Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ხარვეზები


„ჟურნალისტთა კვლევის ცენტრის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის პრეზენტაცია
„ჟურნალისტთა კვლევის ცენტრის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის პრეზენტაცია
საქართველოში ჯანდაცვის სისტემის დეცენტრალიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2006 წელს გადაიდგა, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი კერძო სექტორში გადავიდა, სადაზღვევო კომპანიებმა კი, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან მასშტაბური დაფინანსება მიიღეს. ამჟამად პროგრამა ბიუჯეტიდან 136 მილიონი ლარით ფინანსდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა ბოლომდე გამართულად მაინც ვერ მუშაობს. რა პრობლემებს აწყდებიან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები?

დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში თითქმის ერთი მილიონი ადამიანია ჩართული. „ჟურნალისტთა კვლევის ცენტრის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგიდან ირკვევა, რომ დაზღვეული მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ იღებს ჯეროვან სამედიცინო მომსახურებას, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ინფორმირების დაბალი დონეა. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ ყველაზე ხშირად მკითხველები რედაქციას სწორედაც რომ დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემებით მიმართავენ:

„აინტერესებთ ბევრი საკითხი, მაგალითად, შედის თუ არა ქრონიკული დაავადებების მკურნალობა მათ სადაზღვევო პოლისებში, ვის უნდა მიმართონ დავის წარმოქმნის შემთხვევაში და ა.შ.“
საქმე ისაა, რომ „ჟურნალისტთა კვლევის ცენტრი“, გაზეთი „რეზონანსი“ და „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ პროგრამას, რომლის მიზანი დაზღვეულთა ინფორმირების დონის გაზრდაა, თუმცა, როგორც თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი ინგა გრიგოლია ამბობს, არანაკლები მნიშვნელობის პრობლემაა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან არასრულყოფილი მომსახურება და ორაზროვანი ხელშეკრულებების შედგენა:

„სამი დღის წინ ვიყავი მეჯვრისხევში, სადაც სოციალურად დაუცველი მოხუცი ქალი მიყვებოდა იმაზე, თუ როგორ ალოდინეს სამი დღის განმავლობაში ექიმთან რიგში და ბოლოს ხელი ჩაიქნია, თუ მოვკვდები, მოვკვდებიო და შინ წავიდა. ესაა მთავარი პრობლემა. ასევე პრობლემაა ის, თუ რას ვაზღვევთ, რა მომსახურებას ვიღებთ. მაგალითად, ერთი კომპანია ანევრიზმის მკურნალობას აფინანსებს იმ შემთხვევაში, თუკი გასკდება. არადა, ყველამ იცის, რომ ასეთ შემთხვევაში გადარჩენის ალბათობა 2 პროცენტიც კი არაა.“

გამოთქმულ კრიტიკას მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებენ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები. „იმედი ელ“-ის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, მთავარი პრობლემა დაზღვევის კულტურის უქონლობა და საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულებაა.

„ჩვენ არ ვყიდით სიგარეტს, არ ვყიდით საწერ კალამს და არც ყურძენს. ჩვენ გარანტიას ვყიდით. გარანტია კი ფიზიკურად არარეალიზებული რამაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა წერია ხელშეკრულების პირობებში. სამწუხაროდ, ამას მოსახლეობის ნაწილი დაზღვევისას ყურადღებას არ აქცევს. ამიტომ არ შემიძლია რომელიმე სადაზღვევო კომპანია პირობების შეუსრულებლობაში დავადანაშაულო. ისინი ხელშეკრულებაში ჩაწერილ პირობებს ასრულებენ. და როდესაც ადამიანი მხოლოდ დაზღვევის ფასის მიხედვით ირჩევს სადაზღვევო კომპანიას, ბუნებრივია, რომ რაც უფრო იაფია, მით უარესია პირობები. სხვაგვარი სიტუაცია ვერ იქნება“, უთხრა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, თუ კონტროლის პალატის მიერ ახლახან გამოქვეყნებული დასკვნის გათვალისწინებით, პრობლემა მხოლოდ მომხმარებლის უცოდინრობაა, ერთი თვის წინ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული მოსახლეობის მხოლოდ 20-მა პროცენტმა მიიღო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

კონტროლის პალატის წინასწარ დასკვნას გამოქვეყნებისთანავე არ დაეთანხმნენ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები. დასკვნის მართებულობაში ეჭვი შეიტანა საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამაც, რომლის გამგეობის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი, დარწმუნებულია, რომ საბოლოო დასკვნა შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მეტად კვლაფიციური იქნება. ამასთან, დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ფისკალურ ეფექტიანობაზე მეტად მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ემსახურა თუ არა სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი იმ მიზანს, რომელსაც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჰქვია.

„არსებობს მთელი რიგი კვალიფიციური მონაცემები, მაგალითად, სტატისტიკის დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ნაშრომი, რომელიც წლის ბოლოს გამოვიდა (სამედიცინო მომსახურების მოხმარების ანალიზი საქართველოში, 2010 წ.) და რომლიდანაც ჩანს პრობლემებიც და მიღწევებიც. მიღწევები ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია სწორედ ამ სადაზღვევო პროგრამებთან. ჯანმრთელობის დაზღვევის (განსაკუთრებით სახელმწიფო პროგრამების) მიზანი არ არის თავისთავად დაზღვევა, არამედ მიზანია სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომიბის გაზრდა“, უთხრა დევი ხეჩინაშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG