Accessibility links

logo-print

ლიბიაში საერთაშორისო ოპერაცია გრძელდება


საერთაშორისო კოალიციის ძალები უკვე ოთხი დღეა ლიბიაში საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ. მათ სამიზნეს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ქვეითი ჯარი წარმოადგენს - ისევე, როგორც საზღვაო ბაზები და აეროპორტები. პარალელურად, ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსის 28 წევრმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უზრუნველყოფენ ლიბიის მიმართ გაეროს მხრიდან შემოღებული იარაღის ემბარგოს განხორციელებას. რასმუსენმა დასძინა, რომ ნატომ ასევე დაასრულა მუშაობა ლიბიის თავზე გაეროს მიერ დაწესებული ფრენის აკრძალვის განხორციელების გეგმაზე - თუ ასეთი გეგმა „საჭირო გახდება“. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა თვლის, რომ ფრენის აკრძალვის განხორციელებაში მთავარი როლი ნატომ უნდა შეასრულოს. ასეთ ფონზე საკუთრივ ლიბიიდან მოდის ცნობები შეტაკებებზე კადაფის მომხრეებსა და ოპოზიციის ძალებს შორის, ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ დასავლეთის ქალაქებში - მისურატასა და ზინტანში. არის ინფორმაცია შეტაკებებზე ტრიპოლოდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ იაფრანშიც.
XS
SM
MD
LG