Accessibility links

logo-print

კლინტონი მსოფლიოს მოუწოდებს პატივი სცენ ინტერნეტთავისუფლებას


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა მსოფლიოს, პატივი სცენ ინტერნეტის თავისუფლებას. თავის მხრივ, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ მიმართვაში, კლინტონმა დეტალურად ისაუბრა ვაშინგტონის ვალდებულებაზე, რაც ინტერნეტის თავისუფლების დაცვას შეეხება.

ინტერნეტის თავისუფლების დაცვა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ჰილარი კლინტონმა 2010 წლის იანვარში გამოაცხადა. ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ინტერნეტის თავისუფლების დაცვაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რაც დღის მთავარ ახალ ამბად იქცა სოციალური მედიის დახმარებით ტუნისსა და ეგვიპტეში ორგანიზებული საპროტესტო აქციების შემდეგ. 15 თებერვალს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ჰილარი კლინტონმა ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის ზინე ელ აბიდინე ბენ ალის მაგალითი მოიყვანა და ინტერნეტის ცენზურის უსარგებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„გვწამს, რომ, საბოლოო ჯამში, ყოველი მხრიდან გარშემორტყმულნი აღმოჩნდებიან ის მთავრობები, რომლებიც აბრკოლებენ ინტერნეტის თავისუფლებას, იქნება ეს ტექნიკური სახის ფილტრი, რეჟიმების მიერ დაწესებული ცენზურა თუ შეტევა მათზე, ვინც გამოხატვის უფლებას იყენებს. ისინი დადგებიან დიქტატორთა დილემის წინაშე, აირჩიონ კედლების დანგრევა ანდა გადაიხადონ საზღაური მათი შენარჩუნებისათვის.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვებით, როცა „კომპლექსურ და აალებად“ ონლაინ მსოფლიოსთან უწევთ შეხება, მთავრობებმა, თანამდევი რისკების აღნუსხვის გარდა, ინტერნეტით მძლავრი თავისუფლება უნდა უზრუნველყონ. კლინტონის თქმით, ინტერნეტს უპრეცედენტო პროგრესის ძალად აქცევს ღიაობა, იოლად ხელმისაწვდომობა, რაც ასევე საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს ტერორისტულ ჯგუფებს, ადამიანებით მოვაჭრეებს და ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს. კლინტონმა ამ კონტექსტში ასევე ახსენა „ვიკილიკსი“ და სკანდალური საიტის მიერ ასიათასობით საიდუმლო დიპლომატიური ტელეგრამის გამოქვეყნება, რამაც სახელმწიფო დეპარტამენტის აღშფოთება გამოიწვია. ჰილარი კლინტონის თქმით, ვაშინგტონის პროტესტი ეხებოდა ვებსაიტის ქმედებას, რაც არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში ინტერნეტთავისუფლების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებებთან. ჰილარი კლინტონმა ასევე უარყო პრესით გავრცელებული ინფორმაციები, თითქოს შეერთებული შტატების მთავრობა აიძულებს კერძო კომპანიებს უარი თქვან „ვიკილიკსის“ სერვერულ მომსახურებაზე:

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ინტერნეტის ღიაობას თან ახლავს გამოწვევები. ის მოითხოვს არსებით ნორმებს ზარალისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან ასაცილებლად. ინტერნეტთავისუფლება, როგორც ნებისმიერი სახის თავისუფლება, ზრდის დაძაბულობას, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ სარგებელი ბევრად აჭარბებს დანახარჯებს.“

მაგრამ მსოფლიომ, კლინტონის აზრით, ამ გამოწვევებს უნდა უპასუხოს კარგად მოფიქრებული სტრატეგიის შემუშავებით და არა ონლაინთავისუფლების შეზღუდვით. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა 30 მილიონ დოლარს გამოყოფს იმ ჯგუფებისა და აქტივისტების დასახმარებლად, რომლებსაც „ბეწვის ხიდზე სიარული უწევთ ინტერნეტის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების დასაძლევად.“

შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გააკრიტიკა სახელმწიფო დეპარტამენი იმის გამო, რომ სათანადოდ არ აღუდგა წინ ჩინეთში ინტერნეტის ცენზურას და მცირედით დააფინანსა ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომელიც ხელს შეუშლიდა ჩინური ცენზურის პრაქტიკის გავრცელებას ირანსა და ბელორუსიაში. ანგარიშის თანახმად, 2008 წელს კონგრესმა სახელმწიფო დეპარტამენტს ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობისათვის 50 მილიონი დოლარი გამოუყო, საიდანაც 30 მილიონი დოლარი არ იქნა ათვისებული. თუმცა ზემოხსენებულ მიმართვაში ჰილარი კლინტონი შეეცადა დაეცვა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ინტერნეტის თავისუფლების მხარდაჭერა ეფექტურია მაშინ, როდესაც მასთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაც ხდება.
XS
SM
MD
LG