Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით ჰგავს საქართველოს პარლამენტის დარბაზი საკლასო ოთახს?


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ ბოლო პლენარულ სხდომაზე, როდესაც უმრავლესობა და უმცირესობა იმაზე კამათობდნენ, თუ რატომაა ხელისუფლება ბრმა, ოპოზიცია კი - ყრუ, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს ზურაბ მელიქიშვილს ახალი ინიციატივა გაუჩნდა: “კარგი იქნება, რომ პარლამენტის რეგლამენტში შევიდეს ცვლილება, რომ ამ დარბაზში საერთოდ იკრძალებოდეს ტყუილის თქმა.”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ამ ხუმრობანარევი განცხადებიდანაც ჩანს, რომ რეგლამენტი სერიოზული დოკუმენტია, რადგან გარკვეულ აკრძალვებს შეიცავს და ბუნებრივია, ვალდებულებებსაც. მაგალითად, დეპუტატი ვალდებულია მონაწილეობდეს პარლამენტის სესიისა და პლენარული სხდომის მუშაობაში და სესიაზე გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე. არის, თუ არა სატელეფონო ტექსტური შეტყობინება სპეციალური მოწვევა, რეგლამენტი ამის შესახებ არაფერს ამბობს. თუმცა, მსგავს შეტყობინებას დეპუტატების გამოსაძახებლად არცთუ იშვიათად იყენებენ.

მიხეილ მაჭავარიანი: ”კენჭისყრა გაიმართება ხუთ საათზე. გაფრთხილებთ, რომ ყველანი მობრძანდეთ ხუთ საათზე. არანაირი sms ფრაქციიდან არ მოგივათ იმიტომ, რომ დღევანდელი დილის რეგისტრაციამაც დაადასტურა, რომ გინდა მოგივიდეთ sms, გინდა არა! ვინც მობრძანდებით, ბრძანდებით, ვინც არა და იმას ეხლა ცალკე მივხედავთ.”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ”მიხედვაშიც” რეგლამენტის კონკრეტულ მუხლს გულისხმობდა. რეგლამენტი, რომელიც ”კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტია,” სხდომების გამცდენი დეპუტატებისთვის ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.

მიხეილ მაჭავარიანი: ”მანდატურს ვთხოვ, წარმოადგინოს სია ამ თვეში ვინ როგორ იარა. სია, სია მომიტანეთ! დაახლოებით 20 ადამიანია, ვინც არასაპატიო მიზეზით გააცდინა ამ თვეში და დავუქვითო ხელფასი, თუ შევინდო?!”

რეგლამენტით დადგენილი კიდევ ერთი პროცედურა საჭიროების შემთხვევაში დეპუტატთა სიის ამოკითხვაა.

მიხეილ მაჭავარიანი: ”სიას აუცილებლად ამოვიკითხავ, ვინ არ არის. იმიტომ, რომ ეს უკვე გადადის ყველა ზღვარს. მართლა გადადის. რა საქმე აქვთ ამაზე მეტი გინდა ხელისუფლებას და გინდა ოპოზიციას?!”

პარლამენტში ხელისუფლების და ოპოზიციის საქმიანობას და ვალდებულებებს განსაზღვრავენ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ და პარლამენტის რეგლამენტი. რეგლამენტის ერთ-ერთი მუხლით, პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ვალდებულნი არიან დაიცვან საპარლამენტო ეთიკის ნორმები. მათი სტატუსის განმსაზღვრელი კანონით კი, პარლამენტის წევრი ვალდებულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები დაიცვას. რაც შეეხება, სტანდარტს - საქართველოს პარლამენტისთვის საკმაოდ სტანდარტულია სიტუაცია, რომლის წარმოდგენაც იოლად შეიძლება ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის და რეგლამენტის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნის ხათუნა გოგორიშვილის დიალოგიდან.

ხათუნა გოგორიშვილი: ”ბატონო მიხეილ, ხმაურია და მერე იქნება გაუგებრობები პროცედურასთან დაკავშირებით.”

მიხეილ მაჭავარიანი: ”ეს კიდევ სიჩუმეა, ქალბატონო ხათუნა! აბა, მე მკითხეთ, რა ხდება ხოლმე?!”

ხათუნა გოგორიშვილი: ”არა, მე უბრალოდ, ვუყურებ ვინ საუბრობს და მათ შეკითხვებს არ ვუპასუხებ.”

მიხეილ მაჭავარიანი: ”ძალიან მძიმეა, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს და ხმაურია და იქნებ, შეხვიდეთ ერთმანეთის მდგომარეობაში. თითოეულმა თქვენთაგანმა წარმოიდგინეთ თავი ტრიბუნაზე. შეიძლება, ზოგიერთებისთვის მძიმე იყოს, მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ!”

სხვათა შორის, სხდომათა დარბაზში დეპუტატთა სიმრავლესაც და სიწყნარესაც ხელს მაქსიმალურად უწყობს საპარლამენტო ტრიბუნასთან პრეზიდენტის გამოჩენა და მისი ყოველწლიური მოხსენების მოსმენა, რაც რეგლამენტით პარლამენტის პრეროგატივაა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და კანონით პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, დეპუტატთა მრავალრიცხოვან ვალდებულებათა შორისაა მოქალაქეებთან შეხვედრა, მათ საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირება და საკუთარი და პარლამენტის საქმიანობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება 6 თვეში ერთხელ მაინც. ქუთაისში, სადაც პარლამენტის ახალ რეზიდენციას აშენებენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები მოქალაქეებთან შეხვედრებისას ყოველთვის ცდილობენ, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობა მაჟორიტარმა დეპუტატებმაც მიიღონ. ასოციაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნინო თვალთვაძემ, პირადი დაკვირვება რადიო თავისუფლებას გაუზიარა:

”არის მუნიციპალიტეტები, სადაც უფრო აქტიური მაჟორიტარი დეპუტატები ჰყავთ ხოლმე და შესაბამისად, საქმიანობაც გარკვეულ შედეგს იღებს. მას შეუძლია ამა, თუ იმ საკითხის გადასაჭრელად გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები საერთოდ დაკეტილი გვხვდება და ვერ ვუკავშირდებით.”

რეალურად არცთუ ბევრია რაოდენობაც იმ დეპუტატებისა, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივებს პირადად ამზადებენ, კანონპროექტებს წერენ და განხილვაშიც აქტიურად მონაწილეობენ. საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელების გარდა, საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს და მთავრობის საქმიანობას აკონტროლებს. მსგავსი უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შემსრულებელ სახელმწიფო ინსტიტუტს წევრთა უდიდესი ნაწილი მაინც შესაბამისი კომპეტენციის და განათლების უნდა ჰყავდეს - ამბობს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკო მელიქაძე. მისთვის გაუგებარია, როდესაც დეპუტატობის ამბიცია უჩნდებათ ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ბუნებრივია, საკუთარი ფუნქცია და კომპეტენცია აქვთ, მაგრამ არა პარლამენტის წევრობის.

”კი ბატონო, ბრწყინვალე არქეოლოგი, არაჩვეულებრივი გამომცემელი, გადასარევი ელექტროინჟინერი, ძალიან კარგი! მერე? უნდა დაინახოს, სად არის მისი ადგილი. მე რომ იმ არქეოლოგს ვთხოვო, გლანდების ოპერაცია გამიკეთე, დამთანხმდება?! თუ, გლანდების ოპერაცია რთულია და სახელმწიფოს მოწყობა მარტივი?!” - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკო მელიქაძემ. ის მიიჩნევს, რომ ადამიანმა, რომელიც პარლამენტის წევრობას გადაწყვეტს, ზუსტად უნდა იცოდეს, რა ფუნქცია აქვს და რას საქმიანობს ინსტიტუტი, სადაც მიდის. რა შინაარსის საქმე უნდა აკეთოს პირადად მან და რამდენად შეესაბამება მისი უნარი და კომპეტენცია იმას, რაც არჩევის შემთხვევაში დაევალება.

ნიკო მელიქაძის თქმით, ”როდესაც პარლამენტარების რაოდენობას ვამცირებდით, მაშინ არ გამახვილდა ყურადღება, რომ რადგან ვამცირებთ, მოდი, ვიზრუნოთ მათ პროფესიონალიზაციაზე. ეს რომ დამატებულიყო იმ დროს, შესაბამისი პარტია ვერ გაბედავდა ასეთი კანდიდატების წამოყენებას და ვერც თავად გაბედავდნენ. როგორც ჩანს, ეს ეტაპიც გასავლელი გვაქვს.”
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG