Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ელცინს სამშობლოში ძეგლი დაუდგეს


ბორის ელცინის ძეგლი ეკატერინბურგში
ბორის ელცინის ძეგლი ეკატერინბურგში
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ყოფილ სვერდლოვსკში, გაიხსნა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ძეგლი. ელცინს ძეგლი მისი დაბადების დღესთან დაკავშირებით დაუდგეს. 2007 წელს გარდაცვლილ პოლიტიკოსს 80 წელი შეუსრულდებოდა.
ბორის ნიკოლოზის ძეს უყვარდა სამშობლო, ის რუსეთის ნაწილი იყო, ის უდავოდ იყო ძალიან მამაცი და ძლიერი ადამიანი...

პრეზიდენტის სავარძლის დატოვების და მომდევნო წლებში ბორის ელცინი რუსეთის მოქალაქეთა შორის ძალიან არაპოპულარული იყო. თუმცა ბოლო ხანებში მის დამფასებელთა რიცხვი იზრდება.
ეკატერინბურგში გახსნილი ძეგლი, ალბათ, პირველია, რომელიც დაუდგეს პოსტსაბჭოთა პერიოდში ამავე პერიოდის სახელმწიფო მოღვაწეს. ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონია რუსეთის ახლანდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გახსნა და არ დაიშურა კეთილი სიტყვები იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც, როგორც მედვედევი თვლის, საფუძველი ჩაუყარა რუსეთის ახალ სახელმწიფოებრიობას.

„ბორის ნიკოლოზის ძეს უყვარდა სამშობლო, ის რუსეთის ნაწილი იყო, ის უდავოდ იყო ძალიან მამაცი და ძლიერი ადამიანი“, - განაცხადა მედვედევმა ეკატერინბურგში.
დმიტრი მედვედევი ელცინის ძეგლთან

კრემლისთვის ელცინი, ალბათ, რჩება იმ კაცად, რომელმაც მას ნიადაგი მოუმზადა ავტორიტარული მმართველობისათვის, მაგრამ მსოფლიოში ის პოპულარული გახადა მართლაც თამამმა მოქმედებამ, როცა გორბაჩოვს მკაცრი ხაზის მომხრე კომუნისტთა ჯგუფმა პუტჩი მოუწყო. ეს ამბები 1991 წლის აგვისტოში მოხდა.

ბევრს ახსოვს ელცინი ტანკზე ასული, იმ ტანკზე, რომელიც რეაქციულმა ძალამ სწორედ ოპოზიციის ჩასახშობად გამოიყვანა მოსკოვის ქუჩაში. მასზე წარმოთქვა მომავალმა პრეზიდენტმა მგზნებარე სიტყვა და მოუწოდა თანამემამულეთ არ დამორჩილებოდნენ რეაქციონერთა პუტჩს.
პატიება მინდა გთხოვოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბევრი ოცნება ვერ ასრულდა, იმისთვის, რომ რისი გაკეთებაც იოლი გვეგონა, საშინლად რთული აღმოჩნდა...

საბჭოთა კავშირი დაიშალა, ელცინი პრეზიდენტი გახდა, რუსეთში დემოკრატიზების არნახული ფაზა დაიწყო, მაგრამ ასევე დაიწყო ელცინის დასუსტებაც: ის სვამდა... გაჩნდა სახალისო სურათები, სადაც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ბაძავდა დირიჟორს ბერლინში, როცა სამხედრო ორკესტრის ხელმძღვანელობა ითავა. ელცინი აშკარად ავადაც იყო, გადაიტანა რამდენიმე გულის შეტევა და ბოლოს ფეხზე ძლივსღა იდგა. იქამდე მივიდა, რომ 1999 წლის ახალი წლის ღამეს ტელევიზიით წარდგა თავისი ხალხის წინაშე და დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშებს იხდიდა:

„პატიება მინდა გთხოვოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბევრი ოცნება ვერ ასრულდა, იმისთვის, რომ რისი გაკეთებაც იოლი გვეგონა, საშინლად რთული აღმოჩნდა“.

იმ ხანებში, როგორც ითქვა, ელცინის ავტორიტეტი რუსებს შორის დაეცა. ახლა კი, სოციალური კვლევის ცენტრ „ლევადას“ თანახმად, მისი პოპულარობა იზრდება, მაგრამ იზრდება ძალიან ნელი ტემპით. ცენტრის დირექტორ ლევ გუდკოვის თქმით:

„დრომ, როცა მისდამი უარყოფი დამოკიდებულება პიკს აღწევდა, ჩაიარა. ახლა ელცინის მიმართ უფრო გულგრილობა ჭარბობს, ურთიერთგაწონასწორებულ უარყოფით და დადებით შეფასებებთან ერთად.“
რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი აფასებს 1990-იანი წლების თავისუფლებას. ეს პერიოდი რთული იყო ეკონომიკურად, მაგრამ ის იყო აღსავსე რომანტიზმით, იმედით...

გუდკოვის განმარტებით, ელცინის მიმართ უარყოფითად განწყობილია რუსეთის მოქალაქეთა 35 პროცენტი - უფრო ღარიბი მოსახლეობა, ამასთან, სოფლისა. ქალაქებში და განათლებულ რუსებს შორის კი ელცინის პოპულარობა იზრდება.
ელცინის მემკვიდრე ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილები ამ ფაქტის განმარტებას ცდილობენ. ოპოზიციის ლიდერს ბორის ნემცოვს, რომელიც ახლახან საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობისთვის ორი კვირა ციხეში იჯდა, ამის მიზეზად მიაჩნია ის, რომ პუტინის მმართველობით უფრო ქალაქში მცხოვრები ელიტაა უკმაყოფილო:

„რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი აფასებს 1990-იანი წლების თავისუფლებას. ეს პერიოდი რთული იყო ეკონომიკურად, მაგრამ ის იყო აღსავსე რომანტიზმით, იმედით. ელცინის პერიოდი სხვაგვარად წარმოდგება პუტინის ცინიკურ, სასტიკ, დაუნდობელ დროსთან შედარებით.“

1990-იან წლებში ნემცოვი ახალგაზრდა რეფორმისტებად წოდებულ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც ელცინმა ხელისუფლებაში მოიყვანა. ნემცოვი, რომელსაც მაშინ ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა, ერთ დროს ელცინის მემკიდრედაც კი მიიჩნეოდა. ის პუტინის წარმატების საიდუმლოზე ლაპარაკობს: პუტინის პერიოდში, მისი აზრით, რუსეთის მთავარი საექსპორტო საქონლის - ნავთობის - ფასი ძალიან გაიზარდა, ელცინის დროს კი ის მუდმივად დაბალი იყო. თვითონ ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ელცინისდროინდელი არაერთი რეფორმა გააუქმა, ელცინის პერიოდს ქაოსისა და კორუფციის ხანად მოიხსენიებს. ეს არის, რაც პუტინს ნებას აძლევს თავი წარმოადგინოს სტაბილურობისა და კეთილდღეობის მომტანად. „ლევადას“ ცენტრის დირექტორის აზრით, სწორედ ეს ანიჭებს ავტორიტარულ რეჟიმს ლეგიტიმურობას და სტაბილურობას, მაგრამ იზრდება უკმაყოფილოთა რიცხვი. ისინი რუსეთის მომავალზე ფიქრობენ და ნელ-ნელა პუტინის პერიოდს სტაგნაციად აღიქვამენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი

ბორის ელცინის პერიოდი, ცხადია, წინააღმდეგობებით იყო აღსავსე. იმ დროს მოხდა ველური პრივატიზება, რომლითაც იხეირა მხოლოდ კრემლთან დაახლოებულმა პატარა ჯგუფმა. სისხლიანი და წარუმატებელი ომიც მაშინ დაიწყო ჩეჩნეთში. მაგრამ ელცინის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კორუფცია უფრო ფართო მასშტაბისაა პუტინის რუსეთში. ბორის ნემცოვი ასე უყურებს რეალობას: პუტინმა, მისი თქმით, ბოლო მოუღო თავისუფალ არჩევნებს და განდევნა თავისუფალი პრესა. ეს თავისუფლებები კი ელცინის დამსახურება იყო. ნემცოვის აზრით, ელცინი ისტორიაში შევა, როგორც დემოკრატიული რუსეთის დამაარსებელი. ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებსო, ამბობს ნემცოვი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG