Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანი ჟირარდომ დაგვტოვა


ანი ჟირარდო, 1989 წელი
ანი ჟირარდო, 1989 წელი

28 თებერვალს პარიზში, 79 წლის ასაკში, გარდაიცვალა ანი ჟირარდო, მსახიობი, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის ერთნაირად საყვარელია.

28 თებერვალს პარიზში, 79 წლის ასაკში, გარდაიცვალა ანი ჟირარდო, მსახიობი, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის ერთნაირად საყვარელია, მის მიერ განსახიერებული როლები კი თითქმის ყველასთვის ერთნაირად ახლობელი.

წელს საფრანგეთის კინოაკადემიამ ანი ჟირარდოს დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მზადება დაიწყო. არადა, 2010 წლის დასაწყისში ანი ჟირარდოს ქალიშვილმა პრესას განუცხადა, რომ დედამისს, რომელსაც ექიმებმა ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, აღარ ახსოვს, რომ მსახიობია. 2006 წელს ჟირარდომ თავად აცნობა ტელემაყურებელს, რომ ავადაა და ვეღარ შეძლებს კინოსა და თეატრში მოღვაწეობას. მოგვიანებით მისი ეს გამოსვლა შევიდა დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ეძღვნება ანი ჟირარდოს შემოქმედებას და მის ცხოვრებას სპეციალურ პანსიონში, სადაც მან უკანასკნელი წლები გაატარა. ასე თქვა:

არ ვიცი, მართლა დავაკლდი თუ არა ფრანგულ კინოს, მაგრამ მე ნამდვილად დამაკლდა ფრანგული კინო ...
”ჯერ ფილმების სათაურებით დამეწყო... მავიწყდებოდა სახელები... მერე ახლობლების სახელები. ძალიან განვიცადე. ერთ დღეს მივედი ჩემს ექიმთან, მკითხა რაღაცები და ბოლოს გამომიცხადა: ”მადამ, თქვენ ავად ხართ.”

ანი ჟირარდო გმირულად შეხვდა ამ ცნობას. რომელიღაც სატელევიზიო ფილმშიც კი ითამაშა ალცჰაიმერით დაავადებული ქალის როლი. ზოგიერთ მის თაყვანისმცემელს იმედიც კი ჰქონდა, რომ ეს მართლაც რომ გმირული ნებისყოფის ქალი ამჯერადაც გადალახავდა წინააღმდეგობებს და გაიმარჯვებდა, როგორც გაიმარჯვა მან 80-იან წლებში, როცა ჯერ თავის პირველ მეუღლესთან, რენატო სალვატორისთან (სალვატორი ”როკო და მის ძმებში” სიმონეს როლით უწევს პარტნიორობას ჟირარდოს), შემდეგ კი მეორე მეუღლესთან, ბობ დეკუსთან დაშორების შემდეგ სმას მიეძალა. იმკურნალა და მერე იძულებული გახდა ჭირვეული ჟურნალისტებისთვის ეპასუხა სატელევიზიო პირდაპირ ეთერში უხერხულ კითხვაზე, როგორ დაანება სმას თავი:

”ცოტა კარგად ვერ გავიგე რა მკითხეთ, მაგრამ თუკი ასე გინდათ, დაგეხმარებით... ალკოჰოლს იმიტომ მივეძალე, რომ მადა მქონდა ცუდი - ვსადილობდი, არ ვვახშმობდი... მაგრამ ერთხელ შევამჩნიე, რომ ღვინო მადას მიხსნიდა... დეპრესიისას მშველოდა.. სასმელის ”გადაგდება” რომ ვცადე, პირველ რიგში, გავიაზრე, რატომ დავიწყე სმა და გამოვიდა! გარწმუნებთ, დანებება არაა ძნელი... რამდენმა ადამიანმა დაანება თავი მოწევას, გაიხსენეთ.“

ძლიერი ხასიათი, თითქმის ფემინისტი... ასეთ ხასიათს ქმნიდა ანი ჟირარდო კინოშიც მას მერე,რაც სახელი გაითქვა ლუკინო ვისკონტის ფილმით ”როკო და მისი ძმები”... მაგრამ 80-იან წლებში, სწორედ ავადმყოფობით გამოწვეული ხანმოკლე პაუზის გამო, მას ყურადღება მოაკლეს. როცა 1992 წელს ბერლინის კინოფესტივალის დირექციამ იგი ”ბერლინალეს” ჟიურის თავმჯდომარედ დაამტკიცა, ფესტივალის დირექტორი მორიტც დე ჰადელნი გააკრიტიკეს კიდეც - რაღა დროს ანი ჟირარდოაო. მიუხედავად ამისა, ჯერ 1996 წელს, შემდეგ კი 2002-ში საფრანგეთის კინოაკადემიამ იგი ”სეზარით” დააჯილდოვა. 2002-ში, როცა იგი ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებლად გამოაცხადეს მიჰაელ ჰანეკეს ფილმში ”პიანისტი ქალი”, ანი ჟირარდომ ცრემლი ვერ შეიკავა, როცა ეს ”სეზარი” გადასცეს. სცენაზე ავიდა და თქვა:

”არ ვიცი, მართლა დავაკლდი თუ არა ფრანგულ კინოს, მაგრამ მე ნამდვილად დამაკლდა ფრანგული კინო... გაგიჟებით... ტკივილით... თქვენმა სიყვარულმა იმაზე დამაფიქრა, რომ მე ჯერ მთლად ბოლომდე არ მოვმკვდარვარ.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG