Accessibility links

logo-print

ინფლაციის მთავარი წყარო: არასწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა


საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა ინფლაციის ზრდას გლობალურ პრობლემებს - მათ შორის, სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდას - უკავშირებენ, თუმცა ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის ძირითადი მიზეზი მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკაა. რა იწვევს საქართველოში სამომხმარებლო ფასების განუხრელ ზრდას?
ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარეფაქტორებით - ეს კარგად უნდა გავიაზროთ...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 11 პროცენტს აღემატება, რაც ეროვნული ბანკის მესვეურთა შეშფოთებას იწვევს. გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამბობს, რომ, მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, ვითარების შეცვლა ძნელი იქნება:

„მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ხორბლის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე. ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარეფაქტორებით - ეს კარგად უნდა გავიაზროთ“.

ვითარების რადიკალური შეცვლის იმედი არც საქართველოს პრეზიდენტს აქვს. აი, რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე:

„მსოფლიო ბაზარზე მიდის ძალიან ცუდი პროცესები. ნავთობი ძვირდება, ისევე როგორც საბაზისო კვების პროდუქტები (წიწიბურა, შაქარი, ხორბალი) და მომავალი წლის მოსავლის ბედიც გაურკვეველია. ამიტომ მე არ მინდა ჩვენი ხალხი მოვატყუო: ინფლაციური პროცესები გაძლიერდება“.
ინფლაციის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში ლიდერია. ჩვენს სამეზობლოშიც კი უფრო დაბალი მაჩვენებლებია. უკრაინაში საერთოდაც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალი ინფლაციაა ...

რა საფუძველი აქვს მიხეილ სააკაშვილის ამ პროგნოზს? ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის შემცირება შესაძლებელია, თუმცა, მათივე აზრით, პრეზიდენტი გლობალური პრობლემების მოშველიებით მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამართლებას ცდილობს. ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის თქმით, იმპორტული საქონლის გაძვირება რომ ინფლაციის ერთადერთი მიზეზი იყოს, ბევრ სხვა ქვეყანაში საქართველოზე მაღალი ინფლაცია იქნებოდა.

„ინფლაციის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში ლიდერია. ჩვენს სამეზობლოშიც კი უფრო დაბალი მაჩვენებლებია. უკრაინაში საერთოდაც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალი ინფლაციაა. ამასთან, არის ქვეყნები, რომლებიც ჩვენზე მეტად არიან იმპორტზე დამოკიდებული და თუ ჩვენთან 70/30-ზეა საგარეო ვაჭრობის ბალანსი, იმ ქვეყნებში იმპორტზე 90 და 100 პროცენტი მოდის, მაგრამ ინფლაცია ბევრად დაბალია ჩვენსაზე და ზოგან 2 პროცენტს არ აღემატება“, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ინფლაციის ზრდის არგუმენტად არც ხორბლისა და ნავთობის გაძვირება გამოდგება, რადგანაც ორი წლის წინ ერთიც და მეორეც გაცილებით ძვირი ღირდა, თუმცა ფასები მაშინ ასეთი მაღალი არ ყოფილა. ამ მოსაზრებას იზიარებს ნოდარ ჯავახიშვილიც, „ეროვნული ფორუმის“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომლის თქმითაც, ინფლაციის ზრდის მთავარი მიზეზი არასწორი მონეტარული პოლიტიკაა, რადგანაც არ შემცირებულა პროდუქცია შიდაბაზარზე. ამაზე მეტყველებს 2010 წელს საქართველოს ეკონომიკის 6,5 პროცენტით გაზრდა. შესაბამისად, ინფლაციის მთავარი მიზეზი ფულის მასის გაზრდაა.
ეროვნულ ბანკს აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატები და მათზე მოთხოვნა დაახლოებით ორჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ეროვნული ბანკი აკმაყოფილებს. უხეშად რომ ვთქვათ, ქაღალდს უშვებ და სანაცვლოდ ფულს იღებ მიმოქცევიდან....

ოფიციალური მონაცემებით, მიმოქცევაში არსებული ფულის მასა გაიზარდა ყველა აგრეგატის მიხედვით, რამაც გამოიწვია ქვეყანაში არსებული პროდუქტების რაოდენობასთან თანაფარდობის დარღვევა. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ხელისუფლება თვალთმაქცობს, როცა ინფლაციის შემცირების შეუძლებლობაზე ლაპარაკობს:

„ეროვნულ ბანკს აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატები და მათზე მოთხოვნა დაახლოებით ორჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ეროვნული ბანკი აკმაყოფილებს. უხეშად რომ ვთქვათ, ქაღალდს უშვებ და სანაცვლოდ ფულს იღებ მიმოქცევიდან. ანუ ლარის მასის შემცირებით ვამცირებ ინფლაციას. გარდა ამისა, არსებობს სახაზინო ვალდებულებები (ფინანსთა სამინისტროს ინსტრუმენტი), რომელიც ასევე ეფექტიანია ფულის მასისა და ინფლაციის შესამცირებლად.“ ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ეროვნულ ბანკს, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, ინფლაციის შეჩერების არაერთი საშუალება აქვს, მაგრამ, სპეციფიკური პოლიტიკური კულტურის გამო, ხელისუფლების თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
XS
SM
MD
LG