Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო დანაშაული, სასჯელი და მხედრული ღირსება


სამხედრო აღლუმი თბილისში
სამხედრო აღლუმი თბილისში
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალ პროექტის თანახმად, უახლოეს პერსპექტივაში ქვეყნის უმთავრეს საფრთხედ და გამოწვევად დასახელებულია ახალი სამხედრო აგრესიის განმეორება რუსეთის მხრიდან. თუმცა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირთა მოქმედება და გადაწყვეტილება აჩენს ეჭვს, რომ ან საფრთხეა გაზვიადებული, ანდა ხელისუფლება აძლევს თავს ზედმეტი ფუფუნების უფლებას.

ნათქვამია, რომ ის ჯარი მარცხდება, სადაც დაუმსახურებლად აჯილდოებენ და დაუმსახურებლად სჯიან. სამხედრო ჯილდოებსა და მათ ფასზე საქართველოში ქვემოთ ვილაპარაკებთ, ჯერ კი სასჯელზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

ყოველკვირეულ გაზეთ „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობის ბრძანებით, 2011 წლის საახალწლო დღესასწაულის დღეებში ეროვნული გვარდიის 100 სამხედრო და სამოქალაქო პირს დაატოვებინეს სამხედრო ძალების რიგები. ეს ფაქტი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ საგულდაგულოდ დამალა, თუმცა, გაზეთ „კვირის პალიტრის“ სამხედრო მიმომხილველის ირაკლი ალადაშვილის მიერ მოძიებული ინფორმაციით, ასეთი ჯგუფური გათავისუფლების მიზეზი გახდა პირადი შემადგენლობის მიერ მობილური ტელეფონების გამოყენება.

ჟურნალისტი ამბობს, რომ, შინაგანაწესის თანახმად, სამხედრო პირებს ეკრძალებათ სამუშაო საათებში მობილური ტელეფონით საუბარი. თუმცა ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელობის ბრძანების დარღვევისათვის სამხედროები ზედმეტად მკაცრად დაისაჯნენ:

„არსებობს დასჯის სხვადასხვა მეთოდი, ან გაფრთხილება, ანდა ფულადი დაჯარიმება, რაც ხშირად გამოიყენება, მაგრამ პირდაპირ მოხსნა, მე მგონი, გამართლებული არ არის. მაგრამ აქ არის ბევრი დეტალი, რაზეც თუ თავად ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა არ ისაუბრეს, ძნელი იქნება დასკვნის გაკეთება“.

ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფური გათავისუფლება პირველი შემთხვევაა 2011 წლის განმავლობაში. თუმცა მანამდე, 2010 წელს, 200-მდე ოფიცერი დაითხოვეს გენერალური შტაბის სტრუქტურებიდან; ასევე 90-მდე არტილერისტი გაათავისუფლეს ვაზიანის პირველი საარტილერიო ბრიგადიდან. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც სამხედრო ნაწილში ერთმა კაპრალმა ავტომატის ჯერით დაცხრილა მეორე. სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ დანაშაულზე კონკრეტული სამხედრო პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ჯგუფურად სამხედროების გათავისუფლების პრაქტიკა კი ვნებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. მით უფრო, რომ ზოგიერთი სპეციალობის ოფიცრისა და სამხედრო პროფესიონალის მომზადებაზე ბევრი დრო და ფული დაიხარჯა:

„ინდივიდუალურად ვინც არის დამნაშავე, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ის კიდევაც უნდა დაისაჯოს. მაგრამ სხვების მიყოლება სწორი არ არის, რადგან სახელმწიფოს წლების განმავლობაში ათეულობით ათასი ლარი აქვს დახარჯული ამ ოფიცრების - თუნდაც იმავე კაპრალების - მომზადებაზე“.

გასულ წელს სამხედრო ძალებიდან დაითხოვეს ასევე რამდენიმე მაღალი კლასის სამხედრო მფრინავი, რომელთა მომზადებაზე და შემდგომ გადამზადებაზე ასეული ათასი ლარი იყო დახარჯული, ზოგიერთ მათგანს კი სხვადასხვა საბრძოლო ჯილდო ჰქონდა მიღებული, მათ შორის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ამ შემთხვევაში საუბარი არ არის სპეცოპერაცია „ენვერის“ შედეგად დაპატიმრებულ და განსასჯელ მფრინავებზე. ლაპარაკია მოიერიშე თვითმფრინავების ეკიპაჟებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ გასულ წელს დაითხოვა სამსახურიდან:

„ისინი ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან მოჰყვებოდნენ ამ მოიერიშე თვითმფრინავს, მართავდნენ, საბრძოლო გამოცდილებაც ჰქონდათ და, სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ერთადერთ საბრძოლო გაფრენაშიც მონაწილეობდნენ და დაიმსახურეს ჯილდოები. ერთ-ერთ მფრინავს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა სახელობითი პისტოლეტიც აჩუქა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ ჰქონდათ ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რატომ მოხდა მფრინავების გათავისუფლება“.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, არმიიდან დათხოვნილი ოფიცრების უმრავლესობა ხმამაღლა პროტესტის გამოხატვას ვერ ბედავს. თუმცა რამდენიმე ყოფილი ოფიცერი არ შეუშინდა საკუთარი აზრის გამოხატვას და საშიმშილოდაც კი დასხდნენ იმ ვეტერანებთან ერთად, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა 3 იანვარს.

გარდა იმისა, რომ სასამართლომ შემწეობის გარეშე დარჩენილი ვეტერანები 400-400 ლარით დააჯარიმა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გასულ კვირაში ქართული ტელეარხების ეთერით მათ მიმართ ხისტ გამოთქმებსაც არ მოერიდა:

„ყველა მსოფლიოს ქვეყანაში ეს არის უწმინდესი ადგილი. არის მარადიული ცეცხლი. მივიდა ექვსი კაცი, დააფარეს ამათ თავზე საქართველოს ძველი დროშა, მიადგეს ფეხებს შორის ამ ორ ჯარისკაცს თავისი საწოლები, გამოფინეს იქ თავისი საცვალი და, ბოდიში და, მოშარდეს მარადიული ცეცხლის გვერდზე“. [სტილი დაცულია]

„დროშა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფოს ძველ დროშაში აერია, სინამდვილეში არის ჩეჩნური და კაზაკური რაზმების დროშა, რომლებიც ნადავლის სახით ბრძოლით მოიპოვეს ქართველმა ჯარისკაცებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლების საომარ მოქმედებაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლკოვნიკმა ლევან ასათიანმა. იგი 1992-93 წლებში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დანაყოფის - სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის - მეთაური იყო და პირადად მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თითქმის ყველა - გაგრის დაცვის, ტამიშის, ანაარხუს, ეშერისა და გუმისთის დაცვის - ოპერაციაში.

ლევან ასათიანი იმ მოშიმშილე ვეტერანებს შორის იყო, რომლებიც, პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, მარადიულ ცეცხლთან შარდავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო წარდგენილი საბრძოლო ჯილდოზე, ლევან ასათიანმა თავის დროზე უარი თქვა „წაგებულ ომში“ სამხედრო ჯილდოს მიღებაზე.

„ერთადერთი, რაც ვეტერანებს დაგვრჩა, ეს არის ხსოვნა და ღირსება“, - ამბობს ლევან ასათიანი, რომელიც თანამებრძოლ ვეტერანებთან ერთად საკუთარი უფლებების დასაცავად ბოლომდე აპირებს სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG