Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა პოლიციაზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესება


ირაკლი ალასანია და ლევან იზორია
ირაკლი ალასანია და ლევან იზორია
თავისუფალი დემოკრატები გამოდიან შინაგან საქმეთა სამინისტროზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესების კონკრეტული ინიციატივით, რაც შსს-ს ფარგლებში პოლიციის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას გულისხმობს. ამ საკითხზე ღია მსჯელობისათვის პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 3 მარტს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას მოუწოდა, საბჭოში შემავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შერჩევა კი სახალხო დამცველს სთხოვა.

პოლიციის მაკონტროლებელი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა იმ პროექტის ნაწილია, რომელიც შსს-ს დეპოლიტიზაციას ისახავს მიზნად და რომლის ავტორიც ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წევრი, ლევან იზორია, გახლავთ. პოლიტიკური წნეხისგან პოლიციის გათავისუფლების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 3 მარტს გამართულ ბრიფინგზე:

”ჩვენთვის მთავარია, რომ ახალ საარჩევნო გარემოში, რომლის მთავარ ელემენტს წარმოადგენს პოლიციის და უშიშროების სამსახურების დისტანცირება საარჩევნო პროცესისგან, პოლიცია იყოს დეპოლიტიზებული. პოლიტიკური დიქტატისგან გათავისუფლება თავად სამინისტროსა და პოლიციისთვისაა საჭირო.”

ალასანიამ საზოგადოებრივი საბჭოს დაკომპლექტება სახალხო დამცველს შესთავაზა:

”ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი წარადგენს ამ საბჭოში იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ ავტორიტეტი და წლებია ამ საკითხებზე მუშაობენ.”

შსს-ს ფარგლებში პოლიციის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ორი მიზანი აქვს, განმარტავს ლევან იზორია:

”პირველი ესაა პოლიციის საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება და იმ სამართალდარღვევების გამოვლენა, რომელსაც ზოგჯერ თავად პოლიციელები სჩადიან და, რასაკვირველია, ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირების მექანიზმების შემუშავება. მეორე მიზანი ესაა საზოგადოების თანამონაწილეობა პოლიციის სტრატეგიული საქმიანობის განსაზღვრის საქმეში.”

ისიც ფაქტია, რომ შსს-ს დაინტერესების და, ცხადია, თანხმობის გარეშე საზოგადოებრივის საბჭო ვერ შეიქმნება. თავისუფალი დემოკრატები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ფორმალურად უწყების გარეთ რაღაც ინსტიტუტის დაარსება ეფექტური ვერ იქნება.
ლევან იზორია იმედოვნებს, რომ მათ შეთავაზებას შსს დადებითად უპასუხებს. ჯერჯერობით კი ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი უწყებიდან პასუხი არ ჩანს.

სხვადასხვა გზებით შსს-ს ცალკეული სტრუქტურების მონიტორინგის განხორციელებას არაერთი უფლებადამცველი არასამთავრობი ორგანიზაცია ცდილობს. თუმცა, როგორც ერთ-ერთი მათგანის - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ - აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი, ამბობს, რეალურად ამის გაკეთება მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ის არ უარყოფს, რომ, ზოგადად, საზოგადოების სახით მაკონტროლებელი უნდა ჰყავდეს, მაგრამ დღევანდელ პირობებში კონტროლის განხორციელებას ეჭვით უყურებს:

”არ ვიცი რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ სამინისტროსთან არსებული მსგავსი საბჭო იყოს დამოუკიდებელი და ობიექტური და, მით უმეტეს, რაიმე კონკრეტული რეაგირება მოახდინოს სერიოზულ სამართალდარღვევაზე, თუ, რა თქმა უნდა, სამინისტრო დარჩება ისეთ მონოლითურ ორგანიზაციად, როგორიც დღესაა, რომლის წილად მოდის უფლებადარღვევათა არაერთი ფაქტი, რომელთა გაკონტროლება დღეს არავის ხელეწიფება.”

მსგავსი საბჭოს ეფექტური მუშაობის იმედი არც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელს, ადვოკატ მანანა კობახიძეს აქვს:

”ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი ფასადური საბჭო იქნება, რომლის მსგავსიც არაერთი შექმნილა და შედეგი არც ერთის მუშაობას არ მოუტანია. ჩვენ არავინ ჩაგვახედებს პოლიციის საქმინობაში. იმ დარღვევებზე, რასაც ყოველდღიურად ვხვდებით, ვლაპარაკობთ კიდეც, ვაპროტესტებთ, სასამართლო პროცესებიც გვაქვს, მაგრამ შედეგი არ არის, არავინ ამაზე არ რეაგირებს.”

სახალხო დამცველის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. მასთან შეხვედრას თავისუფალი დემოკრატების გუნდი უახლოეს მომავალში გეგმავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG