვა რუსთავი 2-ზე, მაია ასათიანის შოუზე. აქ მაია ასათიანი თავად ასრულებდა ქეთოს როლს და მთელი საღამოს განმავლობაში სრულდებოდა მუსიკალური ნომრები ქართული საბჭოთა ფილმებიდან.

რადიო თავისუფლება: ასეთი ნოსტალგია უწინაც იყო დამახასიათებელი საახალწლო ეთერისთვის.

ნინია კაკაბაძე: გარდა ნოსტალგიისა, ისევ და ისევ ფანტაზიის აბსოლუტური დეფიციტი... თითქოს ახლის მოგონება ჩვენ არ შეგვიძლია და ყველაზე ორიგინალური, რაც შეუძლიათ ახალ წელს გააკეთონ, ძველ დროში, 20, 30 წლით უკან გადაგდებაა.

რადიო თავისუფლება: რით შეიძლება ეს ავხსნათ?

ნინია კაკაბაძე: პირველი მიზეზი არის ის, რომ ახალს ვერაფერს ვიგონებთ, აბსოლუტური კრიზისია ჟანრისა და, მეორეც, მაინც არის იმ ეპოქის ნოსტალგია - ახალგაზრდებსაც კი მოსწონთ და უყვართ ის ძველი საბჭოთა ქართული ფილმები, ძველი სიმღერები... ხომ გახსოვთ, რუსეთის არხებზე გადაცემა ”გოლუბოი ოგონიოკ” და ქართულ ტელეარხებზე კეთდებოდა მისი ანალოგიური გადაცემა. არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს უამრავი ადამიანი ბევრი რამითაა უკმაყოფილო. ახალგაზრდებისთვის კი, რომლებმაც ის პერიოდი არ გამოიარეს, საბჭოთა საქართველო არის მხოლოდ და მხოლოდ აი ეს ფილმები და სიმღერები.

რადიო თავისუფლება: ესეც ნიშანდობლივია, ალბათ.

ნინია კაკაბაძე: ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ეპოქის გააზრება საქართველოში არ მომხდარა... არადა, ჩემი თაობის და, მით უფრო, ახალგაზრდა ჟურნალისტებს რატომ უნდა ჰქონდეთ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია? რატომ უნდა იყურებოდნენ უკან? მე მესმის, რომ ძალიან ძნელია საახალწლო გადაცემის გემოვნებით გაკეთება, მაგრამ ეს ნოსტალგია მაინც ნუ იქნება.

რადიო თავისუფლება: ვინ იყო ამ გადაცემების გმირი? ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები ახსენეთ და ეს ხალხი თუ ჩანდა ამ გადაცემებში?

ნინია კაკაბაძე: ეგ იყო ყველაზე ცუდი. ყოველ ახალ წელს ჩვენ ვიმეორებთ, როგორ ხვდებიან გამოჩენილი ადამიანები ახალ წელს, როგორ ხვდებიან თავად ჟურნალისტები ახალ წელს, ვინ როგორ ჭრის გოზინაყს, როგორ ფორმას აძლევს, როგორი ნაძვის ხე უდგათ და მეკვლე ვინ ჰყავთ და ასე - მთელი ახალი წლის განმავლობაში. გასაგებია, როცა საზეიმო ვითარებაა ქვეყანაში, არავის უნდა გაჭირვებაზე ფიქრი (თუმცა საქართველოში არც მანამდე უნდათ) და არავის აფიქრდება, რომ შეიძლება დაუთმოს ადგილი სოციალურად გაჭირვებული ადამიანის ახალ წელს.. არადა, მე პირადად ვიცი ოჯახები, რომელთაც საახალწლოდ სახლში არათუ გოჭი და ინდაური, არამედ არც გოზინაყი ჰქონიათ და არც ჩურჩხელა. ცუდია, რომ ამ ადამიანების არსებობა ერთ სატელევიზიო არხს მაინც, ერთ წამყვანს მაინც არ ახსენდება.

რადიო თავისუფლება: შეიძლება ეს ყველაფერი იმპულსი ხდება იმისთვის, რომ ადამიანებმა აღარ უყურონ ახალ წელს ტელევიზორს და გარეთ გამოვიდნენ, როგორც უამრავ ქვეყანაში ხდება. წელს რა ხდებოდა?

ნინია კაკაბაძე: ბევრი ხალხი იყო ქუჩაში, მაგრამ ყველას ქუჩაში მაინც ვერ გაიყვან. მე, მაგალითად, ახალ წელს არ მაქვს ხოლმე განსაკუთრებით საზეიმო განწყობა და ვერ დამაძალებ ასეთ დროს ქუჩაში გასვლას. მეც ჩემი ”მავნე ტრადიცია” მაქვს, რომელსაც არ ვღალატობ: 31 დეკემბერს და 1 იანვარს ტელევიზორი აუცილებლად ჩართული მაქვს.

ბათუმში იყო, რამდენადაც ვიცი, უკეთესი კონცერტი, ვიდრე თბილისში, მაგრამ იქაც, სამწუხაროდ, მხოლოდ პრივილეგირებული ფენისთვის იყო ადვილი შესვლა... ”დაცვის მექანიზმები” იყო გამძლავრებული, ადამიანებს ჩხრეკდნენ, დიდი რიგი იყო, არაფრის შეტანა არ შეიძლებოდა... ასე რომ, ეს არ იყო კონცერტი ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის” - მათ კონცერტს ან ძალიან შორიდან უსმინეს, ანდა ტელევიზორში.

რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე კონცერტს, ახალი არც აქ იყო რამე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახალი ჯგუფი, ”დერვიშები”, ვიხილეთ - ჯგუფი, რომელიც ძველი ქართული სიმღერების გაშარჟებას ცდილობს. თითქოს ანარქისტები არიან, რომელთაც ძველი და მავნე ტრადიციების დანგრევა უნდათ, მაგრამ ისინიც გამოვიდნენ და ლელა წურწუმიასა და დანარჩენებთან ერთად იმღერეს. ეს კიდევ არა უშავს, ამ კომპრომისს კიდევ დავივიწყებდით. ყველაზე ცუდი ნიშანი, რაც ამ კონცერტზე გამოჩნდა, ის იყო, რომ მათი სიმღერა ”სულიკო”, რომელიც სრულდებოდა სიტყვებით ”მოდით, ყველამ ვისექსაოთ ერთად”, ასე არ დასრულდა... ეს უკანასკნელი ფრაზა ამ კონცერტზე ამოიღეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ კონცერტებზე ცენზურა ამოქმედდა... ჯგუფი, რომელიც გამოკითხვებში პირველ ადგილს იკავებდა, როგორც ”წლის მოვლენა”, რომლის წევრებს რევოლუციონერებად, ანარქისტებად ვიცნობდით, საახალწლო კონცერტზე წავიდნენ ასეთ კომპრომისზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG