Accessibility links

”რეზონანსი” წერს, რომ მიმდინარე ზამთარში გაზის გაჟონვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. თბილისის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროს თემურ გიორგაძეს განუცხადებია, რომ ”ყველა შემთხვევაში მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის თუ ჩვეულებრივი გამათბობელი” იყო.

”რეზონანსში” წაიკითხავთ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თბილისში მიწის გადასახადი იზრდება და რომლის შესახებაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ინფორმირებული არ იყო.

”რეზონანსი” წერს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - ”ესეც ჩვენი მოგებული ომი” - ბათუმში გამართული პრეზენტაციის შესახებ. თავად ავტორი ინტერვიუში ამბობს: ”იმიტომ გადავიღე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნახოს რამდენად სწორი ფორმით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ცხინვალის რეგიონში.”

11 თებერვლის პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის დეტალებზე დღევანდელ პრესაშიც მსჯელობენ. ”საქართველოს რესპუბლიკა” ნომრის დიდ ნაწილს სწორედ ამ თემას უთმობს. ვლადიმერ პაპავა გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”მართლაც გამოჩნდა კონტურები, რომ ეს დადგმული სცენარი იყო. რა თქმა უნდა, ყველა გამომსვლელს ჰქონდა იმპროვიზაციის საშუალება, რაც გამოჩნდა კიდეც, მაგრამ, მთლიანობაში, იყო კარგად დაწერილი სცენარით დადგმული შოუ, არცთუ კარგი რეჟისურით, რადგან აშკარად ჩანდა ხელოვნურობის ელემენტები.” ”საქართველოს რესპუბლიკაშივე” ერთ-ერთი ავტორი წერს: ”რატომ, როგორ აღმოაჩნდა გოკას ჯიბეში სწორედ იმ შინაარსის ფურცლები, რაც პასუხისთვის იყო საჭირო? რატომ და იმიტომ, რომ ”ბრალმდებელი” თარგამაძე რას იტყოდა, წინასწარ იცოდა ”მოპასუხე” გაბაშვილმა...”.

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქრისტიან-დემოკრატების წევრი ინგა გრიგოლია ვაუჩერების შესახებ ამბობს: ”ეს ვაუჩერები არის სწორედ იმისთვის, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს მიხეილ სააკაშვილმა. იგივე ამ ვაუჩერებისთვის გამოყოფილი თანხა, რაც უნდა დაჯდეს ეს სოციალური ვაუჩერები, რომ მიემართათ ამ ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად, ხალხისთვის, გაჭირვებული ადამიანების კრიზისის წინააღმდეგ, ანდა რამდენიმე დამატებითი ასეული სამუშაო ადგილი მაინც შეექმნათ, ეს უფრო სასარგებლო იქნებოდა.”

”ვერსია” აშშ-ში ვიზიტის დეტალებზე ეკითხება ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას: ”ახალი ისტორიული პერიოდი იწყება, რასაც ახალი ლიდერი და ძალა სჭირდება. რა თქმა უნდა, ასეთ ლიდერს ეძებს მსოფლიო. ამიტომ ამყარებს აშშ ურთიერთობას საქართველოში პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალებთან. გეთანხმებით, ადრე გადამწყვეტი იყო ბუში-სააკაშვილის ურთიერთობები. მას შემდეგ, რაც სტრატეგიული ურთიერთობის ქარტია გაფორმდა, ასე აღარ არის - პერსონალური ურთიერთობების დრო დამთავრდა.”

”უსაფრთხოების ახალი კონცეფცია - საერთო კონსენსუსის მცდელობა” – ”24 საათი” ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავების პროცესზე წერს. ავტორი წერს იმის შესახებაც თუ პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციიდან ვინ აპირებს მონაწილეობას დოკუმენტის შემუშავების პროცესში და ვინ არა.
XS
SM
MD
LG