Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დიოგენემ” პოეზიის თარგმანში კონკურსი გამოაცხადა


კონკურსის გამოცხადება
კონკურსის გამოცხადება
გამომცემლობა „დიოგენემ“ წელს მეორედ გამოაცხადა კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის. ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის მოსაპოვებლად 20-დან 35 წლამდე მთარგმნელებმა 21 თებერვლიდან 21 მარტამდე უნდა წარადგინონ ნათარგმნი ლექსები.
სიზუსტე ყველანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის ემოციური სიზუსტე. რადგან ეს თუ დაიჭირე, თუ ზუსტად მიხვდი, რაც უნდოდა პოეტს ეთქვა, მერე აზრობრივსაც დაიჭერ...

გაინტერესებთ ომარ ხაიამის ეს რობაი პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ როგორ გადმოაქართულა? აი, ასე:

”უქონლობისა არა მჭირს
საფიქრალ-სავაგლახო რამ,
ან განა მიტომ არ ვთვრები,
ვინმეს არ შევუძრახო რამ.

ღვინოა გულის სალბუნი,
მოსალხენ-საინახო რამ,
მე, ჩემო, შენგნით დავბრმავდი,
შენ იქნებ დაინახო რამ.“

გიორგი ლობჟანიძე გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის შვიდკაციანი ჟიურის ერთ-ერთი წევრია. ელის, რომ წელს უფრო მეტი და ხარისხიანი თარგმანების შეფასება მოუწევს. ქართულ ენაზე სპარსული პოეზიისა და ყურანის მთარგმნელს შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმთან ერთად აქვს ერთი გამორჩეული კრიტერიუმიც:

”სიზუსტეს ვეძებ ხოლმე თარგმანში. სიზუსტე ყველანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის ემოციური სიზუსტე. რადგან ეს თუ დაიჭირე, თუ ზუსტად მიხვდი, რაც უნდოდა პოეტს ეთქვა, მერე აზრობრივსაც დაიჭერ და გრამატიკაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რადგან პოეზია ყოველგვარ გრამატიკაზე მაღლა დგას. წესით, ამას არ უნდა ვამბობდე, რადგან მე ის ადამიანი ვარ, რომელიც დედანში წინადადების წყობასაც ვაკვირდები, მაგრამ ლიტერატურისადმი წაყენებული მთავარი პირობა, ალბათ, მაინც ის არის, რომ ემოცია ზუსტად მოიტანოს”.

თარგმანის კონკურსი წელს უკვე მეორედ ტარდება. ის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელს ატარებს. როგორც „დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძე გვეუბნება, კონკურსი, მიუხედავად მისი სპეციფიკური ხასიათისა, - ის მხოლოდ ახალგაზრდა მთარგმნელებს აძლევს თავის გამოვლენის შანსს, -კონკურსანტების დიდ რაოდენობას იზიდავს. ეს შარშანაც დადასტურდა:
”დიოგენეს” დირექტორი თამარ ლებანიძე

”კრებული, რომელიც შარშან გამოიცა, იყო იმის დასტური, რომ ბევრმა მიიღო მონაწილეობა და ბევრი სხვადასხვა ენიდან იყო ლექსები ნათარგმნი: აღმოსავლური პოეზია, ამერიკული პოეზია, ლიტვური და ბელორუსულიც კი”.

ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე, მზეო გოგოჭური, იხსენებს ვახუშტის სიტყვებს: თარგმნის დროს ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება - მხოლოდ შენი თავის და მკითხველის მიმართ კი არა, იმ ავტორის მიმართაც, რომლის პოეზიის შენს მშობლიურ ენაზე ამეტყველება გადაგიწყვეტიაო:

”ყველაზე რთული მომენტი, რომელიც მახსენდება და რასაც მეც შევესწარი, ეს იყო ვახუშტის მიერ ჰოლანდიელი პოეტის, ხირად კომრეის, პოეზიის თარგმნა. ჰქონდა ბწკარედები, რომლის ლექსად დაწერა იყო ურთულესი და დიდი მღელვარებით ველოდი. და როდესაც დაასრულა და წამაკითხა, მახსოვს, რომ დიდხანს ვერაფერი ვთქვი. ვახუშტიმ მკითხა, ჩუმად რატომ ხარო და, პირველი, იცით რა იყო, რაც ვუთხარი პირველად? ვახუშტი, რა ნიჭიერი ხარ- მეთქი... და ბევრი იცინა ამაზე.”
მთარგმნელი არის კარგი მკითხველი და თუ კარგი მკითხველის მთავარი ეშხი ისაა, რომ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ცხოვრებით იცხოვროს, მაშინ მთარგმნელს ეს მით უმეტეს შეუძლია...

რამდენიმე ტექნიკური დეტალი მათთვის, ვისაც ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის მისაღებად ძალებს მოსინჯავს: წელს იქნება პირველი, მეორე და მესამე პრემია - 1500, 1000 და 500 ლარის ოდენობით. ამას ემატება ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სპარსული პოეზიის საუკეთესო ქართული თარგმანისათვის. ამ ნომინაციაში გამარჯვებულს 800 ლარით დააჯილდოებენ.საკონკურსო მასალა არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე აკრეფილ 10 გვერდს და კონკურსის მონაწილემ თარგმანი უნდა წარმოადგინოს როგორც ელექტრონული ვერსიის სახით, ისე ამონაბეჭდი, 3 ეგზემპლარად. თარგმანს თან უნდა ერთოდეს დედანი (ქსეროასლი). საუკეთესო თარგმანები კი კრებულად დაიბეჭდება.

შარშანდელ გამარჯვებულებს შორისაა მთარგმნელი ანი კოპალიანი. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ამერიკელი პოეტი ენ სექსტონი თარგმნა. ამბობს, რომ უკვე ”თავისი” ავტორები ოჯახის წევრებივით უყვარდება - იღებს მათ ისეთებად, როგორებიც არიან. უფრო მეტიც, ცხოვრობს მათი ცხოვრებით:

”თარგმანი ჩემი თვითრეალიზაციის გზაა. მთარგმნელი არის კარგი მკითხველი და თუ კარგი მკითხველის მთავარი ეშხი ისაა, რომ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ცხოვრებით იცხოვროს, მაშინ მთარგმნელს ეს მით უმეტეს შეუძლია - არა მხოლოდ იცხოვროს, არამედ ყველა ის გრძნობა განიცადოს, რასაც პოეტები განიცდიან. მაგალითად, ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რა გათარგმნინებს სექსტონსო, სად შენ და სად სექსტონიო. მაგრამ ჩემთვის საინტერესო სწორედ ისაა, რომ ამ ქალის საშუალებით განვიცადო ზუსტად ის, რასაც მე ჩემს ცხოვრებაში ვერასოდეს ვერ განვიცდი და არც მინდა რეალურად განვიცადო, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდებიან ან მათ ცხოვრებაში ხდება ისეთი საშინელი რამ, როგორიცაა ინცესტი, მაგრამ ეს ჩემთვის საინტერესოა, ცნობისმოყვარეობაა. ზუსტად ამიტომ არის თარგმანი ჩემთვის სხვისი ცხოვრებით ცხოვრება. ალბათ, ზუსტად ისევე, როგორც მსახიობებისათვის როლები”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG