Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ანგარიში


ნაზი ჯანეზაშვილი და თამარ გაბისონია
ნაზი ჯანეზაშვილი და თამარ გაბისონია
არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” წლიური ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის ანგარიშში ცენტრალური ადგილი ციხეებში პატიმართა ჯანდაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს უჭირავს.

ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარის თამარ გაბისონიას განცხადებით, 2010 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ რამდენიმე მიმართულება გამოკვეთა, მათზე მუშაობის პორცესში კი ცხადი გახდა, რომ საპატიმროების გადავსებულობა და პატიმართა ჯანდაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა ისევ მთავარ პრობლემად რჩება. თამარ გაბისონია ამბობს, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ მრავალი პატიმარი მიმართავს დახმარებისათვის. გასული წლის განმავლობაში ორგანიზაციამ დახმარების გაწევა 5 შემთხვევაში შეძლო.

” 2010 წლის განმავლობაში 5 პატიმრის უფლება წარვადგინეთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში და ვთხოვეთ სასამართლოს, გამოეყენებინა დროებითი ღონისძიება, რათა სახელმწიფოს უზრუნველეყო დაავადებული პატიმრების ადეკვატური მკურნალობა. 2 შემთხვევაში მივიღეთ შედეგი, რომ 2 პატიმარი გათავისუფლდა პატიმრობიდან, მათ გადაუვადდათ სასჯელის მოხდა სრულ გამოჯანმრთელებამდე, და სამ შემთხვევაში ისინი ადეკვატური მკურნალობით უზრუნველყვეს. ზოგი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, ზოგი - სპეციალიზებულ დაწესებულებაში”, აცხადებს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე.

თამარ გაბისონიას ინფორმაციით, გასულ წელს ასევე ყურადღება გაამახვილეს დევნილთა გამოსახლების პროცესში არსებულ სამართალდარღვევებზე. ორგანიზაციამ, რამდენიმე დევნილი ოჯახის საქმის შესწავლის საფუძველზე, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სასამართლოებს მიმართა:

”დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 42 სტრატეგიული საქმე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, 20 სტრატეგიული საქმე, რომელსაც ქვეყნის შიგნით ვაწარმოებთ. ასევე ძალიან აქტიურად ვიცავთ დევნილ მოსახლეობას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, და დაახლოებით 70 საქმეა, რომელიც აერთიანებს 410 განმცხადებელს. ჩვენ მათი საქმე გვაქვს შეტანილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.”

ადვოკატ ქეთევან ბექაურის განცხადებით, მსგავსი ანგარიშები პრაქტიკოსი ადვოკატებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა. როგორც წესი, ეს ანგარიშები მათ საქმიანი აქცენტების დასმაში ეხმარება:

”ეს სტატისტიკა ჩვენს მუშაობაშიც აისახება და ასეთი ფაქტების მიმართ უფრო ფხიზლად ვიქნებით.”

აქვე უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა ორანიზაციების მიერ გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშებში მთავარი ადგილი სწორედ პატიმართა ჯანდაცვის და დევნილთა გამოსახლება-განსახლების საკითხებს უკავია. საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში, რომელიც იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა, სწორედ დევნილთა მდგომარეობა და საპატიმროების გადავსებულობა იყო ხაზგასმული. სახალხო დამცველის ანგარიშში კი, რომელიც პატიმართა ჯანდაცვის საკითხებს ეძღვნებოდა, აღნიშნული იყო, რომ, არაკვალიფიციური და არასათანადო მკურნალობის შედეგად, მრავალი პატიმრის უფლება ირღვევა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG