Accessibility links

logo-print
ლიბიიდან გაქცეული გემი ,,ვასილიოს N”-ი კვლავაც მალტაში, საპორტო ქალაქ ვალეტას რეიდზე დგას. ეკიპაჟის წევრები თავს კარგად გრძნობენ.

„ვასილიოს N“-ი 11 თვის წინ გავიდა თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან და გეზი ლიბიისკენ აიღო. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. დავა ტვირთმფლობელსა და გემის მფლობელს შორის დღემდე გრძელდებოდა.

თავად ეკიპაჟი ამაოდ ელოდა დახმარებას ლიბიის ქალაქ მისურატაში. იანვარში ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა გემის დაწვა სცადა. მან სავარაუდოდ, ნერვულ სტრესს ვერ გაუძლო და უკონტროლო გახდა. მან ცეცხლი გააჩინა ღამით, როცა ყველას ეძინა. ეკიპაჟის წევრებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს. თუმცა გემზე განადგურდა სანავიგაციო, საკომუნიკაციო მოწყობილობა თუ ინვენტარი. გემის კაპიტანმა ანტონ ყურაშვილმა გემის მართვა საჭირო ტექნიკის გარეშე, ბუნებრივ პირობებში, მნათობებზე ორიენტაციით შეძლო.

გიორგი ყურაშვილი
ტყვეობას გამოქცეულმა მეზღვაურებმა პირველი კომენტარი გააკეთეს. ,,პორტში არ შეგვიშვეს. მალტაში ინფორმაცია მიუღიათ, რომ ლიბიიდან 150 ადამიანი გადმოვიყვანეთ. სამართლადამცავებმა გემი დაათვალიერეს, ისინი ვიდეოკამერითაც იღებდნენ ამ პროცესს. დარწმუნდნენ რა ბრალდების სიცრუეში - წავიდნენ. არანაირი გაუგებრობა არ ყოფილა“, - ამბობს მეზღვაური გიორგი ყურაშვილი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მეზღვაურებს გემმფლობელთან პრობლემის მარტივად მოგვარების არ სჯერათ.

,,ორი დღის წინ მივწერეთ, თუ რას აპირებდა ჩვენი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და უპასუხოდ დაგვტოვეს, გაქრნენ! ჩვენ საერთაშორისო ტრანსპოტის მუშაკთა ფედერაციისა და საქართველოს ხელისუფლების დახმარების იმედი გვაქვს მხოლოდ“, - ამბობს ქართველი მეზღვაური

გიორგი ყურაშვილი ლიბიიდან გამოქცევას ასე გვიამბობს: ,,8 მარტს მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა მისურატა. იმ დღეს გემზე, მორიგე მე ვიყავი. ვნახე, რომ პორტიდან ერთ-ერთი გემი გაუფრთხილებლად გავიდა. მას არავინ გაჰკიდებია. მივხვდი, რომ მისი გაპარვა ვერავინ შენიშნა. ეს ყველაფერი კაპიტანს ვუამბე, მან ეკიპაჟი შეკრიბა. ერთხმად მივიღეთ გაქცევის გადაწყვეტილება. ვაცნობიერებდით, რომ რისკი დიდი იყო. ყოველ წუთს შეიძლებოდა ესროლათ ჩვენთვის. გემი დავქოქეთ და გავედით პორტიდან. არავის ვუნახივართ, ჩვენი თავი არავის ჰქონდა. დღესაც არ ვართ ემოციებიდან გამოსულები“, - ჰყვება გიორგი ყურაშვილი.

საუბარში ეკიპაჟის წევრები ერთვებიან. გიორგი მათ თხოვნას გადმოგვცემს: ,,ეკიპაჟის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ვახტანგ ანდღულაძეს - საქართველოს კონსულს იტალიაში, და მამუკა ახალაძეს - გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ჩვენს დასახმარებლად“.

უცნობია, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ,,ვასილიოს N”-ი მალტის რეიდზე, ეკიპაჟი საქართველოს ხელისუფლების დახმარების მოლოდინშია. მეზღვაურები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ იციან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG