Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ადამიანის უფლებების დაცვას უწუნებენ


ადამიანის უფლებების აქტივისტის დაკავება მოსკოვში
ადამიანის უფლებების აქტივისტის დაკავება მოსკოვში
17 თებერვალს საყურადღებო შეფასებები გამოითქვა რუსეთში ადამიანის უფლებების თემაზე: ევროპის პარლამენტმა სტრასბურგში, პლენარულ სხდომაზე მიიღო რეზოლუცია „რუსეთში სამართლებრივი სახელმწიფოს“ შესახებ, ხოლო გაეროს წარმომადგენელმა, ნავი პილეიმ მოსკოვში ვიზიტისას მიუთითა „რეგრესზე“, რომელიც, მისი შეფასებით, რუსეთში შეინიშნება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ამ დროისთვის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში ყველაზე მეტი საჩივარი რუსეთიდან არის შეტანილი - ეს ფაქტი, როგორც რუსეთში სამართლებრივი სისტემის ხარვეზების ცხადმყოფი არგუმენტი, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნატი პილეიმ მოიყვანა მოსკოვში ვიზიტისას. „უდავოდ არის გარკვეული პროგრესი, მაგრამ იმავდროულად სერიოზული უკუსვლაც, ადამიანის უფლებების დამცველთა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენელთა მკვლელობის, დაშინებისა და დევნის, სამართლებრივი სისტემის აშკარა შეცდომების ჩათვლით“, - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა, რომელიც 19 დეკემბრამდე რჩება რუსეთში.

პილეი შეხვდა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ლებედევს, სხვა მოლაპარაკებებიც გამართა, რის შემდეგაც განაცხადა - რუსი ოფიციალური პირები ჩემთან საუბარში აღიარებდნენ, რომ რუსეთში სერიოზული ხარვეზები არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივო. მაგრამ რეფორმები, პილეის შეფასებით „საკმარისად წინ არ წასულა, მათს წარმატებულად მისაჩნევად“.

რუსეთის მიმართ ბევრმა კრიტიკულმა შეფასებამ გაიჟღერა სტრასბურგშიც, ევროპის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც ხუთშაბათს მიიღეს რეზლოუცია რუსეთში სამართლებრივი სახელმწიფოს თემაზე. ამ თემაზე დებატები გახსნა ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის წარმომადგენელმა ენიკო დიორმა. ამასთან, დებატების დროს ის საუბრობდა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის სახელით, ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მივლინებასთან დაკავშირებით.

აი, რა თქვა ენიკო დიორმა კეტრინ ეშტონის სახელით: „გასულ წელს პრეზიდენტ მედვედევისაგან მიღებული ძალიან პოზიტიური სიგნალების მიუხედავად, ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება რუსეთში, და განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, უაღრესად შემაშფოთებელი რჩება. ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს აქტივისტების, ადვოკატებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, დევნა და დაშინება.ასეთი შემთხვევების რიცხვი მიუღებლად დიდია“.

ენიკო დიორმა ჟურნალიტებზე, ოლეგ კაშინსა და ანატოლი ადამჩუკზე და გარემოსდამცველ აქტივისტ კონსტანტინ ფეტისოვზე თავდასხმები მოიყვანა ბოლოდროინდელ მაგალითებად იმ სახიფათო ვითარების დასახასიათებლად, რომელში მუშაობაც რუს ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს ყოველდღიურად უწევთ.

რამდენიმე გახმაურებული სახელი გაიხსენა ნავი პილეიმაც, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რანგში რუსეთში თავისი პირველი ვიზიტის დროს. „გამოჩენილი ულფებადამცველები, ადვოკატები და ჟურნალისტები, როგორიც იყო ანა პოლიტკოვსკაია, ნატალია ესტემიროვა და სერგეი მაგნიცკი სასტიკად იქნენ მოკლული ან ციხეში გარდაიცვალნენ, ხოლო მათს სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება და სასამართლო პროცესები, იყო გაუმჭვირვალე, დამაჯერებლობას მოკლებული და წინააღმდეგობრივი“, - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა და რუსეთის შესაბამის სახელმწიფო ორგანოების მოუწოდა, დაადგინონ სიმართლე ყველა ამ შემთხვევის შესახებ.

რუსეთში ვიზიტისას, პილეი არ შეხვედრია პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს, რაც ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტის ვარაუდით, შესაძლოა, შემთხვევითი არ იყოს: მოსკოვში არ მოელოდნენ ასეთ ღია კრიტიკას გაეროს წარმომადგენლისაგან. პილეიმ თვითონაც აღნიშნა, რომ არ იცის, რატომ ვერ მოხერხდა პუტინთან შეხვედრის ორგანიზება. პილეის კიდევ ერთი განცხადებით, მისი მიერ გამოთქმული კრიტიკული შეფასება, უბრალოდ, დაემთხვა ევროპარლამენტის ასევე მეტად კრიტიკულ რეზოლუციას რუსეთის მისამართით.

ბოლოს კიდევ მოკლე ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ: მასში ნათქვამია, რომ რუსეთთან ევროკავშირის თანამშრომლობა მოიცავს არა მარტო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებს, არამედ დემოკრატიული პრინციპების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოსადმი პატივისცემა, რეზოლუციის მხარდამჭერთა რწმენით, გაზრდის მსოფლიოში რუსეთის ავტორიტეტს.
XS
SM
MD
LG